19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
„მგონი, ესენი მესამე ვაშაძეს ეძებენ, იმიტომ დაირქვეს „მესამე ძალა“ , იმედია, იპოვიან მეგვარეს…“
By

„მგონი, ესენი მესამე ვაშაძეს ეძებენ, იმიტომ დაირქვეს „მესამე ძალა“ , იმედია, იპოვიან მეგვარეს…“

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

საარჩევნო კამპანიის ვადის ნახევარი უკვე გავიდა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ პერიოდში ყველა მუნიციპალიტეტში დაასახელა საკუთარი კანდიდატები, შეიმუშავა საარჩევნო პროგრამა და აქტიურად მუშაობს, რომ მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, საზოგადოებამდე მიიტანოს ის გეგმები და მიზნები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებს თვითმმართველი ორგანოების მეშვეობით.

„აღსანიშნავია, რომ კოვიდრეგულაციების დაცვით ხდება ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, თემატურ ჯგუფებთან, თითოეული სოფლის და უბნის დონეზე აღვრიცხავთ პრობლემებს და ვეძებთ მათი გადაწყვეტის გზებს. ამის პარალელურად, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს რაიმე თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიის გარდა.

ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება“, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი გზაა, პროვოკაციებით გამოიწვიოს მღელვარება, დათესოს პანიკა, ისტერია და ამის საფუძველზე მოახდინოს არეულობა.

რას ფიქრობენ ამ საკითხზე აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენლები, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში დეპუტატი ილია ვერძაძე. მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და სწორედ ამის გამო ითხოვს არჩევნების გადადებას.

– ბატონო ილია, როგორ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია?

– ძალიან სერიოზულად. მოსახლეობასთან სალაპარაკო და მისასვლელი ნამდვილად გვაქვს, რადგან მთელი მმართველობის პერიოდში ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო ხალხის კეთილდღეობისკენ, მისი გასაჭირის და პრობლემების მოგვარებისკენ. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად ოპტიმალურად და ადეკვატურად იქცეოდა ჩვენი ნებისმიერი დონის ხელისუფლება, მათ შორის მუნიციპალიტეტების მმართველობები. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბათუმის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ლოჯისტიკური ნაწილი. განსაკუთრებით მოსაწონია, რომ დაწყებულია ბათუმის ურბანული განვითარების გეგმის შემუშავება. დაიძრა ეს პროექტიც, რომელსაც უკვე კარგა ხანია ითხოვს ბათუმი და ბათუმელები. მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, ჩვენმა მერობის კანდიდატმა უკვე მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს და მალე დალაგდება ამ მხრივ არეული სიტუაცია, შეწყდება ქაოსური მშენებლობები და ბათუმი გეგმაზომიერად განვითარდება, როგორც ეს ეკადრება ევროპული ტიპის ქალაქს. მოწესრიგდება ბევრი პრობლემა, რაც აწუხებს ქალაქელებს. იგივე პროცესები მიმდინარეობს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. ყველგან განახლების და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ბუმია. ყველაფერი მიმართულია კონკრეტული დასახლების მცხოვრებთა კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამას ხედავს მოსახლეობა და მხარს გვიჭერს. ამიტომ მაქვს იმედი, რომ ელექტორატი კიდევ ერთხელ ჩაგვაბარებს ნდობის მანდატს თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებშიც, ისევე, როგორც ეს გააკეთა შარშან.

– ძირითადად, რა პრობლემებს წამოწევდით აჭარის მუნიციპალიტეტებში, რა გამოწვევების წინაშე დგახართ მმართველი გუნდის წევრები?

– ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც შეხვედრებზე ვაწყდები და რასაც ჩვენც განვიცდით, ეს არის ტემპი. ხალხი ერთდროულად ითხოვს ყველაფერს. იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე შევამცირეთ სხვადასხვა პროექტის განხორციელების ვადები, მაინც ვრჩებით ამ გამოწვევის წინაშე. ჩვენ გვესმის მოთხოვნა, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთი ხელის დაკვრით ვერ ხერხდება ყველა პრობლემის მოგვარება. შეხვედრებზე, მოსახლეობა გულწრფელ კმაყოფილებას გამოთქვამს, აღნიშნავს უკვე გაკეთებულს და ითხოვს მორიგს, რასაც ისევ და ისევ დრო სჭირდება. ცხადია, არ ვაპირებთ მიღწეულზე შეჩერებას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა არჩევნების წინა თუ შემდგომ პერიოდებს, ეს განწყობა „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაადასტურა.

– როგორ დაკომპლექტდა საარჩევნო კომისიები, როგორც გაჟღერდა, იყო რაღაც შეუსაბამობები?

– გულწრფელად მაკვირვებს ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის გაუგებარი აქტიურობა. ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მახსოვს საარჩევნო კომისიების მსგავსი დემოკრატიული წესებით დაკომპლექტება, არც ზოგადად, საკონსტიტუციო ნორმები და არც საკანონმდებლო ტენდეცია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მოყოლებული, დაპირებისამებრ უზრუნველყო. ეს მხოლოდ არჩევნებს არ ეხება. მუდმივი პროგრესია ამ მიმართულებით, რომელიც შეესაბამება როგორც ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, ასევე, არჩევნებს. ამის შემდეგ მართლაც გასაკვირია იმ პიროვნებების საქციელი, ვინც ამაზე ლაპარაკობს, თანაც ისინი, რომლებიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყვნენ და რაღაც სასწაულებს აკეთებდნენ გაყალბებისთვის. მართლა შუა საუკუნეები ხომ არ არის? გადახედეთ არქივს და ნახეთ იმ დროს კომისიების დაკომპლექტების წესები და ვინ შედიოდა საარჩევნო კომისიებში. ერთმანეთსაც ვერ შეადარებ მაშინდელ და ახლანდელ ვითარებას, ცა და მიწაა. ყველა ჩვენი რეფორმა, გადაწყვეტილება, გადადგმული ნაბიჯი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. მე ვგულისხმობ არჩევნებს, სასამართლოს და სხვას. ამის მიუხედავად, მაინც ცდილობენ, ნეგატიური ფონის შექმნას, ხალხის შეცდომაში შესაყვანად დეზინფორმაციის გავრცელებას. ამით ცდილობენ მუხტი შეინარჩუნონ, ვფიქრობ, დღეს ოპოზიციას პულსი არ ესინჯება. თავიანთი არაადეკვატური მოქმედებებით დაკარგეს ხალხის ნდობა. ადამიანები ხვდებიან, რომ აქ არის კრიტიკა კრიტიკისთვის და არანაირი საქმიანი მიდგომა არ არსებობს.

– რით განსხვავდება თქვენი საარჩევნო კამპანია ოპოზიციის შეხვედრებისგან?

– „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი და კანდიდატი ხალხთან შეხვედრისას ინარჩუნებს პოზიტიურობას, ლაკონურად, საქმიანად და შინაარსიანად საუბრობს გაკეთებულზე და გასაკეთებელზე, ხოლო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ცდილობს, ლანძღვა გინებით, სიცრუით, ბოღმის გადმონთხევით და არაადეკვატური შეთავაზებებით მოატყუოს და მიიმხროს ამომრჩეველი. ყველაფერ ამას ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ამჩნევს.

– როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვს ოპოზიცია არჩევნების გადავადებას?

– ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნების გადასავადებლად რეალური საფუძველი არ არსებობს. პანდემიის პიკი უკვე იყო და სათანადო ზომებმა ინფიცირების კლება გამოიწვია. ისიც იციან, რომ სექტემბრის ბოლოს კოვიდვითარების დასტაბილურებას ველოდებით და თუ ასე არ მოხდება, მივიღებთ აუცილებელ რეგულაციებს. მთავარი მათ მოთხოვნაში კოვიდი და ხალხზე ზრუნვა სულაც არ არის, ჩემი აზრით, სათქმელი აღარაფერი დარჩათ, ყველა მიმართულებით ცუდად წაუვიდათ საქმე. მუნიციპალიტეტებში წარსადგენი ნორმალური კანდიდატები არ ჰყავთ და მეზობლებს, მეგობრებს თუ ოჯახის წევრებს ასახელებენ. უკვე გადაღეჭილ სახელებს ატრიალებენ, უბრალოდ, ადგილები რომ შეავსონ. მნიშვნელოვანს ვერაფერს ამბობენ და ახლა არჩევნების გადატანა დაიჩემეს. ალბათ გაწბილებული ელქტორატის შენარჩუნებაზეღა ფიქრობენ.

– ევროკავშირის შემოთავაზებულ ტრანშზე თავის შეკავებით პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოიწვია აჟიოტაჟი ოპოზიციაში. ამ ნაბიჯს აფასებენ როგორც ევროპისთვის „კარის კიდევ ერთხელ მიჯახუნებას“ და რუსეთთან დაკავშირებას. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გაჭირვებაში 75 მილიონზე უარის თქმას?

– მთავრობა იმიტომ ითვლება ხელმძღვანელ ორგანოდ, რომ შეაფასოს რისკები და ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ხომ სესხია. ალბათ იყო რაღაც, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილმა თავშეკავება არჩია. რადგან გაძლევენ, გამოართვა და მომავალ თაობებს ვალი მიუმატო, არც ესაა გამოსავალი. ამას ვვარაუდობ, მე ხომ პოლიტიკოსი ვარ და რატომ იღებს მთავრობა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, არ ვიცი. ყველაფერი მიმდინარეობს წესისა და რიგის მიხედვით. პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. გამოდის, ხელისუფლების პოლიტიკა არის აბსოლუტურად ოპტიმალური და სწორი. ამიტომ ოპოზიციის მსგავსი შეფასებები არ მიმაჩნია სერიოზულად.

– ოპოზიცია იმუქრება, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, იმაზე დიდ არეულობას მოაწყობენ, ვიდრე შარშან.

– საქმე იმაშია, რომ ოპოზიცია შეეგუა დამარცხებას და იწყებს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის სცენარის მომზადებას. ეს აშკარად ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. ცხადია, იგივე აქტივობებს გაიმეორებენ, რადგა სხვა აღარაფერი დარჩენიათ. გახსოვთ ალბათ, შარშან ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას და ევროპის შეცდომაში შეყვანას აქ მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვერც ერთი მოახერხეს და ვერც მეორე. ვატყობ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი სიტუაციის ანალოგიური განვითარდება. ალბათ ეს არის მათი ბედი. ვერ დააღწიეს თავი სიყალბის ბორბალს და სანამ თვისობრივად არ შეიცვლება ქართველ პოლიტიკოსთა სპექტრი, არაფერი ეშველებათ.

– გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძეს შეუერთდა და ახლა „მესამე ძალის“ მხარდამხარ იღწვის. რა კომენტარს გააკეთებთ ენმ-ის ყოფილი ლიდერის პოლიტიკურ ცვალებადობაზე? გრიგოლის თქმით, ხომ „ოცნება“ და „ნაციონალები“ წარსულში ჩარჩენილი პარტიებია“?!

– მგონი, ესენი მესამე ვაშაძეს ეძებენ, იმიტომ დაირქვეს „მესამე ძალა“ და ახლა, იმედია, იპოვიან მეგვარეს. . . რა გითხრათ, ამათ ლოგიკას ვერ გაიგებ. ან რიტორიკა შეცვალონ, ან მუშაობის სტილი. განვმეორდები და ვიტყვი, არ ჩანს, რომ მაგათ, ხმები სჭირდებოდეთ არჩევნებზე. გაბრაზებულ ხალხზე ნადირობენ, ეს ხალხი კიდევ, იმ ერთი გაბრაზებული კაცის (სააკაშვილი) მხარეს იკავებს. ევროპის ქვეყნებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კონფიგურაციის უმრავლესობა ხვდება, იმიტომ, რომ ყველას რაღაც აქვს გაკეთებული და საქმეზე საუბრობენ. ამ პროცესში ერთადაა ოპოზიციაც და პოზიციაც. ხმებს იღებენ საკუთარი ნამოქმედარით, ნააზრევით, შექმნილით. ამ პროპორციით ლაგდება ყველაფერი, ჩვენთან კი, ოპოზიცია არათუ არაფერს აკეთებს, არც ამბობს, გავაკეთებო, მარტო ილანძღება. თანაც ჰგონიათ, რომ ხალხი ვერაფერს ხვდება, მაგრამ ასე არ არის.

– წინასაარჩევნო შეხვედრები კოვიდრეგულაციების დაცვით თუ ეწყობა და რას გვეტყვით ვაქცინირების პროცესზე, როგორც ექიმი?

– წინასაარჩევნო კამპანია კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. ამის გამო ხშირად ვზღუდავთ დამსწრეთა რაოდენობას. წინასწარ ვალაგებთ სკამებს და ზუსტად ვიცავთ მათ შორის დისტანციას. რა თქმა უნდა, ყველას გვიკეთია პირბადე. ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: დისტანცია, ჰიგიენა, პირბადე და ვაქცინაცია პანდემიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალია. პირად მაგალითს მოგიყვანთ – ორივე დოზით ავიცერი სინოფარმით. ამის შემდეგ კოვიდინფიცირებული ახალგაზრდების გადაყვანა მომიხდა კლინიკაში. მეც დავვირუსდი, მაგრამ არც სიცხე, არც ფილტვების ანთება, არც ხველა თუ სახსრების მტვრევა არ მქონია, ანუ ჩემს შემთხვევაში ვაქცინამ 100 პროცენტით იმუშავა. ამ ანტივაქსერების ბოროტი განზრახვა არ მესმის, ვერ ვხვდები. არანაირი მეცნიერული და სამედიცინო ახსნა არ მოიძებნება მათი შეხედულების საფუძვლად. აბსოლუტურად განყენებულად მსჯელობენ და დაუჯერებელ, ულოგიკო დასკვნებს აკეთებენ. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ მათ უჯერებენ და ირგვლივ მყოფი ხალხიც შეჰყავთ შეცდომაში, რაც უაღრესად საშიშია მათივე ჯანმრთელობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ, ქვეყანაში პანდემიის მომძლავრებაზე. ვსარგებლობ შემთხვევით და ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სჯერათ ვაქცინაციის, დაუკვირდნენ ყველა ანტივაქსერის ნათქვამს, სპეციალისტებს ჰკითხონ აზრი და გააანალიზონ ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდის სიყალბე. უკვე მილიონზე მეტია ერთჯერადად აცრილი და ჰკითხონ, რომელი გახდა ცუდად, გონება თუ დაკარგა, კრუნჩხვებში თუ ჩავარდა, გრძნობს თუ არა ჩიპს ან აკონტროლებს თუ არა მათ აშშ-ის კონტრდაზვერვა. ერთჯერადად აცრილებსაც კი აქვთ უკვე შედეგი. გამოკითხვით დასტურდება, რომ მათ შორის ბევრია ისეთი, რომელსაც არ გადაედო კოვიდი ან თუ გადაედო, შედარებით იოლად, გართულებების გარეშე გადაიტანა. საფრანგეთის სტატისტიკას მოგიყვანთ. პირველ ტალღაზე დაინფიცირდა 70 ათასი ადამიანი და გარდაიცვალა 400. ახლა, მეოთხე ტალღაზეც დაინფიცირდა 70 ათასი, მაგრამ დაიღუპა ორი ადამიანი. მეტი რაღა ვთქვა, აღარც ვიცი. ვაქცინა არ ნიშნავს, რომ კოვიდი არ დაგემართება, ნიშნავს, რომ გადარჩები. გრიპზე აცრილებსაც ემართებათ გრიპი, მაგრამ გაცილებით იოლ ფორმებში.

– ხმა დაირხა, რომ 16 სექტემბრიდან ვაქცინაცია ფასიანი გახდება.

– ეგ დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ საზღვარგარეთ არის ამაზე ლაპარაკი. ალბათ ჩვენთანაც შემოვა ადრე თუ გვიან. შესაძლოა, მესამე დოზა გახადონ ფასიანი. ჯანმომ მიმართა მოწინავე სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ მესამე ვაქცინაციისგან, რადგან არსებობს ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინის შეძენის საშუალება, მათთან კი, კატასტროფული სიტუაციაა.

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *