
მილოცვა თამილა დავითაძეს
ნახევარი საუკუნე უკან მოიტოვე, მშობლების სათაყვანებელო შვილო, ერისა და ქვეყნის სამსახურში მდგომო. მშობლებს, თქვენს კოლეგებსა და ახლობლებს გვეამაყება და გვიხარია, რომ 1975 წლის 11 სექტემბერს, მწერლის ოჯახში დაბადებული, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, 2005 წელს გაფორმდი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურისა და დოქტორანტურის განყოფილებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე მაძიებლად. 2009 წელს მოგენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი (ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობით). 1999 წლიდან ეწეოდი აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას: 1999-2007 წლებში ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ კოლეჯში ასწავლიდი საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიასა და ფრანგულ ენას. 2007-2008 წლებში, ბათუმის მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტში („მასკი“) – ინგლისურ და ამერიკულ ლიტერატურას, ასევე საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიას; 2009-2010 წლებში – საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა აბუსერისძე ტბელის სასწავლო უნივერსიტეტში – საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიას; 2006 წლიდან კითხულობ ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2008 წელს მოგენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ევროპეისტიკის დეპარტამენტის უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 2009 წლიდან დღემდე არჩეული ხარ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად. ხარ სამი მონოგრაფიის, სამი სახელმძღვანელოსა და ოცდაათიოდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. შესანიშნავი ოჯახი გყავს, მეუღლესთან ერთად ორი შვილი გაზარდე. ჩვენო თამილა, გილოცავთ დაბადებიდან 50 წლისთავს. დღემდე წარმატებული ცხოვრებით მოდიხარ და ასე იარე. სიკეთე, ხანგრძლივი სიცოცხლე და ულევი წარმატებები გქონოდეს!
მამა ემენ დავითაძე, მწერალი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები
გალერეა
