
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო აშშ-ის კვლავ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონში „ფიქრის პერიოდი“ დასრულდება და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში უფრო მკაფიო პოზიციას დაიკავებს.
„ჩვენმა საზოგადოებამ, და არამხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ, ნახა ღია წერილი, რომელშიც ძალიან კარგად არის მოცემული, რა გვსურს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რას მოველით მისი ახალი ადმინისტრაციისგან. ეს არის ის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები. ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება. ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის ელჩსა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ბოლო კომუნიკაციაზეც ისაუბრა.
„მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მათ შორის, ბოლო კომუნიკაციას ესწრებოდა ასევე ვაშინგტონიდან წარმომადგენელი, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მასაც ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა ის შეხვედრა და ყოფილიყო მონაწილე ამ შეხვედრის. რა თქმა უნდა, საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს, რაც არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა. ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი, რამდენად უწყობს ხელს ეს საელჩო და ელჩი ორ ქვეყანას შორს ურთიერთობების გაძლიერებას. ჩვენ მოველით, რომ ფიქრის პერიოდი დასრულდება სახელმწიფო დეპარტამენტსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ სიცხადეს. სამწუხაროდ, ამ დრომდე, ისიც უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის მიერ მიღებული „მეგობარი აქტი“ ერთგვარად ასე იყო მოწოდებული, რომ ეს თითქოს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია, ეს არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია – და ეს შეიძლება ასეც მივიღოთ, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა და მოელის სენატში განხილვებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში წარდგენილი ე.წ. მეგობარი აქტი არ ასახავს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას.