
მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლე, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს განაჩენს
დღეს, 4 აგვისტოს, დღის 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, რომელიც 7 თვეა მიმდინარეობს, დასრულდება. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. სავარაუდოდ, მოსამართლე დღესვე გამოაცხადებს განაჩენს. მედიამენეჯერის საქმეზე დასკვნითი პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველ აგვისტოს დაიწყო და დაახლოებით 10-საათიანი მიმდინარეობის შემდეგ, მზია ამაღლობელის მოთხოვნით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, 4 აგვისტოსთვის გადაიდო.
„სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს. მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა“, – თქვა მზია ამაღლობელმა 1-ელი აგვისტოს სხდომის დასასრულს. პირველ აგვისტოს გამართულ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგა. მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი 7 საათი კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას და დეტალურად ასაბუთებდა, თუ რატომ არ უნდა იყოს განხილული სილის გაწვნა სისხლის სამართლის კოდექსით.
„არცერთი ვართ ისეთი სულელი, რომ არ ვიცოდეთ, სად ვართ, რა საფრთხეების წინაშე ვართ, რამხელა ზეწოლის წინაშეა სასამართლო. ყველაზე მთავარი კითხვა მქონდა მოსამართლესთან: აქვს მას ის უნარები, რომ გაუძლოს ამხელა სახელისუფლებო ზეწოლას?!“, – აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და დასძინა, რომ მას არ აქვს პოზიტიური მოლოდინები.
„არაფერს ველოდები. ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ბურთი სასამართლოს მოედანზეა. სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილება პოზიტიური მოლოდინების უფლებას არ მაძლევს. მაგრამ, მეორე მხრივ, მთელი ჩემი პროფესიული გამოცდილება ვერ ეგუება ამას და შეუძლებელია, იურისტმა პროგნოზები გითხრათ. ერთი კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ორშაბათს ეს მოსამართლე გამოვა და საკუთარ განაჩენს გამოაცხადებს“, – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, დაახლოებით 10-საათიანი სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ.
ამ დროის განმავლობაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, სასამართლოს: „გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი, შეწყვიტეთ დამოუკიდებელი მედიის დევნა“. სასამართლო შენობასთან, როგორც ადგილობრივ, ისე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ადამიანებთან ერთად, იდგნენ აქციებზე დაკავებული და დაპატიმრებული ახალგაზრდების დედები, რომელთა მოთხოვნა უცვლელია – „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები“. იქ შეკრებილები ერთხმად აცხადებდნენ, რომ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის მისჯა „ყოვლად დაუშვებელია“ და რომ ეს იქნება „ქვეყნის სირცხვილი“. სასამართლო პროცესის შემდგომ, მზია ამაღლობელის ადვოკატმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ფიქრობს საპროცესო შეთანხმების შესახებ პროკურატურის შეთავაზებაზე.
„კიდევ ერთხელ ავხსნი: საპროცესო შეთანხმების შემოთავაზება ამ შემთხვევაში არის მანიპულირება საზოგადოებრივ განწყობებზე. ვისაც ტვინი აქვს და ვინც დღევანდელ პროცესს უსმენდა, ამაში დარწმუნდება. ამიტომ დავხარჯეთ ამ პროცესზე ამდენი საათი. რასაკვირველია, ეს არის სწორედ ის, რასაც პირველი დღიდან ახმოვანებს ხელისუფლების არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი – „აღიარეთ, მოინანიეთ, მერე ვილაპარაკოთ“. წერა-კითხვის უცოდინარს არ ჰგავს მზია ამაღლობელი. არც იმ ადამიანს ჰგავს, ვინც ვერ იაზრებს, სად არის და რა ელოდება. მაგრამ ეს ადამიანი ამბობს, რომ არ ვითხოვ თქვენგან გულმოწყალებას, არ ვითხოვ თქვენგან რამის პატიებას. ჩავიდინე ის, რაც ჩავიდინე. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც თქვენ მაბრალებთ, ეს არ არის თავდასხმა პოლიციელზე“, – აღინიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
პროკურატურა მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში სისხლის სამართლის დანაშაულით ასამართლებს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
დღეს, პირველ საათზე, მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. დღეს, არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ ევროპარლამენტი და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ელოდება, თუ რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე ნინო სახელაშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.
ნანა აბულაძე