მაკა ბოჭორიშვილი-ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი
By

მაკა ბოჭორიშვილი-ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი

“ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში,  სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

მისი თქმით, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი – მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებაში, ის კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფას. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რომ სამართალი აღსრულდეს. საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხრივ ურყევ საერთაშორისო ძალისხმევას. რასაკვირველია, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ რეაგირებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. და ბოლოს, საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის სამართლებრივ უფლებებს. მსურს, მადლობა გადავუხადო ნიდერლანდებს, ამ კონფერენციის მასპინძლობისთვის და გენერალურ მდივანს მისი ძალისხმევისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *