მამუკა მდინარაძე: ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები
By

მამუკა მდინარაძე: ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი.

მამუკა მდინარაძეს მანამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დახურულ ფორმატში მოუსმინეს. ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა, რის შემდეგაც, სუსის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.

„ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ბუნებრივი ამბავია, ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში პრეტენზია განვაცხადეთ იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურების გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდის ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ქვეყანას ამ მიზანთან შესატყვისი და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის ნაცვლად ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ირაკლი კირცხალია უხელმძღვანელებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *