მამუკა მდინარაძე თბილისშია – სუსი ბრალდებებს უარყოფს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სუსის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა მდინარაძე „თბილისშია, სამსახურში.“. ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე აშშ-ში „შიკრიკად გააგზავნა“.
„ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს, მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში მამუკა მდინარაძის სახით. რა უნდა ქნას მდინარაძემ? აშშ ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? რუსეთი ხომ არ ჰგონია?“ – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინზე საუბრობს. მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოსთან ბევრი მიმართულებით ემთხვევა და არსებობს შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული ხედვები კონკრეტულ ნაბიჯებად გადაითარგმნას.
„რა თქმა უნდა, ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც. ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის. ბევრი საკითხია, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს. არსებობს შანსი, რომ ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ კონკრეტულ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია.“ – აცხადებს ვოლსკი.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესები უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვისაც და მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორული ურთიერთობები ამ კონტექსტში განიხილონ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. საგარეო უწყების განმარტებით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების გზები.