მარკო რუბიო – ჩვენი მიზანია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კვლავ საჭიროა გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, ნატოს როლზე მუშაობა.
ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, მისმა გუნდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში გადაუჭრელი საკითხები შეამცირა.
„ეს არის სამუშაო – ეს არის ცოცხალი დოკუმენტი. ყოველდღიურად, შეტანილი წვლილით, ის იცვლება. იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა თანასწორობას ან ევროკავშირის და ნატოს როლს და ა.შ. და ისინი ერთგვარად გამოვყავით, რადგან ახლახან შევხვდით სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს და ეს არის საკითხები, რომელთა განხილვაც მათთან მოგვიწევს, რადგან მათ ეხება. ამიტომ, ფოკუსირებული ვიყავით იმ საკითხებზე, რომლებიც ძირითადად, ორმხრივი ხასიათის იყო. შემიძლია გითხრათ, რომ საკითხები, რომლებიც ღიად რჩება, გადაულახავი არ არის, უბრალოდ, მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, – აღნიშნა რუბიომ.
მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებას ხუთშაბათისთვის მიაღწევენ, თუმცა მიანიშნა, რომ ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.
„დღეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ნამდვილად წინ წავედით. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამას ძალიან გონივრულ ვადაში, ძალიან მალე მივაღწევთ. იქნება ეს ხუთშაბათი, პარასკევი, ოთხშაბათი თუ მომდევნო კვირის ორშაბათი, გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს, რადგან დღეიდან ამ საკითხთან გამკლავების დრომდე, მეტი ადამიანი დაიღუპება, მეტი ნგრევა მოხდება. ჩვენი მიზანია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება“, – აღნიშნა რუბიომ.