მანანა მენაბდე გარდაიცვალა
By

მანანა მენაბდე გარდაიცვალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მანანა მენაბდე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. „მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი თანამედროვეობის გამორჩეული შემსრულებლისა და მუსიკოსის, მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო. მანანა მენაბდე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა თავისი უნიკალური საშემსრულებლო სტილის, მტკიცე ხასიათისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების გამო. თანავუგრძნობ მანანა მენაბდის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის ტექსტში.

მანანა მენაბდე დაიბადა 1948 წელს მომღერლების, დები იშხნელების ოჯახში. კარიერის დასაწყისში კონცერტებით მოგზაურობდა ორკესტრ „რეროსთან“ ერთად. მუსიკოსი მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების და ნაწარმოებების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა.

მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა, რომელმაც 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. ფილმში მანანა მენაბდე თავადვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მუსიკოსმა 1986 წელს მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლი განასახიერა. 1991 წელს ნანა ხატისკაცმა ისევ გადაიღო მომღერალი მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა“.

მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზჯგუფებთან „შინ“ და „ადიო“. იყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *