
მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოცხადება 6 აგვისტოს, 14: 00 საათისთვის გადადო. დღეს მზია ამაღლობელმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. ჟურნალისტმა ეს სიტყვა დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის შესახებ საუბრით დაიწყო: „ერთ-ერთ სხდომაზე ვთქვი, გარეთ მოვლენები ისე ვითარდება, ჩემს საქმეზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. . . ის იმავე დაწესებულებაშია, სადაც მე, მაგრამ ისე ვართ იზოლირებული, შემთხვევითაც ვერ შევხვდი. ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ! მაშინ, როცა გავიგე, რომ ნინო დათაშვილი პროკურატურას იძულებით ჰყავდა გადაყვანილი ფსიქიატრიულში, ჩამოვიშალე. . . ბატონო პროკურორებო, ხანდახან ბრაზისგან მეც თვალი ამიცრემლიანდა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმა მიკანკალებს – რას ფიქრობთ, მეც ხომ არ უნდა გადამამოწმოთ ფსიქიატრიულში? ჩემი სათქმელი ნინო დათაშვილის ამბავმა შეცვალა, მინდოდა მესაუბრა „ნეტგაზეთზე“, „ბათუმელებზე“, – თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლოს დარბაზში. მედიამენეჯერმა დასკვნით სიტყვაში ასევე ისაუბრა საპროცესო შეთანხმების შეთავაზების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ისაუბრა პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმების შეთავაზებაზე და აღნიშნა, რომ მასზე დათანხმება სიკვდილის ტოლფასია მისთვის.
„მინდა ვისაუბრო შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე. იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება „გამოსავალია“. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა – დედა მენატრები. როცა გავიგე, რომ მის ოჯახში საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ, გამიხარდა. ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ – პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი. მახსოვს, პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა – ჩვენს კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმები, რომელი მუხლი შეგეფერებაო. ეს საქმე ამ დრომდე ისე მოიტანა გამოძიებამ, ჩემი აზრი არ უკითხავთ – მიუკერძოებლად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. „სისხლით დაგიჭერო“, საჯაროდ მომცა პირობა, 4-დან 7 წლამდე – პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა“, – თქვა მზია ამაღლობელმა. მან პროკურორს მიმართა და უთხრა: „ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორო და ყველა იმ პირის, ვინც ჩართული იყო. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ“, – თქვა მზია ამაღლობელმა და თავისი სიტყვა საზოგადოებაზე მადლობით დაასრულა. „სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების ძალას – ბრძოლა გამარჯვებამდე!“, – აღნიშნა მზია ამაღლობელმა.
ნანა აბულაძე