„მიიღონ დაუყოვნებელი ზომები, შემოიღონ პირადი სანქციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ“ – 5 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება
By

„მიიღონ დაუყოვნებელი ზომები, შემოიღონ პირადი სანქციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ“ – 5 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება

საქართველოსთან დაკავშირებით ხუთმა ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა, რასა იუკნევიჩიენემ, მუნირ სატურიმ, სერგეი ლაგოდინსკიმ და ნილს უშაკოვსიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შეზღუდულ გარემოში გაიმართა, თვეების განმავლობაში თვითდანიშნული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების კონტექსტში. ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღკვეთა სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება ეუთო/ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას.

ჩვენ შეშფოთებული ვართ არჩევნების შემდეგ ქუჩაში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებებით და ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ შეაჩეროს დემოკრატიის წინააღმდეგ თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს მომიტინგეების დაპატიმრება და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებულები“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორებმა ასევე დაგმეს „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და ევროკავშირის წინააღმდეგ ბოლო დროს აგორებული აგრესიული კამპანია.

„ჩვენ ასევე ვგმობთ ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდ აგრესიულ კამპანიას, მათ შორის ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩების, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ცალკეული წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდასხმებს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ გამოცხადებულ განზრახვას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რაც საქართველოს ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალი კულმინაცია იქნება“, – აღნიშნავენ ევროპარლამენტარები და ევროკავშირს პირადი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებენ.

„ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი, მიიღონ დაუყოვნებელი ზომები და შემოიღონ პირადი სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *