მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან
საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და აღნიშნეს ორმხრივ ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინვესტიციები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული მასშტაბის პროექტების მხარდაჭერასა და მათ ეფექტიანად განხორციელებაზე.
ქართულმა მხარემ დეტალურად წარმოადგინა მიმდინარე და დაგეგმილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განვითარება მიზნად ისახავს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის, პოზიციის განმტკიცებას. აღინიშნა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მნიშვნელობა, სავაგონე და სალოკომოტივე პარკის განახლება, ასევე, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკულ თანამშრომლობაზეც, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ კოოპერაციას სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც, აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი საქართველოს გავლით, თურქეთისა და ევროპის ბაზრებს მიეწოდება.