
მთა ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი გაიხსნა
ბოლო წლებში მთა ჩირუხი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. აქ მრავალი საერთაშორისო, რესპუბლიკური და ადგილობრივი ფესტივალი, მეცნიერული სიმპოზიუმი, სპორტული ღონისძიება გაიმართა. ამიერიდან ეს ტერიტორია კიდევ უფრო მეტ ვიზიტიორს მოიზიდავს – მთა ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი ამოქმედდა. მისი სიგრძე 1789 მეტრია და ზედა სართული ზღვის დონიდან 2445 მეტრზეა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან, შუახევის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, ბათუმის თვითმმართველობის, უცხოეთიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ზიპლაინის გახსნასა და მთა ჩირუხში „შუამთობის“ დღესასწაულზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ზიპლაინი ოფიციალურად გახსნა.
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩირუხის მთა დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ გოდერძისთან, სადაც უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები. შესაბამისად, ახალი, ორზოლიანი ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ხულოსა და შუახევს შორის.
ზიპლაინის ქვედა სართულის შემოგარენშია მემთეურების საზაფხულო სახლები და დასასვენებელი კოტეჯები. შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, სხვა მთების მსგავსად, აქაც მოაწყო ტერიტორია „შუამთობის“ ზეიმისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების გასამართად.
წლევანდელი „შუამთობა“ დამსწრეთა რაოდენობით გამორჩეული იყო. სულხან თამაზაშვილმა დამსწრეთ „შუამთობის“ დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა: „აჭარაში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა ამბიციური პროექტის განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. წელს შუახევის მუნიციპალიტეტში „შუამთობის“ დღესასწაულს განსაკუთრებული სიახლით ვხვდებით. ამ მთაში აშენდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც დღეს ოფიციალურად გავხსენით. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა ზიპლაინის მშენებლობის თითოეული ეტაპი. პროცესში ჩართული იყო იტალიური კომპანია. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა.
ჩირუხის ზიპლაინი გამორჩეული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაა მთიან აჭარაში, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აჭარის რეგიონში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ამბიციური პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“.
„შუამთობის“ მონაწილეებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე. შემდეგ სცენა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს: „შუახევს“, „ზე-კართან“, „ჭვანას“, ჯგუფ „ურსას“ დაეთმო.
გაიმართა სპორტული პაექრობები მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში. მარჯვენა მკლავის გადაწევაში ჩემპიონი გოგი ბერიძე გახდა, მარცხენაში – თამაზ დიასამიძე. ქართულ ჭიდაობაში აბსოლუტური ფალავნობა თამაზ ბედინაძეს ერგო, რომელმაც ფინალში შარშანდელი ფალავანი რიჩარდ ფუტკარაძე დაამარცხა.
აჭარის მთიანეთის შვილია რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე. ამ რანგში იგი „შუამთობის“ ზეიმს პირველად დაესწრო. „გილოცავთ სიახლესა და ტრადიციულ სახალხო ზეიმს. დღეს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. გავხსენით ზიპლაინი, რომელიც სიგრძითა და სხვა ტექნიკური სიახლეებით ევროპაში პირველ ადგილზეა. მისი მასშტაბები რეგიონს სასიკეთოდ წაადგება“, – თქვა ედნარ ნატარიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ფრიდონ ფუტკარაძეს საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აქვს თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ჩვენებურებთან. ამ მეგობრობის ნიშნად, მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა სტამბოლში მოქმედი „ბეიკოზი-ბათუმის“ ქართული ასოციაციის წარმომადგენელმა, დედაენის კურსის მასწავლებელმა მერი დიასამიძემ.
– ჩემი ბაბუა მიმინაშვილი იყო, დედა გოგიტიძეა, მეუღლე გოლომანიძე, ნათესაური ურთიერთობები მაქვს შუახეველ ქათამაძეებთან. 73 წლის ვარ. „შუამთობის“ ზეიმს პირველად ვესწრები. ეს რა მშვენიერი ტერიტორიები გაქვთ, გასაოცარი მასპინძლობაც იცით. ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონი გავხდი, მსოფლიო პირველობის პრიზიორიც ვარ, მრავალი ქვეყანა მოვიარე, მრავალ ღონისძიებასაც ვესწრებოდი, მაგრამ რაც აქ ვნახე, შეუდარებელია, – გვითხრა თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებმა ჩვენებურმა სევგიჯან იალჩინმა.
ჩირუხს „გაუშინაურდა“ ჯგუფ „ურსას“ ხელმძღვანელი გიორგი ძოწენიძე, რომელთანაც სახელდახელო ინტერვიუ ჩავწერეთ:
– უკვე მეორე წელია ამ მთას სტუმრობთ. . .
– პირველ რიგში, დიდი პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო აჭარაში მცხოვრებთა მიმართ. არ მავიწყდება ის სითბო, რომელსაც ყველა ასაკის ადამიანისგან ვგრძნობ. ისინი უკვე აქაურად მიმიჩნევენ. მადლობა მათ, მადლობა ორგანიზატორებს, რომ ამ ხალხის წინაშე მუსიკალური ნომრებით გამოსვლის შესაძლებლობა მოგვეცა.
– რა მიგყვებათ ამ მთებიდან?
– მშობლიური ხელოვნებისადმი გამოხატული უდიდესი სიყვარული და ეროვნული პათოსი.
– თქვენი დამოკიდებულება ადგილობრივი ფოლკლორისადმი?
– სადაც სიყვარულია, იქ ფოლკლორიც ვითარდება. მე ვხედავ განვითარებას ყველა მიმართულებით. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უგემრიელესია აქაური კულინარია. ყველა კერძი თავისებური რეცეპტით მზადდება.
– არ გიჩნდებათ სურვილი, რომ „ურსას“ რეპერტუარში აქაური ფოლკლორიც შეიტანოთ?
– სხვათა შორის, დღეს შევხვდი ფოლკლორულ ანსამბლ „შუახევის“ წევრს, რომელმაც ადგილობრივი სიმღერა ფანდურის თანხლებით შეასრულა. არაა გამორიცხული, ეს სიმღერა „ურსას“ რეპერტუარში შევიტანოთ.
ოთარ ცინარიძე