მამია ფაღავა: ჩემი და ჩემი თაობის მიზანია, პირველად შევქმნათ ისტორიული სამხრეთ საქართველოსა და ლაზეთის მეცნიერული პორტრეტი
By

მამია ფაღავა: ჩემი და ჩემი თაობის მიზანია, პირველად შევქმნათ ისტორიული სამხრეთ საქართველოსა და ლაზეთის მეცნიერული პორტრეტი

ქართული ენის მკვლევართა რიგებში მრავალი წარმატებული მეცნიერია. მათ შორისაა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამია ფაღავა, რომელსაც დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. სახელოვან მეცნიერთან ინტერვიუ იუბილეს დღეებში ჩავიწერეთ

– მადლობა, რომ მაძლევთ საშუალებას, ვესაუბრო გაზეთ ,,აჭარის“ მკითხველს კონკრეტულ საკითხებზე. საუნივერსიტეტო ცხოვრება ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ნაწილისაგან შედგება: აკადემიური საქმიანობა (სწავლება) და კვლევა. სწავლება მაშინაა წარმატებული, თუ კვლევაზეა დაფუძნებული. უნივერსიტეტში ვასწავლი ,,ახალ ქართულ ენასა“ და ,,ქართულ პალეოგრაფიას“ (ბაკალავრიატში), ,,ქართული ენის ისტორიის პრობლემებსა“ და ,,ქართველურ ენათა შესწავლის ისტორიას“ (მაგისტრატურაში); მიმყავს სემინარი ,,ახალ ქართულ ენაში“ დოქტორანტებთან. ვარ ,,ლინგვისტიკის“ სამაგისტრო პროგრამისა და ,,ფილოლოგიის“ სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი). ვხელმძღვანელობ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო საბჭოს. როგორც ხედავთ, საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი საუნივერსიტეტო განათლების სამივე საფეხურზე. რაც შეეხება სამეცნიერო საქმიანობას: ჩემს სამეცნიერო ინტერესებში შედის ქართული სალიტერატურო ენის, ქართული დიალექტოლოგიის, ქართული ლექსიკოლოგიის, ისტორიული გეოგრაფიის… პრობლემები. სამ ათეულ წელზე მეტია, კოლეგებთან ერთად ვიკვლევ ჭოროხის აუზს (ჭოროხის ქვეყნებს), ისტორიულ ლაზეთსა და ქართველ მუჰაჯირთა ყოფისა და კულტურის საკითხებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან მოქმედებს ქართველოლოგიის ცენტრი, რომელთანაც ჩამოყალიბებულია მუდმივმოქმედი კომპლექსური ექსპედიცია (ქართველოლოგიის ცენტრსა და ექსპედიციას მე ვხელმძღვანელობ). 1995 წლიდან დღემდე კოლეგებთან ერთად განვახორციელეთ 40-ზე მეტი საველე ექსპედიცია, შევკრიბეთ და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიტანეთ მრავალფეროვანი ფოლკლორული, დიალექტოლოგიური, ეთნოლოგიური, ონომასტიკური, არქეოლოგიური მასალები. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ექსპედიციების საქმიანობაში ჩართულნი იყვნენ და არიან ძველი და ახალი თაობის მკვლევრები, კერძოდ: ქალბატონები მერი ცინცაძე, მაია ბარამიძე (ენათმეცნიერება), თინა შიოშვილი, ბატონები რამაზ ხალვაში, გიორგი მახარაშვილი (ფოლკლორი), ნუგზარ მგელაძე, თამაზ ფუტკარაძე, თემურ ტუნაძე, რუსლან ბარამიძე (ეთნოლოგია), მალხაზ ჩოხარაძე, ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალიძე (ისტორია), შოთა მამულაძე, მერაბ ხალვაში, გიორგი დუმბაძე, გურამ ყიფიანი, ჯიმშერ ჩხვიმიანი (არქეოლოგია)… ჩვენი ექსპედიციის წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბატონ ტარიელ დიასამიძეს, მძღოლს, რომელიც ყველა ექსპედიციის მონაწილეა. საველე მუშაობით მოპოვებული მასალები ხელმისაწვდომია სამეცნიერო წრეებისათვის და დაინტერესებული მკითხველისათვის. მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად შემოვლილი მაქვს ჭოროხის ხეობის ისტორიული ქართული ტერიტორიები: შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი, აღარაფერს ვამბობ აჭარაზე, ისტორიული ლაზეთის მრავალი სოფელი, ასევე მუჰაჯირთა დასახლებები თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში. კვლევის შედეგები ასახულია სამეცნიერო სტატიებში, მოხსენებებსა და მონოგრაფიებში. აქვე ვიტყვი, რომ ცნობილი მწერალი იუსუფ ფაღავა მამაჩემის ბიძაშვილი იყო. მამის ასაკის იყო და ბუნებრივია, მასთან მოკრძალებული ურთიერთობა მქონდა. ვმეგობრობდი და ახლო ურთიერთობა მქონდა ბატონი იუსუფის ვაჟთან, ნოდარ ფაღავასთან, გამორჩეულ პიროვნებასთან, მუსიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან… ბატონი ნოდარის ინიციატივით, როცა გადაწყდა იუსუფ ფაღავას თხზულებათა სამწიგნეულის გამოცემა, ჩანაფიქრის განხორციელებაში სხვებთან ერთად მეც მიმიძღვის წვლილი.

საქართველოში ფაღავების გვარი რომელი საუკუნიდან იღებს სათავეს?

– გვარი „ფაღავა“ პირველად ნახსენები აქვს ვახუშტი ბატონიშვილს შრომაში ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (XVIII საუკუნე). საერთოდ, გვარების ჩამოყალიბების შესახებ მე ჩემი შეხედულება მაქვს, ამაზე საუბარს აქ არ გავაგრძელებ. ერთი მოსაზრებით ფაღავა (ფაღვა – ასე ისმის კოლხურში) ფონეტიკურად სახენაცვალი ბაღვაში უნდა იყოს. ვერ დავიჩემებ, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ, როგორც ენათმეცნიერი ვიტყვი, რომ ბაღვა-ფაღვა დასაშვებია ქართულში (მხედველობაში გვაქვს, ბ:ფ ხშულთა მონაცვლეობა). აღვნიშნავ, რომ აჭარაში, დღევანდელი ორთაბათუმის თემში, ზეპირი ისტორიებით, XVIII საუკუნის ოციანი წლებიდან გვარი ფაღავა ჩანს. აქედან ეყრება საფუძველი ფაღავების აჭარულ შტოს. ვიტყვი იმასაც, რომ ბანძიდან მოსულა ჩვენი წინაპარი ბათუმში და ორთაბათუმში დასახლებულა.

– ნიკო კეცხოველმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ეროვნული საქმე გააკეთა, როცა მრავალ ნიჭიერ ახალგაზრდას მიზნობრივ ასპირანტურაში ჩარიცხვით, მეცნიერულ ასპარეზზე გზა გაუკაფა. წინა საუკუნის 80-იან წლებში იგივე გააკეთა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (იმხანად პედაგოგიური ინსტიტუტის) რექტორმა დურსუნ ბალაძემ. თქვენი თაობის ასპირანტებმა ამაგი რით დაუფასეთ?

– განუზომელია ბატონი დურსუნისა (ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგ – უნივერსიტეტის რექტორი იყო 1978-1991 წლებში) და მასთან ერთად, ბატონი ნური ვერძაძის (პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი 1974-1996 წლებში, ბსუ-ის რექტორი 1996-2004 წწ) როლი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების საქმეში. მათი დამსახურებაა, რომ ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ჩვენს თაობას მოგვეცა საშუალება, სწავლა გაგვეგრძელებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტურაში. 1981 წელს ბათუმის პედაგოგიურმა ინსტიტუტმა მიზნობრივად მიმავლინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩავირიცხე ასპირანტურაში ახალი ქართული ენის კათედრაზე, სადაც გავიარე ასპირანტურის კურსი ქართული ენის სპეციალობით, მოვამზადე და დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია პროფესორ ივანე ქავთარაძისა და პროფესორ ელენე ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით. ბარემ ვიტყვი, რომ საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო ,,ნაწილაკი ახალ ქართულში“. დისერტაცია დავიცავი 1986 წელს, თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, ამავე საბჭოზე 2004 წელს დავიცავი დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „ქართული ენის სამხრული კილოების ფონემატური სტრუქტურა“. საინტერესო კითხვა დასვით: თქვენი თაობის ასპირანტებმა ამაგი რით დაუფასეთ ბატონ დურსუნსო, მე დავუმატებდი, ბატონ ნურის და სხვებს, ჩვენს მასწავლებლებს. უპირველესად ვიტყვი, რომ ბატონი დურსუნი უანგარო კაცი იყო, ახალგაზრდებისმოყვარული, თანამდგომი. დღეს რომ ჩემი თაობა წარმატებით იღვწის სამეცნიერო და პედაგოგიურ სარბიელზე, ჩვენი უნივერსიტეტი თავის სიტყვას რომ ამბობს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, ეს ბატონი დურსუნის და ჩვენი უფროსი თაობის დამსახურებაცაა და მათი ღვაწლის დაფასებაც. ისინი ხომ ბათუმის უნივერსიტეტის სათავეებთან დგანან. ჩვენ გვახსოვს უფროსი თაობა, ვინც გვასწავლა წიგნთან ურთიერთობა და შემდეგ გზა დაგვილოცა მეცნიერებაში. როგორ შეიძლება დამავიწყდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იქ გატარებული ჩემთვის დაუვიწყარი სამი წელი, როგორ შეიძლება დავივიწყო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელები, იქ შეძენილი მეგობრები… წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა, იქ შევისწავლე მეცნიერების ანბანი, მისი მადლი მომყვება დღემდე.

– ქართველ ფილოლოგთა რიგებში მრავალი სახელოვანი მეცნიერია. თქვენი გზამკვლევები ვინ იყვნენ?

– ჩემი გზამკვლევები იყვნენ, ფილოლოგთაგან – ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში: ბატონი ნური ვერძაძე, პროფესორი შოთა ნიჟარაძე, დოცენტი ნადია(ნადეჟდა) საბაშვილი და ქალბატონი მერი ცინცაძე . ეს უკანასკნელი განსაკუთრებული იყო როგორც მასწავლებელი, როგორც კოლეგა და უფროსი მეგობარი. ჩვენ ერთად დავიწყეთ სამხრეთ საქართველოს კვლევა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: ბატონი ივანე ქავთარაძე, პროფესორი ელენე ბაბუნაშვილი, ბატონი შოთა ძიძიგური. ჩემი გზამკვლევები იყვნენ ის დიდი მეცნიერები, რომელთა შრომებზე ვიზრდებოდი: ბატონები აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, თამაზ გამყრელიძე, ბესარიონ ჯორბენაძე, თედო უთურგაიძე, ახალთაობელები – ბატონები გიორგი გოგოლაშვილი და ავთანდილ არაბული, კიდევ სხვები, ვის კვალსაც მივყვები და ვისთან ერთადაც ვმაღლდები.

– ქართული ეროვნული ფილოლოგიის ახალბედა მკვლევრებს რას უსურვებდით?

– ქართველ ფილოლოგთა ახალ თაობას ვუსურვებ წარმატებებს. ვისურვებ, გაითავისონ უფროსი თაობის კვლევის შედეგები და ახალ სიმაღლეზე აიყვანონ ქართული მეცნიერება. წარსულის გათვალისწინების გარეშე, აწმყო ვერ შეიქმნება და ვერც მომავალი განისაზღვრება. გახსოვთ, დიდი ილიაც მოიხმობდა ლაიბნიცის სიტყვებს: „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. კონკრეტულად გეტყვით: ჩემი და ჩემი თაობის მიზანია, პირველად შევქმნათ ისტორიული სამხრეთ საქართველოსა და ლაზეთის მეცნიერული პორტრეტი. ვამბობ, პირველად-მეთქი, რაც გულისხმობს, რომ ახალმა თაობამ უნდა განაგრძოს დაწყებული კვლევა და იგი ახალ სიმაღლეზე აიყვანოს. თუ ეს ასე იქნება, ჩვენს ნაშრომსაც სათანადო ფასი დაედება, ჩვენი საქმიანობაც არ დარჩება ,,ხმად მღაღადებლისა…“ ფილოლოგთა ახალი თაობა იზრდება ბათუმის უნივერსიტეტში, კარგი პიროვნებები, ნიჭიერები, თუ მოიწადინებენ, მათ დიდი ასპარეზი აქვთ და შესაძლებლობაც, განაგრძონ მამათა თაობის დაწყებული საქმე.

– 50 წელია ერის გამოღვიძების სათავეებთან დგახართ, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია თქვენი შვილი… გასახსენებელი რა გაქვთ?

– მართალი ხართ. მალე ნახევარი საუკუნე იქნება, უნივერსიტეტში რომ ვმუშაობ. აქ იწერება ჩემი ბიოგრაფია. რაც გამიკეთებია – უნივერსიტეტის სახელით და უნივერსიტეტისთვის. სხვაგვარად და სხვაგან ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. ვაჟი საქართველოს პარლამენტის წევრია, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, უყვარს თავისი საქმე. მომავალი შეაფასებს მის საქმიანობას. ერთში დარწმუნებული ვარ, რასაც აკეთებს თუ მომავალში გააკეთებს გულწრფელად, ქვეყნისა და საქმის სიყვარულით გააკეთებს. გასახსენებელი კი ბევრი მაქვს, სათქმელიც ბევრი დამიგროვდა. ერთ დღესაც მოგონებებს დავწერ, სადაც ვრცლად ვისაუბრებ განვლილ ცხოვრებაზე, საინტერესო პიროვნებებთან შეხვედრებზე… ჯერ მისთვის არ მცალია, ჯერ დაწყებული საქმეები მაქვს ბოლომდე მისაყვანი. უნდა მოვასწრო, დრო სწრაფად გარბის…

– რა განცდა გეუფლებათ, ტაო-კლარჯეთში მივლინებული მკვლევრების ჯგუფს რომ ხელმძღვანელობთ?

– ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) ჭოროხის ხეობა (განსაკუთრებით), ისტორიული ლაზეთი და ქართველ მუჰაჯირთა სოფლები თურქეთის შიგა პროვინციებში დარდი და სევდაა, რადგან თანდათან ფერმკრთალდება ქართველი კაცის ნაკვალევი ქართულ მიწაზე, ისტორიული მეხსიერების ჯაჭვიც წყდება, ხშირად წარსულსა და მომავალს შორის ხიდის გადება ჭირს. მე, ჩემს თაობასთან ერთად, მაშინ მივედი ისტორიულ ქართულ ქვეყნებში, როდესაც ქართული ენა უფროსმა თაობამ იცოდა მხოლოდ, ისიც ადგილ-ადგილ, მაგრამ მოვახერხეთ შავშური, კლარჯული, ტაოური კილოების რეკონსტრუქცია. ქართული ენა დავიწყებას ეძლევა მუჰაჯირთა შთამომავლებშიც, იქაც იგივე სურათია, რაც ჭოროხის ქვეყნებში. იქაც ივიწყებენ ეროვნული მეობის, იდენტობის მთავარ ნიშანს – ქართულ ენას. პროცესი შორსაა წასული. ერთ რამესაც აღვნიშნავ, თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ახალი თაობის ნაწილმა ისწავლა ქართული ენა, რაც მისასალმებელია, მაგრამ ისწავლა სალიტერატურო ქართული. წინაპართა მეტყველება, დიალექტი დავიწყებას ეძლევა. დიალექტს, ზოგადად, პრობლემა აქვს საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც… შეუქცევადი პროცესის წინაშე ვდგავართ, სალიტერატურო ქართული ანაცვლებს დიალექტებს, იკარგება ქართული ლინგვისტური მრავალფეროვნება… ტაო-კლარჯეთში ექსპედიციისას კი იმავეს განვიცდი, რაც პირველი ექსპედიციისას განვიცადე. ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებს როცა ვუყურებ, სიამაყით ვივსები. დიახ, ეს ჩემმა წინაპარებმა შექმნეს და საუკუნეებს გამოატარეს. სიამაყით ვივსები, როცა მოთხრობებს ვისმენ თამარა დოდოფალზე, სიამაყით ვივსები, როცა ორთაბათუმს ვხვდები ზაქიეთში (შავშეთის სოფელია), სიამაყით ვივსები, როცა ტაოელი ბიჭების ცეკვას ვუყურებ გუდა-სტვირის თანხლებით… გული მიკვდება, როდესაც მშობლიურ, ენადაკარგულ ქართულ სოფელში მივდივარ, შავშეთში იქნება თუ კლარჯეთში, ტაოში თუ სპერში, მუჰაჯირთა სოფლებში თუ სხვაგან, სადაც ქართული მეგულება, მაგრამ არ მხვდება. მეტი სევდიანი თუ დარდიანი რა უნდა მოისმინო: ,,ჩემი ბაბაი და ნენეი გურჯები იყვენ, გურჯულაი ლაპარიკობდენ, მე გურჯული არ ვიცი, გურჯი არ ვარ…“. რა ენაზეც საუბრობ, იმ ერის კულტურის ნაწილი ხარ, ასეთია იქაური კაცის გაგება.

დავდივართ შავშეთში, კლარჯეთში, ტაოში, სპერში, ლაზეთში და ვეძებთ ქართულ კვალს. ვნახულობთ კიდეც, განსაკუთრებით ,,მიწის ენა“ გვწყალობს, ტოპონიმია, ეთნოლოგიური ყოფის ელემენტები, ფოლკლორი და ბედნიერები ვართ, რომ რაღაცას მივუსწარით, რომ ყველაფერი დავიწყებას არ მისცემია…

– არაფერი გითქვამთ იმ წიგნებსა და მონოგრაფიებზე, რომლებიც თქვენი მეცნიერული საქმიანობის გვირგვინია.

– 30 წელი გავიდა, რაც ჭოროხის ხეობას, მუჰაჯირთა შთამომავლების ყოფასა და კულტურას, ისტორიულ ლაზეთს ვიკვლევთ ბსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის (ყოფილი მემედ აბაშიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, შემდეგ – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, შემდეგ – ქართველოლოგიის ინსტიტუტი) თანამშრომლები. ამ დროის განმავლობაში ,,ცენტრმა“ განახორციელა დიდი სამეცნიერი პროექტები, რომელთა ხელმძღვანელი მეტწილად მე ვიყავი, კოორდინატორი – მალხაზ ჩოხარაძე. აღვნიშნავთ, რომ ყველა პროექტი დასრულდა კომპლექსური მონოგრაფიით, კერძოდ, „შავშეთი“ (2011 წელი. ავტორები: მამია ფაღავა, თინა შიოშვილი, შოთა მამულაძე, მერი ცინცაძე, მალხაზ ჩოხარაძე, ზაზა შაშიკაძე, ნუგზარ ცეცხლაძე, თამაზ ფუტკარაძე, მაია ბარამიძე, ჯემალ კარალიძე, ვარდო ჩოხარაძე, თბ. გამომცემლობა ,,ჰოროსი XXI“); „ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში“, წიგნი პირველი, „მაჭახლელი მუჰაჯირები“ (2017 წელი, ავტორები: მამია ფაღავა, მალხაზ ჩოხარაძე, თინა შიოშვილი, მაია ბარამიძე, ზაზა შაშიკაძე, ნუგზარ მგელაძე, რუსლან ბარამიძე, გამომცემლობა ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“); „კლარჯეთი“ (2016 წელი, ავტორები: მამია ფაღავა, მერი ცინცაძე, მაია ბარამიძე, მალხაზ ჩოხარაძე, თინა შიოშვილი, შოთა მამულაძე, რამაზ ხალვაში, ნუგზარ მგელაძე, ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალიძე, თბილისი, გამომცემლობა ,,სამშობლო“); „ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“ (2014წ. ავტორები: შოთა მამულაძე, ემზარ კახიძე, კახა ქამადაძე, გურამ ყიფიანი, მიხეილ მშვილდაძე, თამაზ ფუტკარაძე, მამია ფაღავა, ლილე თანდილავა, მერაბ ხალვაში, ამირან კახიძე, ბათუმი, გამომცემლობა ,,კოლორი“); „სარფი“ (2015 წელი, ავტორები: მალხაზ ჩოხარაძე, ლილე თანდილავა, მამია ფაღავა, ომარ მემიშიში, მაია ბარამიძე, ჯემალ ვარშალომიძე, ნუგზარ მგელაძე, ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალიძე, თინა შიოშვილი, მანანა თავდგირიძე, ციალა ნარაკიძე, ჯემალ მიქელაძე. ბათუმი, გამომცემლობა „აჭარა“); „ტაო“ (2020 წელი, ავტორები: მამია ფაღავა, მერი ცინცაძე, მაია ბარამიძე, მალხაზ ჩოხარაძე, თინა შიოშვილი, მერაბ ხალვაში, რამაზ ხალვაში, ნუგზარ მგელაძე, ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალიძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, თბ. გამომცემლობა ,,მერიდიანი“); „მარადიდი“ (2020 წელი, ავტორები: მალხაზ ჩოხარაძე, მამია ფაღავა, ნათელა ფარტენაძე, თინა შიოშვილი, ზაზა შაშიკაძე, რუსლან ბარამიძე, თამარ ჩოხარაძე. თბილისი, გამომცემლობა ,,მერიდიანი“). დასახელებული თითოეული მონოგრაფია არის ავტორთა ხანგრძლივი და საკმაოდ მძიმე შრომის შედეგი. თითოეულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალპლანიანი წიგნების შექმნაში. უფრო ადრე, 1998 წელს დაისტამბა მონოგრაფია: „სამხრული დიალექტები და ქართული სამწერლობო ენა (V-XVIII სს)“ (ავტორები: მერი ცინცაძე, მამია ფაღავა. გამომცემლობა ,,ბათუმის უნივერსიტეტი“). მონოგრაფიაში პირველად დაისვა ქართული სამწერლობო ენისა და სამხრული კილოების ურთიერთმიმართების საკითხი. ავტორებს გვსურდა გვეჩვენებინა სამხრული დიალექტიზმები სალიტერატურო ქართულში; 2005 წელს გამოქყვეყნდა წიგნი ,,ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკა და სტილისტიკის საკითხები“ (ავტორები: ნაზი მიქელაძე, მამია ფაღავა, ბათუმი, გამომცემლობა ,,ბათუმის უნივერსიტეტი“); 2009 წელს გამოქვეყნდა მონოგრაფია ,,ნაწილაკი ახალ ქართულში“ (ავტორი მამია ფაღავა, თბ. გამომცემლობა ,,უნივერსალი“); 2016 წელს გამოვაქვეყნეთ მონოგრაფია: ,,სამხრული კილოები – ბრუნებისა და უღლების ძირითადი პარადიგმები“ (ავტორები: მამია ფაღავა, ნანა ცეცხლაძე, თბილისი, გამომცემლობა ,,ივერიონი“). ცალკე აღვნიშნავთ ჩვენს მონოგრაფიებს: „შავშური ჩანაწერები“ (თბილისი 2011წ. გამომცემლობა ,,ჰოროსი XXI“), „კლარჯული ჩანაწერები“ (თბ. 2017, გამომცემლობა ,,უნივერსალი“), ტაოური ჩანაწერები (თბილისი, 2021, გამომცემლობა ,,მერიდიანი“), „მუჰაჯირთა შთამომავლებთან“ (ბათუმი, 2016წ. გამომცემლობა ,,აჭარა“). ბარემ აღვნიშნავთ, რომ დაისტამბა ჩემი, მერი ცინცაძისა და მაია ბარამიძის მონოგრაფიები: „ქართული ენის შავშური დიალექტი „(თბილისი, 2022წ.), „ქართული ენის კლარჯული დიალექტი“ (თბილისი, 202წ.3). ქართული ენის ტაოური დიალექტი“ (თბილისი 2024წ). ჩვენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში აღვნიშნავდით, რომ ჭოროხის ხეობა წარმოადგენს ერთიან კულტურულ სივრცეს, სადაც ისტორიულად ჩამოყალიბდა რამდენიმე ქართული ქვეყანა, – აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი (ბაიბურთითა და ბასიანით), ჭოროხის ხეობის მკვიდრათა მეტყველებას ჩვენ სამხრული მეტყველება ვუწოდეთ, სამხრული მეტყველების დიფერენციაციის შედეგია სამხრული კილოები – აჭარული, შავშური, კლარჯული, ტაოური. სპერში დღეს ქართული აღარ ისმის, სპერელებმა დაივიწყეს წინაპართა ენა, შესაბამისად, ვერაფერს ვამბობთ სპერულ დიალექტზე. წიგნების ჩამონათვალი ბევრია, ამას დაემატება 200-მდე სამეცნიერო სტატია და მოხსენებები ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებზე. ესაა სულ, რაც შევძელი 1977 წლიდან დღემდე (1977 წელს დაიბეჭდა ჩემი პირველი შრომა: „სოფელ ჩაისუბნის (ხელვაჩაურის რაიონი) ტოპონიმთა შესწავლისათვის“. საქართველოს სსრ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სამეცნიერო სესია. მოხსენებათა თეზისები, სოხუმი).

– ახლა რა წიგნზე მუშაობთ?

– ამჟამად ვმუშაობთ კომპლექსურ მონოგრაფიაზე ,,სპერი“. ჩვენი ვარაუდით, 2026 წლის ბოლოს მკითხველმა უნდა მიიღოს ხსენებული გამოკვლევა. მომავალი აღდგომის დღეებში გვექნება მცირე ექსპედიცია სპერში, მოვნიშნავთ ზაფხულისათვის დაგეგმილი კომპლექსური ექსპედიციის სამუშაო სივრცეს. სარედაქციოდ მზადაა ვრცელი მონოგრაფია ქართველური ონომასტიკის საკითხებზე. არაერთი სხვა ჩანაფიქრიც მაქვს, ვნახოთ, რამდენის განხორციელებას შევძლებ. იმედი მაქვს, რასაც მე ვერ შევძლებ, ჩემი მოწაფეები დაასრულებენ.

 

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აპრილი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *