18 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
„მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს შენარჩუნების წინაპირობებს“
By

„მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს შენარჩუნების წინაპირობებს“

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლეთის პოლიტიკური ელიტა დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც ცნობილია, ისინი ეყრდნობიან თავიანთ ელჩებსა და სხვა, მათთვის სანდო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად დღესდღეობით, ქართულ პოლიტიკაში კრიზისია – პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოდგენილი, პოლიტიკური ლიდერები დაჭერილი არიან და თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ მიიღებს მონაწილეობას, ეს საქართველოს იმიჯს დასავლეთში მნიშვნელოვნად შეარყევს. მმართველი გუნდის აზრით, დასავლეთის კრიტიკას განაპირობებს, ის რომ ქვეყანამ არ გახსნა მეორე ფრონტი და თავისი სუვერენიტეტი დაიცვა. ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ამის გაცნობიერება ყველას ვალია. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, ოპოზიცია და მმართველი პარტია სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. სათქმელია ისიც, რომ დასავლეთში სულ უფრო ისმის ხელისუფლების კრიტიკა, ოპოზიციაში ალაპარაკდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, რაც ცხადია, ჩვენი ქვეყნისთვის არასახარბიელო იქნება. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ( ჯიპა) დოქტორანტი კობა ჯუმუშაძე.
– საუბარი საქართველოში არსებული ვითარებით დავიწყოთ, რა მოვლენებს გამოყოფდით და რამდენად პოზიტიურია ან უარყოფითი, ისინი ქვეყნისთვის?
– მიმდინარე მოვლენებში პოზიტიური დღის წესრიგი, ფაქტობრივად, არ იკვეთება. პარტია „ქართული ოცნება“ და მისი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველები სახელმწიფოს სწრაფი ნაბიჯებით მიაქანებენ ავტორიტარული რეჟიმის საბოლოო ფორმირებისკენ. განვმარტოთ, რატომ ვფიქრობ ასე. ავტორიტარიზმი არის მმართველობის სისტემა, სადაც ყოველგვარი, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური, საფუძვლების გარეშე უგულებელყოფილია ხალხის ნება (დემოკრატია), პლურალიზმი და ინდივიდუალიზმი. ეს ჩანს იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელთა ნაწილიც ბოლო ორი წლის და განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში იქცა კანონად, ზოგიც კი პროცესშია და ალბათ მალე დაკანონდება, თუმცა აქ მთავარი არის ის, რომ ეს კანონები თავისი არსით ვერანაირად ვერ პასუხობენ რაციონალურად გააზრებულ სამართლიანობის პრინციპებს. ერთია, რომ გაქვს ძალა და აკანონებ რაღაცას, მაგრამ მეორეა, მიზეზშედეგობრივი ანალიზი და სამართლიანობის პრინციპი. ასეთი ფილტრაციის და ყოველგვარი საზოგადოებრივი დისკურსის გარეშე მიღებული კანონებით მიმდინარეობს შემდეგ ზეწოლა მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე და, ზოგადად, განსხვავებული პოზიციის მქონე ყველა ინდივიდზე, იკლებს სახელისუფლებო თუ სამართლებრივი ინსტიტუტების საქმიანობის გამჭვირვალობა, რაზეც წინა წლებში ასე აპელირებდა იგივე პოლიტიკური ძალა. ამ ყველაფერში კი, დამეთანხმებით, პოზიტიური არაფერია.
– სხვათა შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, სიცრუის ტირაჟირებითაა დაკავებული და დასავლეთში ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. რას ფიქრობთ?
– ცდებიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები და პირველ რიგში იმაში, რომ ქვეყანას აიგივებენ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან („ქართულ ოცნებასთან“), რომელსაც თავად წარმოადგენენ, მეორე რიგში კი, თუ უკვე დაუშვი და შენი პარტია გააიგივე მთელ ქვეყანასთან, ბუნებრივია, ოპოზიციის არსებობით ვერ იქნები კმაყოფილი, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთი შეცდომაა. ოპოზიცია სახელმწიფოს დემოკრატიული პრინციპებით მართვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. თავისი არსით ის იმავე მნიშვნელობის მქონე კომპონენტია, როგორი კომპონენტიცაა მმართველი პარტია ან მმართველი კოალიცია. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერთს შედარებით მეტი ადამიანი ემხრობა და ირჩევს, მეორეს კი ნაკლები. შესაბამისად, ქვეყნის უკუსვლაში ბრალს სდებდე ოპოზიციას, რომლის ნაწილიც არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში, ნაწილი კი 13 წლის წინ გაისტუმრა ქართველმა ხალხმა მართვის სადავეებიდან, ნიშნავს პროპაგანდის ჩართვას საქმეში და ამ პროპაგანდით საკუთარი პოზიციის განმტკიცების მცდელობას, მართვის უნარის არქონის გადაფარვას. ამას კი იმიტომ სჩადის „ქართული ოცნება“, რომ თავადაც იცის, მისი პოპულარობა ქვეყანაში არცერთი ლოგიკური დასკვნითა თუ ჩატარებული კვლევით (მაგ. იხ. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ბოლო კვლევა) არანაირად აღემატება ოპოზიციური პარტიების საერთო პოპულარობას, მეტიც, გამოკითხულთა დაახლოებით მესამედი ემხრობა მათ პოლიტიკას. ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ის ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობს საზოგადოებას, რჩება „სანახაობა“ და სდევნის ოპოზიციურ პარტიებს თუ მათ ლიდერებს. ამ ყველაფრის ნაწილია თქვენს კითხვაში გაჟღერებული პარტიული სლოგანი, რომ „ოპოზიცია სიცრუეს ტირაჟირებს“ და ოპოზიციის გამოა, რომ დასავლეთი მათ ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ბუდაპეშტის გარდა, ფაქტობრივად, ვერსად მიდიან ოფიციალური ვიზიტებით. ნუთუ ასეთი ძლიერია ჩვენი ოპოზიცია, რომ ამ დონის გავლენები აქვს ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში? თუ ეს დედაქალაქები თავად ხედავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აფასებენ ფაქტებს, აანალიზებენ მოვლენებს და აქვთ თავიანთი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით? მკითხველმა განსაჯოს.
– პარლამენტში შეიქმნა ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, თქვენი აზრი ამის შესახებ…
– ე.წ. პარლამენტი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და რომელიც თავისი სხდომების მიმდინარეობით, გამომსვლელების რიტორიკით, მადლობებით ტრიბუნებიდან (მწვავე და კრიტიკული კითხვების ნაცვლად) ძალიან ჰგავს სსრ კავშირის უზენაეს საბჭოს, არა მგონია, ქმნიდეს რამე ღირებულს, რაც სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, არც ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია წარმოადგენს რამე ღირებულს. ის არის ინსტრუმენტი, კონკურენტი პოლიტიკური სუბიექტების ნებისმიერი მეთოდით გზიდან ჩამოშორებისთვის. ამის დასტურია, ყველა ქმედუნარიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღეს უკვე ციხეში რომ ზის, ან წასულია ქვეყნიდან. მხოლოდ ამ ფუნქციას ასრულებს ის და აზიანებს ქვეყნის სახელმწიფოდ გარდაქმნის ჰაერივით აუცილებელ პროცესს.
– მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკოსების დაკავება მათი მხრიდან კანონის უგულებელყოფამ განაპირობა…
– თუ ჩავუღრმავდებით ამ მოცემულობას, აუცილებლად მივალთ პოლიტიკის ისეთ დიდ თეორეტიკოსამდე, როგორიც ჰანა არენდტია. თავის თეორიაში ტოტალიტარიზმის შესახებ, ასევე, წიგნში „აიხმანი იერუსალიმში“, ის სწორედ ინდივიდის უფლებების, კანონშემოქმედების პროცესის და ძალაუფლების ურთიერთმიმართებებს განიხილავს. ამ ყველაფერს ის ტოტალიტარიზმის და „ბოროტების ბანალურობის“ (ბანალიტეტ დეს ბიოზენ – მისი ცნობილი გამოთქმაა) კონტექსტში აკეთებს. ის ხაზს უსვამს, რომ კი, კანონები საჭიროა პოლიტიკური სივრცის შექმნისა და ამ სივრცის იდენტიფიცირებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე ადვილადაა შესაძლებელი ამა თუ იმ კანონის და მისი საზღვრების ბოროტად გამოყენება. საბოლოოდ, ის განმარტავს, რომ კანონის ბოროტად გამოყენება ვლინდება ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესის დათრგუნვაში ან/და პირიქით, ლეგიტიმაციის მინიჭებაში. ჰანა არენდტი ერთურთისგან ასხვავებს კანონის ლეგიტიმურობასა და ლეგალურობას. ის ამბობს, რომ ესა თუ ის კანონი შესაძლოა იყოს ლეგალური, ფორმალურად ვარგისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ იყოს ლეგიტიმური, რაშიც იგულისხმება, რომ ასეთი კანონი შეიძლება არ მოდიოდეს თანხვედრაში ძირითად პოლიტიკურ თუ მორალურ ღირებულებებთან და ფასეულობებთან. სწორედ ასეთი კანონები ხდება, საბოლოოდ, ინსტრუმენტი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. ასეთი კანონების უგულებელყოფა კი არის არა დანაშაული, არამედ მორალური ვალდებულება. ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსების წინაშეც დადგა მსგავსი ამოცანა: ვეთანხმებით ამ პარტიის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კანონებს და ვხდებით სისტემის ნაწილი თუ ვირჩევთ ბორკილებს და მივდივართ ციხეში. რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის.
– ოპოზიციის სტრატეგია ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენად თანმიმდევრული იყო? მაგალითად, ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიცია უნდა მისულიყო ამ საგამოძიებო კომისიაზე და გაეცამტვერებინა ხელისუფლების პროპაგანდა…
– მასირებული პროპაგანდა, სამწუხაროდ, არ არის ასე მარტივი, რომ ამა თუ იმ კომისიის ფარგლებში კითხვებზე პასუხის გაცემით გააცამტვერო. თან არ დაგვავიწყდეს, ამ კომისიაში მხოლოდ ერთი მხარე ზის და ეს კომისია, ზემოთ ნახსენები ლეგიტიმური კანონმდებლობის ქონის შემთხვევაში, ვერანაირად დააკმაყოფილებდა კომისიისთვის საჭირო საკანონმდებლო ნორმებს. იქ მხოლოდ ერთი მხარე სვამს კითხვებს, ამ მხარეს უჭირავს პროცესი ხელში და გაცამტვერების ნაცვლად, შესაძლოა, პირიქით, დაეხმარო კიდეც არარელევანტურ და მიკერძოებულ კითხვებზე პასუხებით ამ მხარის პროპაგანდის გაძლიერებაში. თან, როგორ ფიქრობთ, როგორაა ამ კომისიის ეს მცირეპარტიული, 8-წევრიანი შემადგენლობა საკმარისად კომპეტენტური და სანდო იმისთვის, რომ ერთდროულად გამოიძიოს სამხედრო, ეკონომიკური, კულტურული, განათლების, ინფრასტრუქტურული, უშიშროების და სხვა მრავალი საკითხი? სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო ვერ ვხედავ თანმიმდევრულობას ასეთ კომისიაზე მისვლასა და დაკითხვაში. ვინ როგორ მოიქცა ამ მიმართულებით, იცის საზოგადოებამ და ამ საკითხის კიდევ უფრო სიღრმისეული ჩაშლა არ მგონია მიზანშეწონილი.
– აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე. ამ მხრივ ოპოზიციას გააჩნია თანმიმდევრული გეგმა?
– ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებში აზრი ორადაა გაყოფილი და ეს არახალია. შესაბამისად, არც თანმიმდევრული გეგმა არსებობს. რთულია ამ მხრივ რამე გეგმის ქონა და გეტყვით, რატომაც. როცა გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კიდევ უფრო გაუარესებულ საარჩევნო გარემოში, ვსაუბრობთ თვიმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, შეუძლებელია, არ ვიკითხოთ, თუ რას შეცვლის ეს არჩევნები არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულების კუთხით? ასევე, რატომ მიდის ასეთი გაცხოველებული კამათი ამ თემაზე მაშინ, როცა პარტია „ქართული ოცნების“ ქმედებებში ჩანს, რომ ნამდვილი ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა სულ არ შედის მის ინტერესებში და ერთი მეორის მიყოლებით იჭერს ამ პარტიების ლიდერებს? პირველ კითხვაზე პასუხად გეტყვით, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით ეს არჩევნები ვერაფერს შეცვლის, რადგან კრიზისი უფრო მასშტაბური და დიდია, ვიდრე ამა თუ იმ თვითთმმართველი ერთეულის მმართველი ორგანოს დაკომპლექტება. თუ ოპოზიციურმა პარტიებმა მაინც შეძლეს, რომ მივიდნენ არჩევნებამდე და მონაწილეობაც მიიღეს, შესაძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვითმმართველი ერთეული მართლაც დათმოს ფასადურად, იმის სათქმელად, რომ „აი, არჩევნები სამართლიანი იყო“, მაგრამ ეს მათ მაინც ვერ მოუტანს იმ არარსებულ საერთაშორისო აღიარებას, რომლის იმედი გარკვეულ ეტაპებზე ჰქონდათ. მერე მიხვდნენ, რომ ესეც აღარ სჭირდებათ და არავითარ კრიზისს არ აღიარებენ. მათი თქმით, ყველაფერი თითქმის იდეალურადაა ქვეყანაში. მეორე საკითხი, თუ რატომ მიდის ამ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე ასეთი კამათი ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებსა თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებში, დაკავშირებული უნდა იყოს იმასთან, რომ მიუხედავად იმ მწარე გამოცდილებისა, რაც მიიღო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებში, მაინც შემორჩა ოპოზიციის რაღაც ნაწილში იმედი თვთმართველობის არჩევნებით პროცესის ადგილიდან დაძვრის და რამის შეცვლის. რეალურად კი, დიდი ალბათობით, არც აპირებს „ქართული ოცნება“, არსებულ ოპოზიციურ სუბიექტებს მიაღებინოს არჩევნებში მონაწილეობა. ალბათ მალე იპოვის თავისივე პარტიის წიაღში ადამიანებს, ვისაც დაარქმევს ოპოზიციას და ეს ხელოვნური ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მათ საკრებულოებშიც დიდი დისკომფორტი ექმნებათ რეალური ოპოზიციიდან გასული კანდიდატების მხრიდან. ამის საილუსტრაციოდ ბათუმის საკრებულოს სხდომებიც საკმარისია. ასეთი ამბივალენტურია სიტუაცია და აქ რამე თანმიმდევრული გეგმის შემუშავება შეუძლებელი მგონია.
– თუ ამ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ეს რისი მანიშნებელი იქნება?
– ოპოზიცია ვერ მიაღწევს შეთანხმებას არა იმიტომ, რომ მათ შეთანხმება არ სურთ, ან ერთმანეთთან პრინციპული შეუთანხმებლობა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ პარტიათა ლიდერების დევნა-დაჭერით „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეუძლებელი გახადა. ბარიერგადალახული კოალიციები და პარტიები ძირითად და ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ქვეყნის დასავლური კურსის შენარჩუნებას შეეხება, თანხმდებიან კიდეც, თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე მსჯელობა კი პარტიული ლიდერების გარეშე რთულად წარმოსადგენია. ლიდერის გარეშე ჯეროვანი და მყარი შეთანხმებები შეუძლებელია როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესსა თუ სხვა სფეროებში. ის გარემოება, რომ პარტიები ლიდერების გარეშე დარჩნენ, მიანიშნებს იმაზე, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ – ავტორიტარული მმართველობის რეჟიმის განვრცობა-განმტკიცებაზე.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ, არ წყდება საუბარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე…
– ვიზალიბერალიზაცია საქართველოს უახლესი წარსულის ყველაზე კონკრეტული, ყველაზე ხელშესახები და უდიდესი მონაპოვარია. მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი ევროსტრუქტურებთან უკვე 2012 წლის ივნისიდან დაიწყო და თითქმის ხუთწლიანი (2017 წლის მარტამდე) გარჯა დასჭირდა მის მოპოვებას და ძალაში შესვლას. ეს ყველაფერი არ მომხდარა შემთხვევით და საქართველომ ამ 5 წელიწადში გაიარა ყველა ეტაპი მის საბოლოო ამოქმედებამდე. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე საქართველომ გაიარა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპები. გარდა ტექნიკური მხარეებისა, ამ გეგმის ნაწილი იყო, ასევე, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და მოქალაქის უფლებების ძირეული რეფორმები საკანონმდებლო დონეზე და მათი დანერგვა პრაქტიკაში. გამოდის, რომ პროცესი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, თუმცა შედეგი დადგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ლეგისლატიურ, ანუ მეორე საპარლამენტო პერიოდში. მას შემდეგ 8 წელი გავიდა. ახლა ამ პარტიის მეოთხე, თუმცა სადავო, ლეგისლატიური პერიოდი დგას. ამ ხნის განმავლობაში ამ პარტიას თითქმის მთლიანად გამოეცალა, არა მხოლოდ ინდივიდების დონეზე, ის ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი, რაც მაშინ ჰქონდა, არამედ მთლიანად დაიცალა ყოველგვარი იდეისგან, რაც საჭიროა საგარეო და საშინაო პოლიტიკის ასპარეზზე გრძელვადიანი ხედვისა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებისთვის. ამას ემატება ადამიანის უფლებების, პოლიტიკური არასტაბილურობის, პოლიტპატიმრების რიცხვის ზრდის კუთხით შექმნილი პრობლემები და შესაბამისად, ამა თუ იმ ქმედებას მოსდევს ამ ქმედების შესაბამისი უკუქმედება. ნათქვამის გასამყარებლად ისიც კმარა, რომ თუნდაც ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსის 2024 წლის მაჩვენებელი, სადაც ფასდება დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის და პოლიტიკური მენეჯმენტის მონაცემები, საქართველოს მკვეთრად გაუარესებული შედეგი აქვს და 2010 წლის ინდექსზე დაბალია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს ქმნის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის წარმართვის კუთხით და ბუნებრივია, ასეთ დროს ევროკავშირის ამა თუ იმ სტრუქტურაში დღის წესრიგში დადგება ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხი.
– სხვათა შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამასწინათ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული ძალები დასავლეთში ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. თქვენი აზრი ამის შესახებ…
– მე ნამდვილად არ გამოვდგები „ნაციონალური მოძრაობის“ აპოლოგეტად, რადგან როგორც კი ამ პარტიამ დაიწყო ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობა-განმტკიცების ეტაპი, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, უკვე ვიყავი მათ მაკრიტიკებელთა რიგებში. ავად თუ კარგად, ისევ სახელმწიფოს განმტკიცების იდეას ვემხრობოდი და არა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ ნარცისიზმსა და პარტიული ძალაუფლებით ტკბობას. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არ ვიცი, რა კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გააკეთა ქალბატონმა ბოჭორიშვილმა ასეთი განცხადება, მაგრამ თუ ასეთ განცხადებას თან არ ახლავს კონკრეტიკა, ვინ, სად, როდის კონკრეტულად რა თქვა და რა ნაბიჯები გადადგა საამისოდ, ის, უბრალოდ, ერთი-ერთი მოსაზრებაა და ვერ სცდება პოლიტიკური სპეკულაციის საზღვრებს. ჩემი აზრით, თუ დღეს ვინმე ქმედით ნაბიჯებს დგამს იმ მიმართულებით, რომ დასავლეთმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს და შეაჩეროს, ეს არის „ქართული ოცნება“. განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, გაგრძელებული 2023-2024 წლებში ე.წ. გამჭვირვალობის კანონით, რომელსაც აშკარად ჩრდილოური შტრიხები უფრო გასდევს, ვიდრე დასავლური, ოქტომბრის არჩევნების მერე გაჩენილი კითხვითი ნიშნები. ნოემბრის მიწურულიდან დღემდე სასტიკად გაუარესებული ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლების კუთხით გადადგმული ავტორიტარული ნაბიჯები, მუდმივი თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე და ე.წ. დიფსთეითის სახით ქიმერებთან ბრძოლა ნამდვილად აფიქრებს ყველა დასავლურ დედაქალაქს იმაზე, სწორად მოიქცნენ თუ არა მაშინ, როცა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ქართული მხარისთვის დადებით გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
– სავარაუდოდ, ირანი რუსეთს მნიშვნელოვნად ვერ დაეხმარება. ეს რა გავლენას იქონიებს რუსეთ-უკრაინის ომზე?
– კი, ირანმა „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოების კუთხითაც მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. რამდენადაც ვიცი, ამ დანაკარგების ზუსტი მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ირანის სამხედრო არსენალის, მათ შორის, დრონების და მათი საწარმოო ხაზის საკმაოდ თვალშისაცემი ნაწილი განადგურდა, რაც, დიდი ალბათობით, ნეგატიურად აისახება ირანის მზაობაზე, კიდევ მიაწოდოს თუ არა თავის მოკავშირეებს, მაგალითად, რუსეთს, „შაჰედ-136“-ის ტპის დრონები. როგორც გასულ კვირას „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ გამოქვეყნდა, ამ დრომდე ირანს რუსეთისთვის დაახლოებით 1,75 მილიარდი დოლარის ღირებულების დრონები და შესაბამისი ტექნოლოგიები აქვს მიწოდებული, რაც, დაახლოებით, 6000 დრონს და მისი ოპერირებისთვის საჭირო საშუალებებს მოიცავდა. გარდა უშუალოდ დრონების მიწოდებისა, არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც: მიუხედავად მიმდინარე წლის იანვარში გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტისა ირანსა და რუსეთს შორის, ვნახეთ, რომ რუსეთმა, გარდა მცირე რიტორიკული განცხადებებისა, სხვა ვერანაირი სახის თანამშრომლობა ვერ დაუდასტურა ირანს. პირდაპირ რომ ვთქვათ, მარტო დატოვა ისრაელისა და აშშ-ის ძალების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ესეც ერთგვარი გაკვეთილი იქნება არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ სხვა დიდი და მცირე აქტორებისთვის, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობაზე ჩამოდიან ფსონს. რუსეთმა ვერ შეძლო ვერცერთი მისი ყოფილი სტატეგიული მოკავშირის დაცვა გასულ წლებში, ვერც სომხეთის, ვერც ბაშარ ალ-ასადის სირიული რეჟიმის, ახლა ვერც ირანის. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ყველამ, მათ შორის, პარტია „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა გაუწიოს ამ გარემოებას ანგარიში. საკუთრივ უკრაინის ომზე მნიშვნელოვან გავლენას რუსული თავდასხმების კუთხით ჯერ არ უნდა ველოდოთ, მოსალოდნელია, რუსეთს ისევ ჰქონდეს ირანიდან წამოღებული „შაჰედების“ გარკვეული მარაგი ან აგრძელებდეს „შაჰედის“ ბაზაზე შექმნილი რუსული მოდიფიკაციის „გერან-2“ ტიპის დრონების წარმოებას.
– დაბოლოს, უახლოეს მომავალში რა პროცესების განვითარებას ელოდებით ქვეყანაში?
– სიმართლე გითხრათ, ისეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვართ ახლა, რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელია. ასეთ დროს პოლიტიკაში პროცესები ზოგჯერ ძალიან მოულოდნელი და დაუგეგმავი მიმართულებით ვითარდება ხოლმე. უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეყოფა გამბედაობა და გამოიჩენს მზაობას, გადახედოს თავის შეცდომებს, რომლებსაც უშვებს საქართველოს სახელმწიფოს შენარჩუნების და განმტკიცების საკითხში. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს შენარჩუნების წინაპირობებს. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში ქვეყანა იქნება, არსად წავა, სამშობლო ისედაც მენტალური ცნებაა და მუდამ ყველა ქართველის გულსა და გონებაშია, მაგრამ გაგვიჭირდება სახელმწიფოს შენარჩუნება. ასეთი რამ ჩვენ წარსულშიც დაგვმართნია სხვადასხვა, შიდა თუ გარე პოლიტიკური ფაქტორების გამოისობით და ვიცით, რა მწარე გამოცდილებაცაა ეს.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *