,,მეტაფორული აზროვნება და სიმბოლური ვიზუალიზაცია ის ენაა, რითაც სამყაროს ვეკონტაქტები”
By

,,მეტაფორული აზროვნება და სიმბოლური ვიზუალიზაცია ის ენაა, რითაც სამყაროს ვეკონტაქტები”

 მიქაელ მახარაძე ბათუმში (ხულოში დაიბადა) ცხოვრობს და აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. მხატვრის ნამუშევრები ოსტატობით, თავისთავადობით, სიღრმით და მისტიკურობით იპყრობს ყურადღებას. სიურეალისტი მხატვარი თავის სათქმელს იმდენად შთამბეჭდავად გადმოსცემს, რომ შეუძლებელია გულგრილი დარჩე. ამ ინტერვიუში გთავაზობთ მიქაელ მახარაძის პიროვნებისა და შემოქმედების მრავალმხრივ პორტრეტს, კითხვები ეხება ინსპირაციის წყაროებსა და ხელოვნებისადმი დამოკიდებულებას, ასევე, შემოქმედებით პროცესს, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, უკეთ გააცნობიეროს მხატვრის შინაგანი სამყარო და მომავლის გეგმები.
საკუთარ პერსონას როგორ წარმოგვიდგენთ?
– რთულია ადამიანმა ერთ სიტყვაში ჩაატიო, მაგრამ თუ არსებობს რაიმე აღწერა თუ ვინ ვარ, მაშინ ეს სიტყვა იქნება მხატვარი. რაც თავი მახსოვს, შემოქმედება ჩემთვის არა მხოლოდ საქმიანობა ან ჰობია, არამედ საკუთარი თავის აღქმისა და იდენტობის ნაწილი, რომელშიც ვხორციელდები როგორც პიროვნება. მეტაფორული აზროვნება და სიმბოლური ვიზუალიზაცია ის ენაა, რითაც სამყაროს ვეკონტაქტები.

რამ გიბიძგათ ხელში ფუნჯის აღებისკენ, თქვენი შთაგონების წყარო . . .
– ყოველთვის ვხატავდი და ყოველ ეტაპზე შთაგონების წყარო სხვა იყო. ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი რამ, რომ ერთ დღეს გადავწყვიტე: „მხატვარი უნდა გავხდე!“ ხელოვნებისადმი ლტოლვა და შემოქმედად ყოფნის სიყვარული ყოველთვის იყო, თუმცა შთაგონების წყარო დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მუდმივ კავშირშია ადამიანის, როგორც მოვლენის და მისი ბუნების კვლევასთან, ამაზე რეფლექსია ხდება თითოეულ ნახატში.
პირველი ნახატი და დღე, როცა თქვენი განცდა ფერებით გადმოეცით“?
– ტილოზე პირველი ნახატი სიურრეალისტური აბსტრაქცია იყო „სრულყოფილების აჩრდილი“. ნამუშევარი ერთგვარი გამოხმაურებაა მიმესისის ცნებასთან, სადაც მინდოდა გადმომეცა, რომ სრულყოფილება ფარდობითია – ის არა ობიექტურად შეფასებადი მოცემულობა, არამედ დროის კონკრეტულ მომენტში, კონტექსტში არსებული აზრობრივი აქტია მშვენიერების შესახებ. თუ ხელოვნება ბაძვის ბაძვაა – იდეათა სამყაროზე ან ბუნებაზე – მაშინ სრულყოფილება სწორედ არასრულყოფილებაში, თითოეული ადამიანის მიერ პირად პრიზმაში დანახულ სამყაროს ფრაგმენტში ვლინდება, რაც ვერ და არ იქნება ობიექტური, თუ სპეციალურად არ იქნება შეთანხმება იმაზე, თუ რა არის მშვენიერი.
თქვენი სიურეალიტური ნამუშევრები მრავალთა ყურადღებას იპყრობს. თავად რას იტყოდით საკუთარ ნამუშევრებზე?
– ნამუშევრები სიმბოლურია. ყოველთვის ვცდილობ, ნახატი მრავალშრიანი გამოვიდეს და ბევრი ინტერპრეტაციის წარმომქმნელი იყოს, რადგან თუ დამთვალიერებლის გონებაში ვაღწევ აზროვნების აქტს და იწყება მსჯელობა, სწორედ მაშინ ფორმდება ჩემი ნახატი ხელოვნებად. ფიგურები ხშირად მონუმენტურია – დროსა და სივრცეში გაჩერებული სამყაროს ფრაგმენტები, რომლებიც დაკვირვების საშუალებას იძლევა.

თქვენი პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს გაიმართა. გვიამბეთ ამის შესახებ …   
– გამოფენას „ანარეკლები“ ერქვა. წარმოდგენილი ნამუშევრები განსხვავებული იყო შესრულების ტექნიკითა და იდეური კონცეფციით, ისინი ერთიანდებოდნენ თვითრეფლექსიის გარშემო და გამოფენაც, ერთგვარად, ჩემი წარდგენა იყო საზოგადოების წინაშე, თუ რას ვქმნი.
კიდევ რომელი მიმდინარეობა მოგწონთ და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ხელოვნება ჩარჩოებისგან თავისუფალი უნდა იყოს?
– მიმდინარეობები – არა, კონკრეტული ნამუშევრები მომწონს. პოსტმოდერნულ ეპოქაში ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, უაზროა მსჯელობა, რომ კონკრეტული მიმდინარეობა რაიმე სახით სხვას აღემატება. მთავარია მხატვრული ღირებულება ინდივიდუალური ნამუშევრის. ფიგურატიულობა უფრო მეტად მიზიდავს ნამუშევარში, რადგან ამ დროს ჩვენი გონება იწყებს მუშაობას, რომ ნანახს აზრი, მიზეზი ან წესრიგი მიანიჭოს, ფიქრის პროცესი და ამაზე დაკვირვება ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, „მიმდინარეობები“ უფრო მეტად ხელოვნებათმცოდნეებისთვის და გალერისტებისთვისაა საჭირო – ნახატების აღსაწერად. თავად ხელოვანი სრულიად თავისუფალია და შეუძლია სხვადასხვა სტილში გამოხატოს თავი, ექსპერიმენტები აკეთოს და საკუთარი გამოხატვის ენა შექმნას.

– „ყველაზე განსაკუთრებული ხარ, არავის არ ჰგავხარ“ თქვა თქვენს შესახებ პოეტმა, პედაგოგმა და მხატვარმა ჟანა ანანიძემ. ეთანხმებით?
– მე და ჟანა კარგი მეგობრები ვართ. ხშირად, როცა ვსაუბრობთ, ახალი იდეა იბადება ხოლმე მისი პოეზიისთვის და ჩემი ფერწერისთვის. ჩვენ მუდმივად ვცვლით იდეებს და განვიხილავთ გარშემო მოვლენებს პოეზიისა თუ ფერწერის ჭრილში. ჟანას უნიკალური წერის სტილი აქვს – მისი ლექსები იმდენად ხატოვანია, რომ მოსმენა სურათის ან კინოკადრის ნახვას ჰგავს. რაც შეეხება ჩემ მიმართ ნათქვამს, მგონი ჩემი შესაფასებელი არაა, როგორი მხატვარი ვარ. მე უბრალოდ იმას ვაკეთებ, რაც მთელი არსებით მიყვარს; ჩემი შემოქმედების შეფასებას სხვა ადამიანებს დავუტოვებ.
როცა ხელოვნების ისტორიას ეცნობით ანუ მხატვრები, რომლებიც თქვენი მუდმივი თანამგზავრები არიან…

– „მუდმივი თანამგზავრი“ გაზვიადება იქნება, თუმცა არის ბევრი მხატვარი, რომელიც მომწონს. განსაკუთრებით გამოვარჩევ ვალტონ ფორდს და მიხეილ ვრუბელს – მათი სიმბოლური, მისტიკური ხედვა უსასრულოდ საინტერესო სამყაროა.
თვისება, რომელიც ყველაზე ფასეულია ადამიანში?
– ვუყურებ დღევანდელ მოვლენებს და ვფიქრობ, რამდენად რთულია უბრალოდ ადამიანად ყოფნა და სახის შენარჩუნება ცინიზმით სავსე სამყაროში. დღეს ჩემთვის ღირებული ის უნარია, რომლითაც, მიუხედავად ყველაფრისა, პიროვნება ადამიანურ სახეს არ კარგავს.

როგორ ფიქრობთ, თავიდან რომ დაიბადოთ, რა გზას აირჩევდით, ვინ იქნებოდით?
 – ისევ ის და იქ ვიქნებოდი, სადაც ვარ. ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით და იმ საქმით, რასაც ვაკეთებ და არ მაქვს ფიქრი, მოვლენათა სხვაგვარი განვითარების შემთხვევაში, რა როგორ იქნებოდა.
– „წუთია წუთისოფელი“ …  ეს შეგრძნება ბევრში სევდას აღვივებს …
– ის, თუ როგორ განიცდის ადამიანი ამ სევდას, პასუხია იმაზე, როგორ ცხოვრობს, რისი სჯერა და რა სურს. რა თქმა უნდა, იმის გააზრება, რომ „დავმთავრდები“, ეგზისტენციალურ ძრწოლას იწვევს. ჩვენ არა მხოლოდ მოკვდავები ვართ, არამედ მოულოდნელად მოკვდავებიც – ვოლანდის არ იყოს. ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, თითქოს ხვალ შეიძლება არ დადგეს. ასე ცხოვრება რთულია, მაგრამ გასწავლის არა მხოლოდ შენი ყოფნის ღირებულებას, არამედ ფოკუსი გადააქვს ფუჭი საგნებიდან არსებითად მნიშვნელოვან მოვლენებზე. ერთადერთი, რაც გვაქვს, მოცემული მომენტია და თუ შესაძლებელია, არსებობის ფაქტით ტკბობაც უნდა შევძლოთ.
ბუნება ყველაზე დიდი მხატვარია. რას სწავლობთ მისგან?
– ყველაფრის პასუხი ბუნებაშია. ველური ბუნება არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო. როცა იაზრებ, რომ ადამიანიც ბუნების განუყოფელი ნაწილია, ხვდები, რომ უსასრულო სამყაროში ერთ პატარა ლურჯ სფეროზე მდოგვის მარცვალს ჰგავხარ – რწმენით რომ მნიშვნელოვანი ხარ. ეს, ერთი მხრივ, დიდ ილუზიებს გიქრობს და ამასთან საშუალებას გაძლევს, საკუთარ პრობლემებს იუმორით შეხედო. სივრცით, მზის სინათლით, ბუნებისა და ბუნებრიობის ხილვით დატკბე, ცოტა ხნით გაჩერდე, ამოისუნთქო და კათარზისი განიცადო.

ხელოვნური ინტელექტი გამოვიდა ასპარეზზე…
– ხელოვნურ ინტელექტს ბევრი შიშით უყურებს, რაც მესმის და, გარკვეულწილად, ვხვდები, რომ არის საკითხები, რაც აუცილებლად დასახვეწი და დასარეგულირებელია, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის როლი მედიასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, განათლებაში და ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში. AI მშვენიერი ინსტრუმენტია, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება და ბევრ საკითხში დაეხმარება კაცობრიობას. რაც შეეხება ხელოვნებას – დიახ, აქაც ახალი ნაბიჯი და შესაძლებლობები იქმნება. შიში, რომ მალე ტრადიციული მხატვრობა გაქრება, მგონია, იგივე შიშია, რაც ფოტოგრაფიის გამოგონებისას არსებობდა, ან თითქოს კინოს თეატრი რომ უნდა მოეკლა. ხელოვნება ადამიანის შემოქმედებითი სფეროს ის ნაწილია, რომელსაც კონსერვაცია ყველაზე მეტად აზიანებს, ის ყოველთვის ეპოქის გამოძახილია და ადამიანთან ერთად იცვლება. სიახლე კი ყოველთვის ბადებს შიშს, რაც შეუცნობლის მიმართ ჩვენი ბუნებრივი რეაქციაა.
ბათუმი თქვენი გადასახედიდან
– გროტესკულია. ქალაქი და მისი იერსახე ბევრს ამბობს მის მოსახლეობაზე. ბათუმი დღეს ეკლექტიკურია – საბჭოთა კორპუსები აჭრელებულია „ჟეშტის“ ფირფიტებით, ნაგებობები, რომლებიც რეალურ საცხოვრებელს კი არა, მოდერნისტული ხელოვნების ინსტალაციას უფრო ჰგავს; მორყეული ძველი სახლები მეზობლობენ ცათამბჯენებთან. ქალაქის ასეთი სახე არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო, განსაკუთრებით ნამუშევრების ბოლო სერიაში, სადაც ურბანისტულ პეიზაჟში ტრანსცენდენტულთან მიმართებაზე ვამახვილებ ყურადღებას. ეს ის მომენტია, როცა ის, რაც რეალობაში არ მოგწონს, ხელოვნებაში საინტერესო და, გარკვეულწილად, ლამაზიც ხდება.

დაბოლოს, რა გინდათ გასძახოთ სამყაროს ანუ სურათი, რომელსაც მომავალში დახატავთ?
– ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სათქმელი გვაქვს. ამჟამად ვმუშაობ ნახატებზე, სადაც ანგელოზები ფიგურირებენ. ერთ-ერთ ნამუშევარში, რომელიც ჯერ არ დამისრულებია, ქერუბიმი ეცემა და ანგრევს ქალაქს. ეს ნახატი ბევრ რამეს გამოხატავს, რადგან მასში ბევრი პატარა სიმბოლური დეტალია, მაგრამ ნამუშევრის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ცინიკური მსოფლმხედველობრივი აღქმა გამანადგურებელია საზოგადოებისათვის. აუცილებელია იმაზე მუშაობა, რომ არსებობდეს ღირებულებები, რომლებსაც ჩვენს თავში დავიცავთ. არ შეიძლება ერთის გვჯეროდეს და მეორეს ვაკეთებდეთ, რადგან, როცა ეს მასობრივ სახეს იღებს, ნამდვილი ფასეულობები, რომელიც ადამიანს პიროვნულად და საზოგადოებრივად აკეთილშობილებს, თეატრალურ ბუტაფორიად იქცევა – რეკვიზიტებად, რომლებსაც მხოლოდ მაშინ ვიყენებთ, როცა წარმოდგენას სჭირდება. ასეთ დროს, მყარი მორალური ორიენტირების გარეშე, მარტივად ვეგუებით ყოველგვარ უსამართლობასა და ბოროტებას, პასუხისმგებლობის მოხსნის ყველაზე გაცრეცილი და საზიზღარი ფრაზით: „ცხოვრება ასეთია“.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • იანვარი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *