მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დენის სალუქვაძე დაესწრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
მინისტრმა თავის გამოსვლაში მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„სატყეო სექტორს აქვს ის შედეგები, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას. ამ სარგებლის მიღებისთვის საჭიროა ტყის რესურსის სწორი მართვა, ტყეების დაცვა, მოვლა და აღდგენაზე ზრუნვა, რაშიც მეტყევეების როლი განსაკუთრებულია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეტყევეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დენის სალუქვაძემ.
წარმატებული საქმიანობისთვის სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცათ ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ღონისძიებაზე სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ.
მეტყევის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გალერეა

