
მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა საპატიმრო სასჯელი. ცნობისთვის: მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, უკვე 12 იანვარს, ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული – „სამართალდამცავზე თავდასხმა“ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მზია ამაღლობელს პროკურატურა სთავაზობდა საპროცესო შეთანხმებას, თუმცა ის ამ შეთანხმების წინააღმდეგია. თავის დასკვნით სიტყვაში, მზია ამაღლობელმა თქვა, რომ მისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზება „სიკვდილის“ ტოლფასია.
მზია ამაღლობელის გათავისუფლებას თვეების განმავლობაში ითხოვდა არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. მის სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საელჩოების, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი მოუწოდებდნენ „ქართულ ოცნებას“, მოეხსნათ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეეწყოთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის. სასამართლო სხდომები საპროტესტო აქციების ფონზე იმართებოდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც მზია ამაღლობელის კოლეგები და აქტივისტები, ისე რიგითი მოქალაქეები. „თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „დღეს წააგო სისტემამ“ – ისმის შეძახილები ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.