„მეორე ფრონტის მოთხოვნა საქართველოსადმი თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა“
By

„მეორე ფრონტის მოთხოვნა საქართველოსადმი თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა“

საარჩევნო მარათონი ძალას იკრებს – მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი მოსახლეობას ხვდებიან და სხვადასხვა საკითხზე თავიანთ მოსაზრებებს აცნობენ. ეს არცაა გასაკვირი, გასაოცარი ის არის, რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე. როგორც ცნობილია, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობს, მათ კი, ვინც მონაწილეობა გადაწყვიტა, აკრიტიკებს და მმართველ პარტიასთან გარიგებაში ამხელს, გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობას გამოწვევებს ახსენებს: დასავლეთის შენიშვნებს, ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო გაუქმებას და ა.შ. თავის მხრივ, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება და ოპოზიციას ქვეყნის საწინააღმდეგო ძალად მოიხსენიებს.

რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ შეთანხმება, საპარლამენტო კომისიის დასკვნა რას ცხადყოფს? შეძლებს ოპოზიცია მძლავრი საპროტესტო აქციის მოწყობას? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) დოქტორანტი კობა ჯუმუშაძე.

– საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბროთ, თქვენ რა ასპექტებს გამოყოფდით?

– საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ასპექტებზე როცა ვსაუბრობთ, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება უამრავი საკითხი გიტრიალებდეს გონებაში. ჩვენი ყოველდღიურობა დატვირთულია პოლიტიკურად მნიშვნელოვან ინფორმაციათა ნაკადებით, თუმცა სავალალოა, რომ ამ ინფორმაციის უმრავლესობა, ძირითადად, ან ნეგატიური ხასიათისაა, ან მათში არაფერია ახალი და განვლილ წრეზე კიდევ ერთხელ წასვლის მცდელობაა. სწორედ ამიტომ, მე ამ ასპექტების რიცხობრიობაზე ნაკლებად ჩამოვიდოდი ფსონს და სამ ძირითად ფაქტორს გამოვყოფდი, რომელიც განსაკუთრებით ამძიმებს ქვეყნის პოლიტიკური მომავლის ხედვას: პირველი ეს არის პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმურობისადმი უკვე ღრმად ფესვგადგმული ეჭვი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში. მეორე ასპექტი, ვფიქრობ, არის პოლიტიკური უძრაობის ან არასწორი მიმართულებით მოძრაობის გამოვლინება. იგულისხმება ის, რომ არაფერი ხდება ისეთი, რაც გარე ან შიდა ასპარეზზე სახელმწიფოს განვითარებისა და წარმატების პერსპექტივას შექმნიდა. ცნება „უძრაობის“ წაკითხვისას ჩვენს უფროს თაობას ალბათ ბრეჟნევის პერიოდიც გაახსენდება, რომელმაც ნიადაგი მოამზადა ე.წ. გარდაქმნისა და გამჭვირვალობის საბჭოური ხანისთვის, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა კიდეც საბჭოთა კავშირი. ხოლო მესამე ასპექტად აუცილებლად ხაზგასასმელია საზოგადოებაში ასევე ღრმად ფესვგადგმული პოლარიზება, რომელზედაც პასუხისმგებლობა ისევ და ისევ პარტია „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რომელიც უკვე მეოთხე საპარლამენტო პერიოდის ათვლას იწყებს ხელისუფლების სადავეებთან.

თქვენ მნიშვნელოვანი თემები ჩამოთვალეთ, თავდაპირველად ყურადღება ადგილობრივ არჩევნებზე გავამახვილოთ, ოპოზიციის ნაწილს რა შანსები აქვს მმართველ გუნდთან მიმართებით?

– ვიტყოდი, რომ ამ ნაწილის პერსპექტივა არის უშანსობიდან ძალიან მცირე შანსებამდე. ამის თქმის საბაბს ორი ძირითადი გარემოება გვაძლევს. პირველი ეს არის საზოგადოებაში არსებული განწყობა, რომ არჩევნებთან მიმართებაში შენარჩუნდეს ბოიკოტის რეჟიმი. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევასაც რომ დავანებოთ თავი, სადაც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა დაახლოებით 70% ან პირდაპირ უცხადებს არჩევნებს ბოიკოტს, ან მხოლოდ კონკრეტული დათქმებით მიიღებდა მასში მონაწილეობას (მაგალითად, ერთად ჩატარებული ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები), ნათლად ჩანს, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბოიკოტის დამრღვევ ოპოზიციურ პარტიათა ამომრჩევლები, ამ პარტიებსაც განუდგნენ. ეს ნიშნავს, რომ რაც ნაკლები ამომრჩეველი მივა უბანზე, მით მეტია „ქართული ოცნების“ შანსები, ხოლო მეორე გარემოება ეს არის არჩევნების ზოგადი წარსული გამოცდილება, რომელმაც არჩევნების დარღვევებით ჩატარების უამრავ ფორმასთან „გვაზიარა“, გვაჩვენა, თუ რა მზაკვრული მეთოდები შეიძლება იყოს გამოყენებული არჩევნების არასამართლიან და მიკერძოებულ გარემოში ჩასატარებლად, რათა საბოლოოდ ის ციფრები „გამოდნეს“, რომელიც საკმარისი იქნება ახლანდელი მმართველი პარტიის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუ ამ გარემოებებს დავამატებთ ამ არჩევნებში სადამკვირვებლო მისიების ფაქტობრივ არარსებობას, ან მხოლოდ ფორმალურ და ძალიან სუსტ წარმომადგენლობებს, ვხედავთ, თუ როგორ შანსებზეა საუბარი.

ოპოზიციის შეუთანხმებლობა საერთო სტრატეგიაზე არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით რისი მანიშნებელია?

– ჩემი დაკვირვებით, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მენტალობა იმგვარადაა მოწყობილი, რომ მანამდე, სანამ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ გააცნობიერებს ქვეყნის წინაშე მდგარი ეგზისტენციალური (არსებობა-არარსებობის) საფრთხის სრულ მასშტაბს, ვერასოდეს ვაღწევთ ერთიანობას. ჩემი პოლიტიკური მეხსიერება 2000-იანი წლებიდან იწყება, რაც უკვე, დაახლოებით, 20- წლიან პერიოდს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში სრულად გაერთიანებული ქართველი ერი მხოლოდ 2008 წლის ომის პერიოდში მინახავს. ეს იყო მომენტი, როცა ამ ქვეყნის მოქალაქეები ერთურთს ვუყურებდით უკვე არა პარტიულ ჭრილში, ვინ – პოზიციაა, ვინ -ოპოზიცია და ა. შ., ვუყურებდით როგორც ერთმანეთის პოტენციურ გადამრჩენებს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში. გახსოვთ ალბათ, 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში მთელი საქართველო ერთ დიდ ცოცხალ ჯაჭვად იდგა და ეს სიმბოლური გამოხატულება იყო ამ ერთიანობისა. ამ გარემოებას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ თქვენი კითხვის პასუხი ამ ხასიათში მოგვეძებნა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია საერთო სტრატეგიაზე, გიპასუხებთ, რომ მათ არათანაბრად აქვთ გაცნობიერებული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების, მისი არსებობა-არარსებობის საფრთხეები. ვიღაც უკვე ხედავს მოახლოებულ დასასრულს, ვიღაც მიიჩნევს, რომ ეს დასასრული არ არის და სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, საბოლოოდ კი სანამ ყველა მოქალაქე და, შესაბამისად, პარტიებიც თანაბრად არ გააცნობიერებენ, თუ რა საფრთხის წინაშეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ასეთ ერთიანობას არც ველოდები.

– რვა პოლიტიკურმა პარტიამ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა ამჯობინა და 4 ოქტომბერს მძლავრი საპროტესტო აქცია დააანონსა, თქვენი აზრი ამის შესახებ…

– განვლილმა თითქმის 13-წლიანმა გამოცდილებამ ამ პარტიებს და პოლიტიკურ სუბიექტებს, ასევე, ამომრჩეველთა საკმაოდ ხელშესახებ ნაწილს აჩვენა, რომ არჩევნები არ ასახავს იმ საერთო პოლიტიკურ განწყობებს, რაც საზოგადოებაშია. ქვეყნდება ერთურთისგან ნიშანდობლივად განსხვავებული კვლევები, იმის მიხედვით, თუ რომელი მხარეა კვლევის დამკვეთი, შედარებით დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიერ ჩატარებული კვლევები კი აშკარად მიანიშნებს პარტია „ქართული ოცნების“ პოპულარობის მზარდ ვარდნას. მართალია, ამ კვლევების მიხედვითაც მათ ჰყავთ ერთგულ ამომრჩეველთა ხელშესახები ნაწილი, თუმცა ეს ნაწილი არასაკმარისია ხელისუფლების სათავეში უმრავლესობით მოსვლისა და ყოფნისთვის. შესაბამისად, გაჩნდა და ფეხიც მოიკიდა ბოიკოტის იდეამ, თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როგორც ბოიკოტის მომხრეთა, ასევე არჩევნებში მონაწილეთა პოზიციები იმდენად არ უნდა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, რომ პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დაიქსაქსოს და ბუნდოვანი გახდეს. ორივე პოზიციას აქვს არსებობის უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში და რაც უფრო ნაკლებად შეუშლიან ეს პოზიციები ხელს საერთო მიზნის მიღწევას, მით უკეთესია ქვეყნისთვის. რაც შეეხება 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას, მსგავსი დემონსტრირება პროტესტისა აუცილებელია. აუცილებელია, რომ მუდმივად ფიქსირდებოდეს იმ უსამართლობასთან შეუგუებლობა, რომელსაც ვხედავთ ჯერ კიდევ გავრილოვის ღამის მოვლენებიდან მოყოლებული, შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან თვალნათლივ შეცვლილ რიტორიკასა და ბოლოს კი გასული წლის ნოემბრის მიწურულიდან დღემდე განხორციელებულ ქმედებებში. არ ველოდები, რომ რომელიმე კონკრეტული თარიღი იქნება გარდამტეხი ცვლილებების კუთხით, შეიძლება მოვლენების წაღმა სვლა დაიწყოს ხვალაც, ან არ დაიწყოს და პროცესები გაგრძელდეს კიდევ თვეების განმავლობაში. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე არ ეგუება უსამართლობას, დგას უსამართლოდ დაპატიმრებულთა გვერდით და აპროტესტებს ხელისუფლების იმ მომხრეთა დაუსჯელობას, რომელთა მონაწილეობა აშკარად გამოიკვეთა არაერთ ძალადობრივ ექსცესში.

– სხვათა შორის, ამ აქციის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, ასევე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი…

– ხაბეიშვილის დაპატიმრება, ერთი შეხედვით, საერთოდ არ უნდა უწყობდეს ხელს პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციების გაძლიერებას, პირიქით, ასეთი ქმედება, განვლილი გამოცდილებიდან გამომდინარე, აძლიერებს საპროტესტო მუხტს, მით უმეტეს, დაკავება იმ საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდებებით, რომლებსაც იურისტების ერთმა ნაწილმა უკვე უწოდა „სამართლებრივი აბსურდი“. გასაგებია, რომ სასამართლო აღარ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ის თანდათან უფრო და უფრო ემსგავსება ძალაუფლებაში მყოფი პარტიის სანოტარო ბიუროს, მაგრამ ხომ გასაგებია, რომ რაც უფრო მეტად რეპრესიული იქნება ეს სისტემა ხაბეიშვილის მიმართ, მით უფრო გაიზრდება ხაბეიშვილის პოპულარობაც და პროტესტის მუხტიც. პროტესტი კი უწყვეტია და მისი გაძლიერება ნამდვილად დიდ დისკომფორტს უქმნის ძალაუფლებაში მყოფ ამ პარტიას, ეს ცალსახაა. ამიტომ აქ, შესაძლოა, საქმე გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვასთან, ვიდრე თავად ხაბეიშვილის დაკავების ფაქტორია. მხედველობაში მაქვს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება. თავის მხრივ, ამ ყოფილი ჩინოვნიკის დაკავება, სავარაუდოდ, ერთგვარი გაფრთხილებაა სხვა ყოფილი ჩინოვნიკებისთვის, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. როგორც ჩანს, ძალაუფლებაში მყოფი პარტია ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის პროტესტს უფრო ადვილად გაუმკლავდება, ვიდრე ამ პარტიის შიგნით დაწყებულ რღვევას, რომელსაც ფატალური შედეგის გამოწვევაც კი შეუძლია, თუ მათი შიდაპარტიული მოვლენები და რღვევის პროცესი ამ სისწრაფით განვითარდა.

პარლამენტმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამოაქვეყნა, ამ მხრივ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?

– სანამ მოვლენების შემდგომ განვითარებაზე ვიტყვით რამეს, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების სტრუქტურების მხრიდან უკვე მოჰყვა ამ დასკვნას გამოხმაურება და მათაც, თავის მხრივ „დაასკვნეს“ რომ: „საქართველომ ოფიციალურად აღიარა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წელს ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა. რა არის ეს, თუ არა სეპარატიზმის გაღვივება, გაძლიერება და კრემლიდან წამოსული პროპაგანდის ცეცხლზე ნავთის დასხმა?! საერთაშორისო მოლაპარაკების ამა თუ იმ ფორმატში ერთურთს ესაუბრებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები ანუ სახელმწიფოები. შესაბამისად, იქ არავინ დაიწყებს იმის ძიებას, სააკაშვილმა ან მისი ხელისუფლების ამა თუ იმ წევრმა რა თქვა, რა ქნა, ან რას აპირებდა. შესაბამისად, ამ კომისიამ, თავისი აზრით, თუ სააკაშვილის რეჟიმი გაასამართლა, ძალიან შემცდარა მისი ყველა წევრიანად. ამით ისინი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, ანუ ქართულ სახელმწიფოს აბრალებენ დანაშაულს. ეს კი უკვე არის სეპარატისტების წახალისება და კრემლისტური ნარატივების ინდოქტრინირება მათი ამომრჩევლის გონებაში. არჩადენილი დანაშაულის დაბრალება, საუბედუროდ, აღარ გვიკვირს ამ ფორმატში ქვეყანაში, განსაკუთრებით გასული წლის ნოემბრიდან დღემდე მოყოლებულ პერიოდში, მაგრამ სხვაა, როცა ამას აკეთებ კონკრეტულ პირთან მიმართებაში და საერთოდ, სხვა სიმწვავე აქვს ამას, როცა შენსავე სახელმწიფოს აბრალებ რაღაცას. მოვლენები კი განვითარდება შემდეგნაირად: ყველა საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებში, იქნება ეს ჟენევის თუ სხვა, სეპარატისტები ამ ჩართულ ყველა მხარეს აუფრიალებენ ამ დოკუმენტს სახესთან და იტყვიან: ჩვენ რა, აგერ საქართველოს პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო დასკვნაში წერია შავით თეთრზე ყველაფერი და წაიკითხეთო. ეს, თავის მხრივ, რა შედეგებსაც მოიტანს, თავად მკითხველმა იფიქროს.

სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ამ დასკვნის საფუძველზე შესაძლოა ახალი საქმეები აღიძრას ყოფილი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ…

– ისევ და ისევ განვლილი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს საბაბი ვივარაუდოთ, რომ თუ მმართველ პარტიას პოლიტიკურად დასჭირდა ვინმეს წინააღმდეგ საქმის აღძვრა, არა მგონია, ამ ე.წ. დასკვნის პერიპეტიებს ჩაუღრმავდეს და ეს გამოიყენოს საფუძვლად. ამ პარტიას ისედაც არ უჭირს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე საფუძვლის მოძებნა, თუნდაც ზემოთ ნახსენები „სამართლებრივი აბსურდი“ გავიხსენოთ, როცა ლევან ხაბეიშვილზე ვსაუბრობდით. კიდევ ერთი მაგალითია სულ რამდენიმე დღის წინ ბაჩო ახალაიას ხსენება უკრაინიდან შემოტანილი „ჰაქსოგენის“ საქმეში. საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ვისაც ახალაიებთან შეხება არასდროს ჰქონია, უკვე მიავიწყდა კიდეც ოდესღაც ასეთი პოლიტიკური პერსონის არსებობა, როგორიც ბაჩო ახლაიაა, თუმცა ახლა ისევ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი. ასე რომ, ამ ე.წ. დასკვნის მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ აქტიური წევრების დაკავების კუთხით გაზვიადებული მგონია. თუ მართლაც სრულად დაეყრდნობიან ამ ე.წ. დასკვნას და ისე იმოქმედებენ, შეიძლება, თავიანთი პარტიის ახლანდელი სახეებიდან ძალიან ბევრის დაჭერაც მოუწიოთ, რომლებიც წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან მათთან აფილირებული სუბიექტები იყვნენ.

საგარეო საკითხსაც შევეხოთ: ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასავლეთის კრიტიკა იმითაა გამოწვეული, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი…

– თითიდან გამოწოვილი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივი გარემოებებით გაუმყარებელი ბრალდებაა დასავლელი პარტნიორების მიმართ. ფაქტობრივი გარემოებებით გაუმყარებელი იმიტომ, რომ ამის მთქმელთ არცერთი დამამტკიცებელი საბუთი არ გამოუქვეყნებიათ, რომელშიც გამოჩნდებოდა, რომ რომელიმე დასავლური საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ფორმალურად, ან თუნდაც არაფორმალურად, ითხოვდა ამას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დასავლეთიდან ვინმემ აქ, საქართველოში ვიღაცას, ვინც გადაწყვეტილების მიმღებ რგოლშია, რაღაც ხომ უთხრა ამის თაობაზე? ყველაფერს იღებენ და იწერენ, ასეთი მნიშვნელოვანი საუბარი კი დოკუმენტირების გარეშე დარჩა? და თუ მოხდა მსგავსი რამის დოკუმენტირება, მაშინ სად არის ის? როდის იხილავს მზის სინათლეს? და თუ ვიღაცამ სადღაც, არაფორმალურ გარემოში, „ჭიქა ღვინის დისკუსიის“ ფარგლებში, რაღაც ვერსიები განიხილა, რატომ არის ეს ვინმეს ოფიციალური პოზიცია, თითქოს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდეს? რაც შეეხება დაუსაბუთებელს: ამდენი ხანია, უკვე მეოთხე წელია, ისმის ეს სიტყვათა შეთანხმება – „მეორე ფრონტი“, ამ ხნის განმავლობაში კი არცერთი საღი და ლოგიკური დასაბუთება არ მომისმენია, თუ რატომ შეიძლება დასავლეთის რომელიმე ქვეყანას საქართველოში გახსნილი მეორე ფრონტი აწყობდეს? კონტრარგუმენტები კი უამრავია, თუ რატომ არ აწყობს დასავლეთს აქ მეორე ფრონტის გახსნა, მათი აქ ჩამოთვლაც მიზანშეუწონლად მიმაჩნია საგაზეთო ფორმატიდან გამომდინარე, ძალიან შორს წავალთ და ისედაც მშვენივრად იცის საერთაშორისო პოლიტიკის პერიპეტიებში ასე თუ ისე გარკვეულმა მკითხველმა. ერთ საკითხს წამოვწევ წინა პლანზე მხოლოდ: არის ასეთი გერმანელი პოლიტოლოგი, მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორი და შეიარაღებული კონფლიქტების ექსპერტი კარლო მასალა. მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა მისი წიგნი სათაურით – „თუ რუსეთი გაიმარჯვებს. ერთი სცენარი“. ამ წიგნში ის სცენარის სახით აკეთებს დაშვებას, რომ რუსეთი, ნატოს გატესტვის მიზნით, თავს ესხმის ესტონეთის ქალაქ ნარვას და გზას იხსნის ბალტიის ზღვამდე ისე, რომ ახდენს ბალტიის ქვეყნების იზოლირებას ნატოს დანარჩენი წევრი სახელმწიფოებისგან. სცენარის მიხედვით, ნატოს ქვეყნები არ რისკავენ და არ აამოქმედებენ ალიანსის მე-5 მუხლს, მესამე მსოფლიო ომის არდაწყების საბაბით. მიუხედავად იმისა, რომ ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ჟანრის ლიტერატურაა და სხვა არაფერი, ავტორი კი ამ შემთხვევაში ნატოს წევრი ქვეყნების მეტ მობილიზებულობაზე ახდენს აპელირებას, მაინც საგულისხმოა ერთი რამ: ნატო არ რისკავს მესამე მსოფლიო ომს ესტონეთის ერთი ქალაქის, სახელდობრ ნარვას გამო. რატომ უნდა უნდოდეს მაშინ დასავლეთის რომელიმე ქვეყანას საქართველოში ვითარების ესკალაცია, როცა წინასწარვე იცის, რომ სამხედრო ხარჯებს ვერ მოაკლებს ვერც საკუთარ ქვეყანას, ვერც ნატოში საკუთარ კონტრიბუციას და, ასევე, ვერ შეამცირებს უკრაინის დახმარებას, რათა სხვა ქვეყნებზე გადაანაწილოს ის? კრემლის გაძლიერება სურს დასავლეთს და ამიტომ უნდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო? თუ სურს, კიდევ ერთი მიგრაციული ტალღა მიიღოს საქართველოდან დასავლეთისკენ? მოკლედ იმის თქმა მსურს, რომ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა საქართველოსადმი თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა, რომლის ღრმა ანალიზის შემთხვევაში, მსჯელობა შეიძლება ადვილად მივიდეს პოლიტიკურ აბსურდამდე.

დაბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი რამდენად განსაზღვრავს მსოფლიოს ახალი წესრიგის მომავალს?

– მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აგრესიული ომი უკრაინაში, დაახლოებით, 12 წლის წინ დაიწყო, მაინც 2022 წლის 24 თებერვალი აღმოჩნდა ის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ მსოფლიო არსებული გეოპოლიტიკური დღის წესრიგის შეუქცევადი ცვლილებების წინაშე იდგა. უკვე თითქმის 47 თვეა, მიმდინარეობს ამ აგრესიული ომის კიდევ უფრო ცხელი ფაზა და ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვერსია გაჟღერდა, თუ როგორ შეცვლის ეს ომი მსოფლიო წესრიგს. ზოგადად, ასეთ პოლიტიკურ პროცესებზე პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, ამიტომ ამ ვერსიებზე საუბარს აღარ დავიწყებ. უბრალოდ, როგორც ჩვენს წინა ინტერვიუებშიც აღინიშნა, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დანამდვილებით: თუ გვსურს, მსოფლიო გადაიხაროს განვითარებისა და კეთილდღეობის ვექტორისკენ და არა ძალმომრეობითი ომების წახალისებისკენ, რომელსაც ბოლო სად ექნება, არავინ უწყის, აუცილებელია ამ ომის უკრაინის სასარგებლოდ დასრულება. პოზიტიურია ის გარემოება, რომ უკრაინა უკვე ნაწილობრივ თვითკმარია ამ თავდაცვით ომში, რაც, მინიმუმ, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ თუ უკრაინა სრულად ვერ გაიმარჯვებს ამ ომში (იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში), არც სრულად დამარცხდება. ეს კი იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კრემლს და მის ბინადართ მოუწევთ პოლიტიკური ვნებების ჩაცხრობა და სამართლიანობის წილი მეტი იქნება მსოფლიო გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში, ვიდრე ამ ომის მიმდინარეობისასაა. ეს, თავის მხრივ, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვისაც უკეთეს პერსპექტივას შექმნის.

 

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *