
მეცნიერების ფესტივალი – „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბსუ-ის ორგანიზებით, მეცნიერების ფესტივალი – „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართა.
იგი მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, სამეცნიერო საქმიანობით ახალგაზრდების დაინტერესებას, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობის ზრდას კვლევებსა და ინოვაციებში.
მეცნიერების ფესტივალი გახსნეს ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ქოქრაშვილმა.
სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში, ბსუ-ის მეცნიერები და პროფესორები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „შავიზღვისპირეთი – ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე IV“. უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე მოეწყო სამეცნიერო პავილიონები, სადაც წარმოდგენილი იყო სამეცნიერო პროექტების შედეგები, ინტერაქტიული ექსპერიმენტები, თემატური გამოფენები, საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები.
ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბათუმი ქალაქია, სადაც მეცნიერებას ნამდვილად აქვს მომავალი.
– საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდითა და ინიციატივით, 2017 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სამეცნიერო ფესტივალი, რომელსაც, აგრეთვე, სამეცნიერო პიკნიკსაც ვუწოდებთ. მხოლოდ 2 წლის განმავლობაში, პანდემიის პერიოდში არ ჩატარებულა. წელს მეშვიდედ ვმასპინძლობთ ამ ღონისძიებას. წლიდან წლამდე, მისი მასშტაბი იზრდება. თუ 2017 წელს მხოლოდ 8 უნივერსიტეტი მონაწილეობდა, დღეს ვმასპინძლობთ 20 უნივერსიტეტსა და 14 სკოლას მთელი საქართველოს მასშტაბით. ესენია: თსუ, საქართველოს უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბერიტაშვილის ცენტრი, ელიავას ცენტრი, ობსერვატორია… ასევე, აჭარაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძოდ, ნავიგაციის უნივერსიტეტი, ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი ავიცენა, ბაუ, ხელოვნების უნივერსიტეტი და სხვა. რაც შეეხება სკოლებს, ისინი 2022 წლიდან შემოგვიერთდნენ. პირველად საქართველოს მეცნიერების დეპარტამენტის ეგიდით ჩავატარეთ კონკურსი მოსწავლეებისათვის და დავაჯილდოვეთ ისინი, გასულ წელს კი სკოლებს მივეცით საშუალება, თავიანთი აქტივობებით გამოსულიყვნენ. შარშან 8 საჯარო სკოლა გვყავდა, წელს – 14 საჯარო და კერძო სკოლა. გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ფესტივალში სხვადასხვა ორგანიზაციაა ჩართული: მუზეუმების გაერთიანება, ბოტანიკური ბაღი, გარემოს ეროვნული სააგენტო, ტექნოპარკი… ამ ღონისძიების მთავარი მიზანი გახლავთ მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლიდან, სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „შავი ზღვისპირეთი – ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ ჩაეყარა საფუძველი, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება. წელს გვყავს 288 მომხსენებელი და მონაწილეობს 10 უცხოური ქვეყანა, მათ შორის: საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, აზერბაიჯანი, თურქეთი… კონფერენცია ყოველწლიურად აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს. შეიქმნა ამ კონფერენციასთან არსებული სამეცნიერო ჟურნალიც, რომელიც შესულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან, „ერიჰ+“-ის სამეცნიერო ბაზაში, – გვითხრა სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა თამარ მაჭუტაძემ.
ღონისძიებაზე 45-მდე სტენდი დაეთმო უნივერსიტეტებს, ორგანიზაციებს, კვლევით ცენტრებს, კერძო და საჯარო სკოლებს, მუზეუმებს, რომლებმაც საინტერესო ექსპერიმენტები, სახალისო აქტივობები, ინტერაქციული გამოფენები და სამეცნიერო პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
– ბსუ-ის სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ვართ ევროკავშირის დაფინანსებული საგრანტო პროექტით „დიზაიერი“, რაც გულისხმობს სოციალური უნარების განვითარებას სომხეთსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პროექტის მიზანია რბილი უნარების განვითარება, ვინაიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განვითარებული იყო ე.წ. მყარი უნარები. შესაბამისად, თანამედროვე შრომის ბაზარმა მოითხოვა, ასევე, რბილი უნარების განვითარებაც. ეს გულისხმობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა კომუნიკაცია, ჯგუფში მუშაობა, დროის მენეჯმენტი, პროფესიული განვითარება და ასე შემდეგ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ხდება 10 სასწავლო მოდულის შემუშავება. შეიქმნა რბილი უნარების ლაბორატორია, შეძენილია ასამდე დასახელების ქართული და ინგლისურენოვანი ლიტერატურა. ბსუ-ში ტარდება ტრენინგებიც, რომელიც განავითარებს სტუდენტებსა და ადმინისტრაციაში ისეთ უნარებს, როგორებიცაა კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება. სტუდენტები ასრულებენ პრაქტიკულ ამოცანებს, ხდებიან უფრო წარმატებულები თავიანთ საქმიანობაში და დასაქმების არეალიც ფართოვდება. რბილი უნარების გამოყენება ჩვენთან ჯერ კიდევ კომერციულ ბანკებში დაიწყო მაშინ, როდესაც მას ერქვა ე.წ. სერვის პლუსი. თუმცა, ევროკავშირი თვლის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რბილი უნარები ნაკლებად არის განვითარებული და სწორედ ამ პროექტის დახმარებით სურთ ამის გამოსწორება, – გვითხრა ბსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნოს უფროსმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და საგრანტო პროექტ „დიზაიერის“ ლოკალურმა მენეჯერმა თამარ ღოღობერიძემ.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ფესტივალის დაარსების დღიდან სისტემატურად მონაწილეობს მასში. იგი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ცოდნის გაღრმავებისთვის. შესაძლებლობა გვაქვს, რომ ის კვლევები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტში ამ დარგში მიმდინარეობს, ფართოდ წარვუდგინოთ აუდიტორიას. ვინაიდან ეს ფესტივალი უკავშირდება საზღვაო ქვეყნის ლურჯ თემატიკას და მისი ეკონომიკის განვითარებას, ჩვენ წარმოვადგინეთ ის კვლევები, რომლებიც დაკავშირებულია ზღვებთან, მათ შორის, შავი ზღვასთან. ჩვენთან ხორციელდება საკმაოდ ბევრი სამეცნიერო საგრანტო პროექტი, რომელიც ზღვის ეკოლოგიას და მათ შორის, შავი ზღვის სამეცნიერო მონაცემებს, სანაპირო ზოლის მდგომარეობას ეხება. ეს არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული დიდი პროექტები, როგორებიცაა „ბლექ სი ქონექტი“, „ბრიჯი“, „ემოდნეტი“ და ა.შ. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოვადგინეთ შესაბამისი პოსტერები, ნაბეჭდი მასალები. მოსწავლეებს და სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ საზღვაო კუთხით მიმდინარე კვლევებს, შესაბამის მასალას… პროექტის ფარგლებში ბავშვებს გადავეცით საჩუქრები. რამდენიმემ გამოთქვა სურვილი, რომ გააგრძელოს ამ მიმართულებით სწავლა, გახდეს სტუდენტი, რაც ძალიან სასიამოვნოა. იმედი მაქვს, ეს ტრადიცია გაგრძელდება. ჩვენც სიამოვნებით ჩამოვალთ ამ შესანიშნავ ქალაქში და წარმოვადგენთ ჩვენს კვლევებს ამ მიმართულობით, – გვითხრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ სამეცნიერო სფეროში, ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა ტრაპაიძემ.
– ჩვენ წარმოვადგენთ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს, სადაც თავმოყრილია 21-მდე კვლევითი ლაბორატორია. შეხვედრის ორგანიზტორია განათლების სამინისტრო, რომელიც ემსახურება მეცნიერების პოპულარიზაციას, გაცნობას. ფესტივალზე წარმოდგენილი ვართ გამოყენებითი რადიაციული კვლევების, თავის ტვინის ულტრასტრუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიით, ასევე, ნეიროტოქსიკოლოგიის და მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორიებით. ფესტივალში ყოველწლიურად ვმონაწილეობთ, ბათუმში ჩამოსვლა განსაკუთრებით გვიყვარს. კონფერენციებსაც ვმართავდით, ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა რეგიონშიც ჩავდივართ. ახლახან ზუგდიდში ვიყავით, მალე თელავს ვესტუმრებით. ვთვლი, რომ განათლების სამინისტრომ ამ კუთხით ნამდვილად კარგი საქმე გააკეთა, სტუდენტები და მოსწავლეები ამ სფეროს გაეცნობიან და ვინ იცის, იქნებ მომავალიც ამ საქმეს დაუკავშირონ. ივანე ბერიტაშვილი კახეთის სოფელ ვეჯინიდან იყო. იქაური სკოლებიდან ჩამოგვყავს ხოლმე მოსწავლეები, ვაჩვენებთ, რა კვლევები მიმდინარეობს ლაბორატორიებში, რომ მათი ცოდნის არეალი გაფართოვდეს, – გვითხრა გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორიის მეცნიერმა თანამშრომელმა სალომე კიპაროიძემ.
ღონისძიებასა და მის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული ბსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობაც.
– სამეცნიერო ფესტივალს ორგანიზებას უწევენ ბსუ-ის სტუდენტები. ისინი აქტიურად ატარებენ ცდებსა თუ საინფორმაციო შეხვედრებს. სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ეს ფესტივალი არ არის მხოლოდ მეცნიერული აქტივობებისთვის, ეს არის მოწვევა ყველასთვის, ვისაც სურს იფიქროს, იკითხოს და იპოვოს პასუხები. თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ, აქ მიღებული შთაგონება გადაექცეს ახალ იდეებად, ახალ აღმოჩენებად და იმ პატარა ნაპერწკლად, რომელიც მომავალში დიდ სინათლედ იქცევა, – გვითხრა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ლიზი ხალვაშმა.
მარიამ ხითარიშვილი