19 C ბათუმი
Tuesday 15th July 2025
„მატარებელი უკვე გავიდა“ – 146-ე თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერა
By

„მატარებელი უკვე გავიდა“ – 146-ე თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 146-ე თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი „მატარებელი უკვე გავიდა“ რეზო ნაჭყებიას პიესის მიხედვით რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა, მუსიკალური გაფორმებაც მას ეკუთვნის. მხატვარი ლუკა ბესელია, რეჟისორის თანაშემწე კი თეონა ლორთქიფანიძეა.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ინგა ღირდალაძე (თინა), ქეთევან ეგუტიძე (ირინა იაშვილი), სესე მიქავა(სოსიკო მიქელაძე), ჯემალ ველიაძე (დავით მესხი).
მოქმედება გასული საუკუნის 90-იან წლებში ვითარდება. რეჟისორმა დრამატული, ადამიანური ტკივილებითა და წარსულიდან ნასაზრდოები ქვეტექსტებით გაჯერებული ისტორია შესთავაზა ბათუმელ მაყურებელს.

– ფრაზები „ვერ შეახტი შენს მატარებელს?“ „გაგასწრო შენმა მატარებელმა“ ყოველთვის არსებობდა და ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ვერ ჩაჯდნენ ვერც ერთ პერიოდში, ვერ მოაბეს თავი გარკვეულ სარფიან საქმეებს და ა.შ. ამაზე ხშირად კონფლიქტია ოჯახში, თუმცა კამათს აზრი არ აქვს. თუ გადაწყვიტა ადამიანმა, რომ უნდა იცხოვროს ასე, იცხოვრებს ასე. ადამიანზე ძვირფასი არაფერია, ერთ-ერთი მთავარი გმირი ამას მაშინ ხვდება, როცა მარტო რჩება. თუ ჩვენ შევიგნებთ, რომ ადამიანზე ძვირფასი არაფერი შექმნილა ქვეყანაზე და ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ, მერე უკვე მატერიალურ მხარეს და გინდ გონებრივ ცენზს აღარ მივაქცევთ ყურადღებას და ვიქნებით ბედნიერები. ამით შეიძლება ის ფრაზა გამართლდეს, რომელიც ბავშვობაში ხშირად მესმოდა – შეყვარებული ცოლ-ქმარი თოხის ტარზეც იცხოვრებსო. თუ ადამიანი შენია, მასთან ერთად ყველაფერს შეძლებ, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია, მთავარია, ერთ ტალღაზე ვიყოთ. ეს ყველაფერი სპექტაკლში მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ და ალბათ, ახალგაზრდებიც დაფიქრდებიან ამაზე. მიუხედავად იმისა, შეახტა თუ არა სოსიკო მატარებელს, მას უნდა, რომ ასე იცხოვროს და მორჩა. უნდა მივცეთ ერთმანეთს უფლება, ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა. პრემიერით კმაყოფილი ვარ, რაც მთავარია, მაყურებელი დარჩა კმაყოფილი. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს პატარ-პატარა ლაფსუსები, რასაც შეცდომას ვეძახით, თუმცა სპექტაკლი თანდათან უფრო დაიხვეწება და უფრო გულსავსეები დავრჩებით, – გვითხრა რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა.

– ეს იყო ამ თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერა, ქართველი მწერლის და დრამატურგის რეზო ნაჭყებიას პიესის მიხედვით, სხვათა შორის, კარგი მოქართულე კაცის. გვინდოდა, რომ ეს პიესა ჩვენს თეატრში დაგვედგა. მასზე რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა იმუშავა. თემა, ვფიქრობ, საკმაოდ აქტუალურია და საინტერესო უნდა იყოს მაყურებლისთვის, – გვითხრა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქანთარიამ.

– ყოველთვის, როცა ადამიანი არასწორი გზით იწყებს ზრდას, მიიღებს ისეთ შედეგს, როგორიც მაყურებელმა იხილა. ანუ, მატარებელი გავიდა და უკვე ყველაფერი გვიანია. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ გვიანი არასდროს არ არის, სანამ ადამიანი ცოცხალი ხარ, ყოველთვის შეიძლება გამოსწორდე. უბრალოდ, ამ შემთხვევაში გვიანი არის ის, რომ რაღაცებს ვეღარ დაიბრუნებ. ამიტომ ყოველთვის კარგია, თუ გავაკონტროლებთ ჩვენს ნაბიჯებს. ცხადია, ყოველთვის სწორად ვერ გაივლი, მაგრამ ცუდი შედეგი რომ არ მივიღოთ, უნდა ვიფიქროთ საკუთარი თავის გადარჩენაზე, სულიერი თვალსაზრისით იქნება ეს თუ სხვა გზით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში მოხვდები. შემდეგ როგორ წარიმართება შენი ცხოვრება. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მრავალმხრივი ნიჭი და ვერ ახერხებენ რეალიზაციას. კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით და მოვუვლით იმ გარემოს, რომელ გარემოშიც ვართ, სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით. ჩემში აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი ცხოვრობს, რომელსაც სცენაზე ვთამაშობ. მოვლენებს, რომელიც სპექტაკლში ვითარდება, ისე განვიცდი, თითქოს ჩემს ცხოვრებაშიც ხდება მსგავსი. ასე იყო ამჯერადაც, – გვითხრა მსახიობმა ინგა ღირდალაძემ.

 

მარიამ ხითარიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *