
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუნდური პრინციპით მუშაობის გაგრძელებას გვპირდება
წლებია, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის მკვიდრი ემზარ დავითაძე საჯარო სამსახურშია. იგი უჩამბის თემის ხელმძღვანელის თანამდებობას ტბეთის საჯარო სკოლის პედაგოგობასაც უთავსებს, ამასთან, აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ–სასარგებლო საქმიანობაში. ემზარ დავითაძე, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებიდან უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატადაა წარდგენილი, ჩვენი სტუმარია.
– ყველა ქართველის ვალია, თავისი უნარი, შესაძლებლობა ქვეყნის სამსახურს მოახმაროს. დედა ტბეთის საჯარო სკოლის პედაგოგი იყო. ყოველი ჩემი დღე მისი და ლოცვა-შეგონებით: „იყავი პატიოსანი, გაიღე შენი წილი ენერგია სამშობლოს საკეთილდღეოდ“ – იწყებოდა. 50 წელს გადაცილებულს, მომდურავი და მომჩივანი არ მყავს. ჭაბუკობის წლებში გონიერი ადამიანების რჩევა-დარიგებებს ვიზიარებდი, ახლა ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ ახალგაზრდებს. სოფელმა, მისი ცხოვრების რიტმმა გამოსასვლელი დღე არ იცის. კვირაში ერთხელ უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სოფელს შემოვივლი. ვიცი, ვის რა ულხინს და რა უჭირს. მიყვარს სოფელში, ძელსკამზე ჩამომჯდარ უხუცესებთან სჯა-ბაასი, ყანასა და სათიბში მოფუსფუსე ადამიანები. აქამდეც მათი წინადადებების, სურვილების შესასრულებლად ვიყავი მობილიზებული. ახლა, თუ მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის წინაშე დავდგები.
– „მეტი პასუხისმგებლობის წინაშე დავდგები“ – რას გულისხმობთ ამაში?
– გოგაძეები, მშობლიური ტბეთი, ცინარეთი, სადაც ისტორიული ციხე და ეკლესიის ნაშთებია შემონახული, წაბლანის, ჯაბნიძეების ნაეკლესიარები (ნათლისმცემლის გორა, კომაკეთის სერი, კვირიაული (ნადარბაზევი), ლაკლაკეთი (ლაკლაკეთის ხატი) – ეს წარსული დიდების ძეგლებია. მათი შემონახვა და გაფრთხილება დიდ საქმედ მიმაჩნია, რისთვისაც კიდეც ვირჯებით. უკვე ყველა სოფლის ცენტრი კეთილმოწყობილია. თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სკოლების, ბაგა-ბაღების შენობები გვაქვს უჩამბაში, ჯაბნიძეებში, ცინარეთში, გოგაძეებში, წაბლანაში. ყველა სოფელში ასფალტის ან ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზები შედის. ნათლისმცემლის გორაზე, კომაკეთის სერზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მე-8, მე-9 საუკუნეების არტეფაქტებს გვაზიარა. ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს, თქვენს გაზეთში მქონდა დაბეჭდილი ინტერვიუები, რომლებიც მთა ღომას ტერიტორიული პოტენციალის ათვისებას ეხებოდა. სასიხარულოა, რომ ქვეყნის, რეგიონის, თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ ყურად იღო ეს თემა და მნიშვნელოვანი ძვრები სახეზეა. საკუთარი გეგმები გავიხსენე და იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა უბრუნდება ცეცხლითა და მახვილით წართმეულ სარწმუნოებას. ამის დასტურია ჯვრების აღმართვა წაბლანაში, სამოლეთში, ტბეთში, ჯაბნიძეებში, ლაკლაკეთში, გომანის მთაზე, ცინარეთის ცენტრსა და ცინარეთის ციხეზე. სახალხო დღესასწაულ „ტბეთობის“ (ამ დღეს ნათლობის ღვთისმსახურება ტარდება) დაწყებისას, ტბეთის ცენტრსა და მაღალ გორზე, მთა ღომაზე წინა წლებში, წელს კი წინაველას სერზე 12-მეტრიანი ლითონის ჯვარი აღიმართა და საღვთო დღესასწაული „ჯვრობა“ დაწესდა. ადრე ცინარეთელებმა „ცინარეთობა“, ხოლო შარშან ჯაბნიძეებში „ქაშუეთობა“ ვიზეიმეთ. ეს ღონისძიებები ვინმეს გულის მოსაგებად ან კიდევ ავტორიტეტის მოსაპოვებლად არ ტარდება. იგი მდიდარ წარსულში გვახედებს და მომავლის გეგმებს გვისახავს.
– ამ ეტაპზე მთავარ თქვენი საქმიანობის მიმართულებად რას მიიჩნევთ?
– უჩამბის თემის სოფლებიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიებსა და უცხოეთში 2000-მდე ოჯახია გადასული. ურბანიზაციის პროცესი ადრეც იყო, მაგრამ 21-ე საუკუნეში მასობრივი ხასიათი მიიღო. გადასულებისა და ადგილზე დარჩენილების ვალია, სოფლებს სტატუსი შევუნარჩუნოთ. ის დღესასწაულები, სხვა ღონისძიებები, რომლებიც ვახსენე, ამ მიზანს ემსახურება. ზღვის დონიდან 2500 მეტრზე, გომანის მთის (წმინდისერის) მწვერვალზე ლითონის ჯვარი ადგილობრივებმა და ტბეთი-გოგაძეებიდან თბილისში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასულებმა ავიტანეთ. ღვთისმსახურებიდან დაბრუნებულები სოფელ გოგაძეებში ზეიმს დავესწარით. გოგაძეები ერთ დროს დიდი სოფელი იყო. წინა საუკუნის ბოლო წლებში სკოლაში 150-მდე მოსწავლე ირიცხებოდა. ახლა მოსწავლეთა კონტინგენტი მინიმუმამდეა დასული, თუმცა წელს მოსწავლეთა რაოდენობა მომატებულია. იმედი მაქვს, რომ მიტოვებული საცხოვრებელი სახლების კარები ისევ გაიღება. კარგია, რომ გომარდულის სამთო-სათხილამურო პოტენციალის ათვისება მიმდინარეობს. საუკეთესო კლიმატი, შუახევის ცენტრთან სიახლოვე – ეს გოგაძეების, წაბლანის, ცინარეთის მახასიათებლებია. აქედანვე უნდა ვიზრუნოთ ამ პოტენციალის ქვეყნის სამსახურში ჩასაყენებლად. დიდი მუშაობა, წინასწარი გათვლები გვმართებს მთა ღომასთან დამოკიდებულებაში. მისასალმებელია, რომ ინდივიდუალურად შენდება კოტეჯები. გავეცნობით, როგორი დამოკიდებულება აქვთ მსგავსი ტერიტორიებისადმი ევროპის წამყვან (ნორვეგია, შვედეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი) ქვეყნებს. აჩქარება სიკეთის მომტანი ვერ იქნება. ტურიზმის განვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ისტორიულ ძეგლებს, საკულტო ნაგებობებს.
– მარტო მთის განვითარებაზე ფიქრი არაა საკმარისი...
– ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზეა რიკიხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და 9 აპრილის ხეივანი. მის კეთილმოწყობას ადგილობრივი თვითმმართველობა დიდ ყურადღებას უთმობს. არანაკლებ აქტუალურია კვირიაულის დასახლების კეთილმოწყობა. მის შემოგარენში არსებული სამკურნალო და მინერალური წყლები წინაპირობას ქმნის, რომ კვირიაულში სარეაბილიტაციო ცენტრი გვქონდეს. ეს სამოლეთის, მოფრინეთის და ლაკლაკეთის განვითარებასაც წაადგება. წელს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები, დამსვენებლები არ აკლდა სოფლებს, მთა ღომას. მათ მოსწონთ ადგილობრივი კულინარია, ეკოლოგიურად საიმედო ხილი, ბოსტნეული და მეცხოველეობის პროდუქტები. ქართული სოფელი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ის პროგრამები, პროექტები, რომლებიც ქვეყნის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს აქვთ, სასარგებლოა და განვითარებას, არეალის გაფართოებას ითხოვს. ფერმერების მიერ წარმოებული ნამატი პროდუქციის რეალიზაციაზეც უნდა ვიზრუნოთ.
– ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მიზნობრივად გამოყენებაზე რას ფიქრობთ?
– პირველ რიგში, სიფრთხილე გვმართებს ტყის რესურსების გამოყენებისას. ბავშვობა მთა ჩირუხში მაქვს გატარებული. ამ მთას ირგვლივ ტყეები ეკრა. ახლა მოშიშვლებულია ტერიტორიები. უცხოელებიც და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მოსულებიც მთა ღომას ტყეს აქებენ. ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში გაიჩეხა და სარფის კარს მიღმა გავიდა წიფლის ხეები როგორც შუახევის, ისე ქედის ტერიტორიებიდან. მთა ღომას ქედის ტერიტორია ესაზღვრება. ზოგიერთი ისევ ცდილობს, ტყეს ჭიშკარი თავისი შეხედულებით მოარგოს ამას ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ ჰგუობს და ჩვენც მხარს ვუჭერთ. შუახევის სხვა ტერიტორიებზე არის კორომები, სადაც დიდძალი რესურსია და ხანდაზმულობის გამო, სასაქონლო სახეს კარგავს. ჯერ ის ავითვისოთ და ღომას, ზეკარის , თელვანას კორომებს მერე მივხედოთ. მთა ღომაზე, მოფრინეთის, სამოლეთის, ლაკლაკეთის ტერიტორიებზე არის სამკურნალო წყლები. დადგა დრო, ისინი ნორმალურად მოვაწყოთ. ცინარეთში , მთა ღომაზე, ტბეთში გრანიტის დიდი რესურსია. უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები. მიკროჰესების გაკეთება შესაძლებელია წყალუხვ მდინარე ტბეთისწყალზე.
– ამ რესურსების ათვისებაზე წინამორბედები არ ზრუნავდნენ?
– უმადურობა იქნება, რომ ყოფილი მაჟორიტარების საქმიანობა აუგად მოვიხსენიოთ. იყო უბნები, სადაც მაღალი გამავლობის მანქანებით გავლა ჭირდა. ავარიული იყო სკოლის შენობები, ბაგა-ბაღების გახსნაზეც არ იყო საუბარი, ან კიდევ სოფლებში მინისპორტული მოედნების მოწყობაზე. ახლა მთა ღომასა და ჩირუხში სპორტული მოედნები გვაქვს. ჯაბნიძეების, ცინარეთის, უჩამბის სკოლების შენობებში დახურული სპორტული დარბაზებია თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი. წინამორბედებმა მათი გაკეთება ყველას თანადგომით შეძლეს. ახლა ჯერი ჩვენზეა. არც ისაა დასამალი, რომ მომავალი მოწვევის საკრებულოში უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულიდან შესაძლებელია 4 წევრი ვიყოთ. გუნდური პრინციპით მუშაობა ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. მეც ამ გუნდის წევრი ვარ და ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებ თითოეული ამომრჩევლის კეთილდღეობისთვის.
ოთარ ცინარიძე