მაჭარაშვილი: თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ…
By

მაჭარაშვილი: თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ…

გახარიას გუნდმა მონაწილეობა არ მიიღო ისტორიულ საგამოძიებო კომისიაში და ახლა უნდათ შექმნან კომისია, რომელიც, მათი აზრით, დაადგენს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა და ძაღლმა აკოცა თუ არა თავის პატრონს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა განაცხადა, რითაც BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გახარიას გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, BBC-ის მთავარი წყარო გაემიჯნა და გამოძიება დეტალურად დაადგენს, რა და როგორ მოხდა. მისივე განაცხადებით, BBC-ის კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

„როგორც ამბობენ, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და ზოგიერთ ტყუილს, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, საერთოდ არ აქვს ფეხები. BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოკლე ტყუილს საერთოდ არანაირი ფეხები არ აქვს. ის „მტკიცებულებების“, რაც ე.წ. წყარომ მიაწოდა BBC-ის ე.წ. ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა რამდენიმესაათიანი, არც კი – რამდენიმე წუთიანი, იმიტომ, რომ რამდენიმე საათში გაემიჯნა ის მთავარი „წყარო“, რომელიც საფუძველია ამ დეზინფორმაციის გამოქვეყნების.

რაც შეეხება გახარიას გუნდის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე – ცოტა არ იყოს გასაკვირია. მათ მონაწილეობა არ მიიღეს მართლაც ისტორიულ საგამოძიებო კომისიაში, სადაც კვოტები ჰქონდათ და ახლა უნდათ შექმნან კომისია, რომელიც, მათი აზრით, დაადგენს იმას, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა და ძაღლმა აკოცა თუ არა თავის პატრონს იმ პერიოდში, როცა დეკემბერში იყო აქციები და რაღაც ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. ეს არის მათი მიდგომა? პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი წყარო გაემიჯნა BBC-ის. რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, დაადგენს, ნამდვილად იყო თუ არა გამოყენებული, რა იყო შეძენილი, როდის იყო. ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ რამენაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ, მეტი არაფერი. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება იყოს საგამოძიებო კომისიის საკითხი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება დასავლეთის კრიტიკას – როგორც მაჭარაშვილი ამბობს, რომ მათგან უსამართლო განცხადებებს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო – ესაა ევრობიუროკრატიის პოლიტიკა. თავიანთ ქვეყნებს გადახედონ, იმ პრობლემებს, რაც აქვთ. ევრობიუროკრატიას თავისი პრობლემები აქვს. ახლა არის უსამართლო განცხადებები და ამას შესაბამის რეაგირებას აუცილებლად მივცემთ,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

  • No Comments
  • დეკემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *