
მიზანი – ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში
ბათუმის მერიაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) თვითმმართველი ქალაქების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში, განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება იყო.
ათეა-ს პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მუნიციპალური ასოციაციების გაერთიანების სახელმძღვანელო დოკუმენტი წარადგინეს და მონაწილეებს გაუზიარეს რეგიონის გამოცდილება მუნიციპალიტეტების ინტერესების ადვოკატირების მიმართულებით.
ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან ასოცირების პროცესის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობებიც გააცნეს. მათ შორის, IPA პროგრამები, სტრუქტურული ფონდები და რეფორმების დღის წესრიგი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების მდგრად განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება.
შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მასში თვითმმართველი ქალაქების მერებისა და საკრებულოების წევრებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრის შემდეგომ მონაწილეებმა რეაბილიტირებული რუსთაველის ქუჩა და ყინულის არენა დაათვალიერეს, როგორც წარმატებული ურბანული განახლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მაგალითები.
გალერეა


