მარიამ დვალის საღამო ქალებისთვის, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან
By

 მარიამ დვალის საღამო ქალებისთვის, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან

ფიტნესის პროფესიონალი მწვრთნელი, NASM – ამერიკის სპორტული მედიცინის ნაციონალური აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციის ქოუჩი და სპორტული ნუტრიციოლოგიის მენტორი მარიამ დვალი უერთდება კამპანიას „ვარდისფერი ოქტომბერი“ და ქალბატონებს 19 ოქტომბერს ეპატიჟება განსაკუთრებულ საღამოზე, რომელიც სიყვარულით, სიმშვიდითა და შთაგონებით იქნება სავსე.

ღონისძიება გაიმართება ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №17-ში, 20:00 საათზე და მთლიანად დაეთმობა ქალთა სიძლიერის, გამძლეობისა და ცხოვრებისადმი მათი სიყვარულის პატივისცემას.

„სიყვარულით გიწვევთ 19 ოქტომბერს, ჩემს სივრცეში, განსაკუთრებულ შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ქალბატონებს, ონკოპაციენტებს. ეს დღე ჩემთვის არის სიყვარულის, თანაგრძნობისა და შთაგონების გაზიარება იმ ქალებთან, რომლებმაც გაუძლეს ყველაზე რთულ გამოცდას და აირჩიეს სიცოცხლე,“ – ამბობს მარიამ დვალი.

საღამო მოიცავს მსუბუქ ფიზიკურ აქტივობას, სტრეტჩინგსა და სუნთქვით ვარჯიშებს, ასევე, გულწრფელ საუბრებსა და მედიტაციურ სესიას, რომელიც ემსახურება შინაგანი სიმშვიდისა და ენერგიის აღდგენას.

მოგეხსენებათ, ოქტომბრის თვე მთელ მსოფლიოში ეძღვნება მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და იმ ქალების მხარდაჭერას, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად.

„მინდა, ეს საღამო გახდეს თქვენი შვებისა და შთაგონების ადგილი“, – მიმართავს ქალბატონებს მარიამი დვალი.

შეხვედრა სრულიად უფასოა და მიზნად ისახავს ქალებისთვის უსაფრთხო, თბილი და მხარდამჭერი სივრცის შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ ძალის, იმედისა და სიყვარულის ერთმანეთისადმი გაზიარებას.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *