მარიამ ქვრივიშვილი : ჩვენმა ქვეყანამ შეძლო უპრეცედენტო ინვესტიციის შემოტანა
„სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს, 6.5 მლრდ აშშ დოლარის საინვესტიციო შეთანხმებას, რასაც უდიდესი, განგრძობითი ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციას გავლენა ექნება არა მხოლოდ ეკონომიკის გარკვეულ სექტორებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სურათზე. „ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, უპრეცედენტო ინვესტიციაა, მეორე მხრივ კი, ამ პროექტს ექნება უდიდესი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება თბილისსა და გონიოში. ამავდროულად, ინვესტიციის ფარგლებში, ფაქტობრივად, ორი ახალი დანიშნულების ადგილი შეიქმნება, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტის და ამავდროულად, ტურიზმის სექტორებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„შეთანხმება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესის დაცვას, ერთი მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო უპრეცედენტო ინვესტიციის შემოტანა, მეორე მხრივ, ასევე შევძელით და მაქსიმალურად უზრუნველვყავით საუკეთესო პირობების წამოღება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსა და ბიუჯეტისთვის. სახელმწიფო გახდა ასეთი მსხვილი პროექტის თანაპარტნიორი – საერთო საწარმოში 33% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, ჩვენ დავრჩით თანამესაკუთრეები იმ მიწების, რომლებიც გონიოსა და კრწანისს მოიცავს, სადაც მოხდება პროექტის შემდგომი განვითარება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის თქმით, „იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტის ფარგლებში საუბარი ეხება, ფაქტობრივად, ორი ახალი ქალაქის მშენებლობას, რასაც დიდი ეფექტი ექნება ქვეყნის სწორ პოზიციონირებასა და პოპულარიზაციაზე.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ინვესტორებისა და მეწარმეების ხელშეწყობაა.
„ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ პროგნოზირებადი გარემო. საქართველომ შეძლო ის, რაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო – მიმდინარე გამოწვევებით სავსე მსოფლიოში წლების განმავლობაში უზრუნველვყავით მშვიდობის, სტაბილურობის, პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ქმნის ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას, რათა, ერთი მხრივ, ინვესტიციები მოიზიდოს, მეორე მხრივ კი ინვესტორებმა, ფაქტობრივად, ყოველწლიურად შეძლონ და განავითარონ, მასშტაბირება გაუკეთონ პროექტებს, ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა 22 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც „იგლ ჰილსი“ თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.