
„მეტამორფოზა“ – პრემიერა ახალი ინტერპრეტაციით
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ფრანც კაფკას მოთხრობის მიხედვით მორიგი პრემიერა – „მეტამორფოზა“ გაიმართა. ინსცენირება, რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მარიამ სიხარულიძეს ეკუთვნის, მხატვარი – თეო კუხიანიძე, რეჟისორის თანაშემწე კი ელენე კომახიძეა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: გიორგი ყურავა, ლია აბულაძე, ზაზა ზოიძე და ანანო იაშვილი.
გახმაურებული მოთხრობის ინსცენირება ყოველთვის იწვევს მაყურებლის დიდ ინტერესს. სწორედ ამიტომ რეჟისორმა ფრანც კაფკას საქვეყნოდ აღიარებული ნაწარმოები შეარჩია – ამბავი, სადაც ადამიანი თავის ფიზიკურ სახესაც კი კარგავს. ამ ფანტასმაგორიულ დრამას ბევრი ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური, ქვეტექსტუალური შრე გააჩნია, რაც, ბუნებრივია, თეატრალური ხელოვნების ინტერესის მიღმა ვერ დარჩებოდა. უთუოდ ამან განაპირობა ახალგაზრდა რეჟისორის არჩევანიც.
– პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ალექსანდრე ქანთარიას ჩემი მოწვევისთვის. მადლობა მთელ პერსონალს, რომ ასე კარგად დამხვდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა რეჟისორს დასი რომ თბილად მიგიღებს. შემდეგ ყველაფერი თითქოს თავის კალაპოტში დგება და ლაგდება. ჩვენ ძალიან დიდი და რთული პერიოდი გავიარეთ, რასაც კოვიდ-19-ის პანდემია ერქვა და მინდოდა, ამ პერიოდზე მომეყოლა. ყველამ ჩვენებურად გავიარეთ იგი და შესაბამისად, როცა მომეცა სპექტაკლის დადგმის საშუალება, ისეთ პიესაზე დავიწყე ფიქრი, რომლითაც ამ ამბავს მოვყვებოდი. კაფკას „მეტამორფოზა“ გამოდგა ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ამაზე დაწერილი. იქ ფაშიზმზე და სხვა რაღაცებზეა საუბარი, მაგრამ ცოტა ინტერპრეტაცია და… მგონი, მოერგო. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო, მეტიც, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ალბათ იმიტომ, რომ ისეთ თემაზე ვდგამდი პიესას, რომელიც უშუალოდ მე მინდოდა და მაყურებლისთვის გულწრფელად უნდა მომეყოლა. აღმოჩნდა, მსახიობებსაც ჰქონდათ სურვილი, რომ ერთად გვეამბა ეს ამბავი. ერთ თვეზე მეტი გადიოდნენ რეპეტიციებს, მსახიობები ისე გარდაისახნენ, რომ ახლობლებმაც კი ვერ იცნეს. დანარჩენს, ცხადია, მაყურებელი იტყვის. ჩემგან ცოტა უხერხულია სპექტაკლის შეფასება, მთავარი იყო, მაყურებლამდე მიგვეტანა ის ტკივილი და სათქმელი, რაც ყველას ერთად გვქონდა. მიხარია, რომ პრემიერის დღეებში სრული ანშლაგია. თუ ასე გაგრძელდა, ბედნიერი ვიქნები. სამომავლოდ თუ მომიწვევენ, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ, ასე არც ერთ ქალაქში არ მომწონებია მუშაობა. არ ვიცი, ეს ჰავის ბრალია, ზღვის, ხალხის თუ ყველაფრის ერთად. ერთი სული მაქვს, კიდევ როდის დავბრუნდები და როდის შევთავაზებ ბათუმს ჩემს მორიგ იდეას თუ ჩანაფიქრს, – გვითხრა მარიამ სიხარულიძემ.
– ჩემი პერსონაჟი გრეგორი ზამზა, ვფიქრობ, საინტერესო პიროვნებაა, იგი ცდილობს, რომ გახდეს ხოჭო და სწორედ ამ პროცესს იხილავს მაყურებელი. იმ სირთულეების დაძლევას, რომლებსაც პერსონაჟის განსახიერებისას ვაწყდებით, ბევრი მუშაობა, დაფიქრება და შრომა სჭირდება. მარიამმა კარგი ხერხები მასწავლა როლში შესასვლელად და ამით გამიადვილა თამაში. სანამ როლში შევალ, ცოტა ხანი სიმშვიდეში ვარ, რასაც ერთგვარ მედიტაციას დავარქმევდი. ჩუმად ყოფნა ყველაზე მეტად მეხმარება ამ დროს. მთავარია სპექტაკლზე ვკონცენტრირდე და არა იმ პრობლემებზე, რომელსაც თეატრს მიღმა ვტოვებ. ძალიან კმაყოფილი ვარ სცენაზე პარტნიორებთან მუშაობით. ყველაზე მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეს კარგი პარტნიორი, ენერგიების გაცვლით იბადება შემოქმედება და ამ დროს პარტნიორისთვის უნდა ითამაშო და არა საკუთარი თავისთვის. მადლობა ყველას, – გვითხრა მსახიობმა გიორგი ყურავამ.
– ეს სპექტაკლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 2 წელი დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი. ამხელა პაუზა ჯერ არ მქონია პროფესიაში. გამიმართლა, რომ ჩემი დაბრუნება, მარიამის ჩვენს თეატრში მოწვევას დაემთხვა. ძალიან საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორია. ჩემი პერსონაჟი თინეიჯერი მუსიკოსია. მუშაობის პროცესში ხშირად მახსენდებოდა საკუთარი თინეიჯერობა და რაღაც მსგავსება ვიპოვნე პერსონაჟსა და ჩემს შორის. პრინციპში, ყველას შეუძლია თავისი თავის დანახვა, ამ ასაკში ყველას სურვილი თავისუფლებისკენ სწრაფვაა, – გვითრა მსახიობმა ანანო იაშვილმა.
მარიამ ხითარიშვილი
გალერეა


