
მასწავლებლი – შთაგონება და სინათლის გამავრცელებელი
პედაგოგებს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც ეს პროფესია პრაგმატული მიზეზების გამო აირჩიეს და არიან ისინი, ვისთვისაც სწავლება უბრალო სამუშაო კი არა – მოწოდებაა.
მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც განათლებით ცვლის სამყაროს. რა შეიძლება იყოს ამაზე შთამაგონებელი? გქონდეს ცოდნა, გაუზიარო იგი სხვას და ხედავდე, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები, როგორ იძენენ უნარებს, როგორ ხდებიან წარმატებულები, როგორ ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ.
თუ შენი შრომით, შენი სიყვარულით, სამყაროში ერთი განათლებული ადამიანით მეტია, უკვე გაქვს მიზეზი, იამაყო.
ამ მადლიერებისა და დაფასების გრძნობით იყო გამსჭვალული, 6 ოქტომბერს, მწერალთა სახლში გამართული მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება ბათუმის №25 საჯარო სკოლის მე-3 ბ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ გულო ბასილაძის, ა(ა)იპ „მწიგნობარის“ დირექტორ მანანა წულუკიძის და აჭარის მწერალთა სახლის დირექტორ ლალი კონცელიძის ერთობლივი ინიციატივით მოეწყო.
დღესასწაულს ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები, ზურაბ გორგილაძის სახელობის ნორჩ შემოქმედთა ლიტერატურული კლუბ „ზღვაურის“ წევრები და ა(ა)იპ „მწიგნობარის“ საპატიო წევრი ნინი საგინაძე.
ღონისძიება გახსნა მწერალთა სახლის დირექტორმა. იგი სტუმრებს მიესალმა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
შემდეგ, „მწიგნობარის“ დირექტორმა მანანა წულუკიძემ ბავშვებს მონაწილეობა მიაღებინა პროექტში „საქართველო უძღვნის იაკობ გოგებაშვილს“ – მოსწავლეებმა თავიანთი ჩანაწერები ხელნაწერ წიგნში დატოვეს.
გულო ბასილაძის მიერ მომზადებულმა აღსაზრდელებმა ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის ლექსებითა და ინსცენირებებით გახსნეს. შეასრულეს არაერთი სიმღერა, მათ შორის ნიტა აბაშიძემ იმღერა მანანა წულუკიძის ლექსზე დაწერილი კომპოზიცია „დედაო ენავ“.
– ყოველი გაღიმებული ბავშვი, ყოველი წარმატებული ადამიანი, ეს პედაგოგის შრომისა და სიყვარულის გაგრძელებაა.
ამიტომაც, როცა ვამბობთ „გმადლობ, მასწავლებელო“, სინამდვილეში მადლობას ვუხდით სინათლეს, რომელიც განათლებითა და სიკეთით სამყაროს ანათებს, – აღნიშნა „მწიგნობარის“ დირექტორმა მანანა წულუკიძემ, რომელმაც ღონისძიების მონაწილე თითოეულ ბავშვსა და მასწავლებელს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მასწავლებელი ეს არის ადამიანი, რომელიც სანთელივით იწვის, რათა სხვას გზა გაუნათოს.