მერმა მოადგილეები წარადგინა
„დღეიდან მეორე ვადით ოფიციალურად ვაგრძელებ შუახევის მერის უფლებამოსილების შესრულებას. სრულად მაქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ხალხის ნდობით არჩეულ პიროვნებას ეკისრება. მადლობა თითოეულ შუახეველს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ერთობლივი ძალისხმევით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ჩვენი მშობლიური მუნიციპალიტეტის წინსვლისა და შემდგომი განვითარებისთვის.
მუშაობას კვლავ მაღალი პასუხისმგებლობითა და ახალი შემართებით გავაგრძელებ, მაქსიმალურად გვერდით დავუდგები თითოეულ შუახეველს და ვიზრუნებ მათი უკეთესი მომავლის შესაქმნელად“, – განაცხადა ომარ ტაკიძემ პირველ სამუშაო დღეს და საკრებულოს პირველი სხდომის გამართვის შემდეგ, მერიის თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა.
მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს მირიან აბაშიძე, ხოლო მერის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი კეკელიძე, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მერმა მომავალ საქმიანობაში მათ წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობით, მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებენ.
წარდგინებაზე ომარ ტაკიძემ, ასევე, ისაუბრა მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ოთარ ცინარიძე
გალერეა

