„მგზავრობა გაძვირდა, ცხოვრება – უფრო მეტად“
By

„მგზავრობა გაძვირდა, ცხოვრება – უფრო მეტად“

4 თებერვლიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 70 თეთრი გახდა. ცვლილება, რომელიც მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით თვალში საცემი დილის საათებში, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე აღმოჩნდა, ბევრის შეფასებით, კიდევ ერთი დამატებითი ხარჯია იმ ეკონომიკურ გარემოში, სადაც ფასები თითქმის ყველა მიმართულებით მატულობს.
ტრანსპორტის ტარიფის ზრდა დაემთხვა საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან მატებას, თუმცა ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ერთმანეთს არ აბალანსებს და „სახელფასო მატება ფასების ზრდამ უკვე შთანთქა“.
ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსის მძღოლის თქმით, მგზავრობის ახალი ტარიფი განსაკუთრებით აწუხებს მათ, ვინც ყოველდღიურად და დღის განმავლობაში ხშირად რამდენჯერმე სარგებლობს ტრანსპორტით.
– 70 თეთრი ბევრის აზრით, ცოტაა, მაგრამ როცა ყოველდღე, ხანდახან დღეში რამდენჯერმეც გიწევს ტრანსპორტით გადაადგილება, ბოლოს საკმაოდ დიდი თანხა გროვდება. 50 თეთრამდე მაინც გაეზარდათ, ცოდოა ხალხი, – ამბობს მძღოლი.
მოქალაქეების შეფასებით, ტარიფის ზრდა ყველაზე მტკივნეულად იმ ადამიანებზე აისახება, ვისთვისაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა სამსახურის, სკოლის ან სამედიცინო დაწესებულებების მიმართულებებით.
„ჯერ თქვეს, ხელფასი 10 პროცენტით მოგიმატეთო, ახლა ტრანსპორტი გაძვირდა. რეალურად რა შეიცვალა? არაფერი. უბრალოდ, ფული სხვა ჯიბეში გადადის. მგზავრობა გაძვირდა, ცხოვრება – უფრო მეტად, – ამბობს ბათუმის მცხოვრები გიორგი მიქელაძე.
მსგავს შეფასებას აკეთებს ნანა დიასამიძეც, რომლის თქმით, სახელფასო მატება რეალურ ეფექტს ვერ ქმნის:
– ხელფასის მატება ქაღალდზე ლამაზად ჩანს, მაგრამ როცა მგზავრობა, პროდუქტები და წამლები ძვირდება, ეს 10 პროცენტი, უბრალოდ, ქრება.
მოქალაქეების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ შესაძლებელი იყო ალტერნატიული მექანიზმების განხილვა, მათ შორის აბონემენტური სისტემის დანერგვა, როგორც ეს თბილისში მოქმედებს.
– თბილისში აქვთ აბონემენტები, თვიური ბარათები, სხვადასხვა შეღავათი. ბათუმშიც შეიძლებოდა მსგავსი გამოსავლის პოვნა. ტრანსპორტის გაძვირება ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიან მოსახლეობას აზარალებს, – ამბობს ნუგზარ ხაჯიშვილი. როგორც ხედავთ, მუნიციპალიტეტური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის მატებამ მოსახლეობის მწვავე რეაქცია გამოიწვია, ამიტომ აქვე გთავაზობთ ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ლევან დავითაძის კომენტარს, რომლითაც განმნარტავს ცვლილებების მიზეზებს:
– მგზავრობის ტარიფის კორექტირება განხორციელდა ქალაქის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე და მას წინ უძღოდა მთელი რიგი განმაპირობებელი ფაქტორები, კერძოდ, 30 თეთრი წლების განმავლობაში ვერ ფარავდა მუნიციპალური ტრანსპორტის რეალურ ხარჯებს – ამ სხვაობას მუდმივად ფარავდა ქალაქის ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ირიბად, ამ ფასს საბოლოოდ ყველა მოქალაქე იხდიდა.
ამ რეალობაში არჩევანი იყო ორი – ან სერვისის გაუარესება – იშვიათი ინტერვალები და გაუმართავი ავტობუსები ან ტარიფის გონივრული კორექტირება, რათა შენარჩუნებულიყო უსაფრთხო და სტაბილური მუნიციპალური ტრანსპორტი.
მნიშვნელოვანია ერთი ფაქტიც, 2007 წლიდან დღემდე, თითქმის 20 წლის განმავლობაში, ტარიფი არ შეცვლილა. მიუხედავად ამისა, 2018 წლიდან დღემდე, ავტოპარკის განახლებაში ჩაიდო დაახლოებით 100 მილიონი ლარი და დღეს ბათუმს ჰყავს თანამედროვე და განახლებული ავტოპარკი.
საოპერაციო ხარჯები მაღალია: გასულ წელს – დაახლოებით 33 მილიონი ლარი, ხოლო ტარიფებიდან მიღებული შემოსავალი – მხოლოდ 5 მილიონი, ანუ ხარჯების დაახლოებით 15%. ტარიფის კორექტირების მიზანი გახლავთ ის, რომ დაფარვა გაიზარდოს დაახლოებით 35%-მდე. ეს არ არის მოგებაზე ორიენტირებული ნაბიჯი – ეს არის სისტემის შენარჩუნება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ხვალ არ გაჩერდეს.
ერთი მგზავრობის თვითღირებულება დღეს არის დაახლოებით 1 ლარი და 30 თეთრი, 70 თეთრიც კი სრულად ვერ ფარავს მას – ეს არის მინიმალური აუცილებელი ტარიფი.
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ შენარჩუნდება უფასო მგზავრობა შემდეგი კატეგორიებისთვის: მასწავლებლები და მოსწავლეები, სტუდენტები (უმაღლესი და პროფესიული), პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, შშმ პირები, ვეტერანები, დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები (0–70 000), მარტოხელა მშობლები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები“.
ფასების ზრდა, რესპონდენტების თქმით, მხოლოდ ტრანსპორტით მგზავრობას არ შეეხება, საუბრობენ პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, რომელთა ღირებულება, მათი შეფასებით, ბოლო პერიოდში ეტაპობრივად იზრდება.
– სუპერმარკეტში ყოველ კვირას სხვა ფასებია. მედიკამენტებზე კი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ზოგჯერ არჩევანის წინაშე დგები, წამალი იყიდო თუ საკვები, – ამბობს ლევან ქობულაძე.
თამარ აბაშიძე აღნიშნავს, რომ არსებული ეკონომიკური ფონი ადამიანების ყოველდღიურ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეც პირდაპირ აისახება:
– სტრესი, დაღლილობა, გაღიზიანება ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. რთულია სრულფასოვნად მუშაობა, როცა მუდმივად ფინანსურ პრობლემებზე ფიქრობ.
გამოკითხულთა ნაწილი საუბრობს საჯარო სექტორში დაწყებულ რეორგანიზაციებზეც. როგორც ცნობილია, პროცესი უკვე დაიწყო ბათუმის მერიაში, მოქალაქეები კი ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული, იგი სხვა უწყებებსაც შეეხოს.
– ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანების პრობლემა, ვინც ოპოზიციაშია. დღეს შეიძლება ერთს შეეხოს, ხვალ – მეორეს. არავინ არის დაზღვეული, – გვითხრა ირაკლი ჭყონიამ.
მისივე თქმით, რეორგანიზაციები ფინანსურ სირთულეებთან არის დაკავშირებული და სახელმწიფო ხარჯების შემცირების მცდელობას ასახავს.
– სახელმწიფოს ფულის დაზოგვა უნდა და ამას ისევ ხალხის ხარჯზე აკეთებს. ზემოთ ხელფასები იზრდება, ქვემოთ კი ადამიანები სამსახურის დაკარგვის შიშში ცხოვრობენ, – ამბობს იგი.
ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ სახელფასო მატება თავისთავად კარგია, თუმცა არსებული ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, საკმარისად ეფექტური ვერ ხდება.
– კარგია, რომ ხელფასი გაიზარდა, მაგრამ ფასების ზრდის პირობებში ეს რეალურ შვებას ვერ იძლევა, – ამბობს ეკა სურმანიძე.
ზურაბ დიასამიძე კი აღნიშნავს:
– შეიძლება ეს დროებითი ეტაპია, მაგრამ დღეს ხალხი შედეგს ვერ გრძნობს.
მოქალაქეების შეფასებით, ტრანსპორტის ტარიფის ზრდა, პროდუქტებისა და მედიკამენტების სიძვირე და საჯარო სექტორში მიმდინარე რეორგანიზაციები ქმნის რეალობას, სადაც ეკონომიკური სირთულეები თვალსაჩინო რჩება. ფასების რეგულირების ინიციატივა პრემიერ ირაკლი კობახიძის მხრიდან, შესაბამისი საკოორდინაციო კომისიების ახლად შექმნის მიუხედავად, ჯერ კიდევ ჩანაფიქრის ეტაპზეა და ვერ ცვლის რეალობას. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში უკეთესი სურათი გვექნება.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *