მთაში სახალხო დღესასწაულებმა სტარტი აიღო
By

მთაში სახალხო დღესასწაულებმა სტარტი აიღო

ხულოს მთებში ტრადიციულმა სახალხო დღესასწაულმა სტარტი აიღო. მთა ჩუდურაული პირველია, რომელმაც წინა წლების მსგავსად „შუამთობის“ დღესასწაულს უმასპინძლა. ზეიმი ღორჯომის სასოფლო კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ანსამბლ „ღორჯომის“ ცეკვა „განდაგანით“ გაიხსნა. შემდეგ ღია ცის ქვეშ მოწყობილი სცენა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლებსა და ფოლკლორულ ჯგუფებს დაეთმო.
მემთეურებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა სპორტული აქტივობები ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში, ტრადიციულად ჩატარდა დოღიც. გამარჯვებული გუნდები და მხედრები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

– „შუამთობა“ უძველესი სახალხო დღესასწაულია და მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს. „შუამთობა“ ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა საზაფხულო იალაღზე ჩატარდება, ამის შემდგომ ყველაზე მასობრივი ზეიმი კურორტ ბეშუმის შემოგარენსა და მთა ზოტიყელში იქნება, – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ივლისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *