„მინდა ისე წავიდე ამქვეყნიდან, „დიდი მატყუარას“ სახელი არ დამერქვას“
ირმა ცეცხლაძე: 577 0 45 63 – მედეა ვასაძე, რომელიც მუდმივად იპყრობდა პრესის ყურადღებას მკაცრი გამოსვლებით, ჯერ კიდევ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისას გამოეყო „ქართულ ოცნებას“ და ახალი პარტია „ემსახურე საქართველოს“ შექმნა (მურმან დუმბაძესთან ერთად). პარტიის მიზანი, როგორც თავად აღნიშნავდა, იყო მმართველ ხელისუფლებასთან ბრძოლა. ამ განცხადებისას, ქალბატონმა დეპუტატმა ისიც თქვა: „პოლიტიკურ ინტერესს ვხედავ „ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკურ ბრძოლაში, რამდენადაც მიმაჩნია, „ნაციონალური მოძრაობა” არის 2012 წელს დამარცხებული პარტია, რომლის რეანიმაციასაც მე გამოვრიცხავ” . საინტერესო ისაა, რომ მედეა ვასაძის მიერ გადახაზულმა პარტიამ არათუ რეანიმაცია, თავად მისი დაინტერესებაც კი შეძლო და ამჟამად ყოფილი დეპუტატი ისევ დეპუტატობისთვის იბრძვის ყოფილ მტრებთან ერთად. – ქალბატონო მედეა, ცხადია, პოლიტიკაში არ არსებობს სტაბილური მტერ-მოყვარე, მაგრამ მას შემდეგ, რაც თქვენ და მურმან დუმბაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიხვედით, რბილად რომ გითხრათ, გაოცებული დავრჩით. რა სტატუსით მონაწილეობთ არჩევნებში? -მე წარმოვადგენ პარტია „ემსახურე საქართველოს“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შეკრულ ბლოკში, თუმცა თავად ჩემი პარტია არ შედის ამ ბლოკში და მე, როგორც უპარტიო, ისე დავრეგისტრირდი სიის პირველ ათეულში. მთავარი მიზანია, ამ ხელისუფლების გაშვება ქვეყნის სათავეებიდან, ამიტომ რა სტატუსით მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, ჩემთვის პრინციპული არ გახლავთ. -2012 წლიდან „ქართული ოცნების“ რეგიონალურ ლიდერად მიიჩნეოდით. რა მოხდა, რატომ წახვედით იქიდან? -ჯერ კიდევ 2013 წელს დავტოვე ამ პარტიის რიგები, რადგან ჩემთვის, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების განაწილების პრინციპი. ახლა არ ჩავუღრმავდები დეტალებს, გეტყვით მხოლოდ – პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლების შენარჩუნებისთვის გადავწყვიტე ოპოზიციაში გადასვლა, ვხედავდი, პროცესები ისე არ მიდიოდა, როგორც წინასაარჩევნოდ გვპირდებოდნენ. უფრო მეტიც, საარჩევნო პროგრამის საწინააღმდეგოდ კეთდებოდა ყველაფერი. გამოდის, ჩვენი ავტორიტეტით გაინაღდეს პოლიტიკური ნდობა, შემდეგ კი, განსაკუთრებით პრინციპულები, გვერდით გადაგვწიეს. ამ სიტუაციაში ან უნდა წასულიყავი, ან დარჩენილიყავი და საკუთარი შეხედულებებისთვის გეღალატა. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება. იმ პერიოდში ვიყავი „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი, მეკავა მაღალი პოლიტიკური თანამდებობები როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე პარტიაშიც, სადაც სარევიზიო კომისიის წევრი გახლდით. -„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თქვენი შეერთებაც სწორი გადაწყვეტილება იყო? – იცით, რა, მე არ ვუწოდებ ამ პროცესს „შეერთებას“. ამჯერად ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური ინტერესის ქვეშ. ამ ბლოკში მე მიჭირავს გაერთიანებული ოპოზიციის ერთი ადგილი, ისევე, როგორც „რესპუბლიკელებს“ ირაკლი ჩავლეიშვილის სახით. ასე რომ, ჩემი არც პოზიცია, არც სათქმელი არ შეცვლილა. მე მჭირდება პოლიტიკური ტრიბუნა ერთიან ოპოზიციაში და ჩვენი გაერთიანება „ნაციონალებთან“ სწორედ ამან გამოიწვია. – თუ გავითვალისწინებთ თქვენს გამოსვლებს „ნაციონალების“ წინააღმდეგ, უხერხულობა არ გექმნებათ? – ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია განვახორციელო საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები, რაც მდგომარეობს არსებული მმართველი პარტიის დამარცხებაში. ასე რომ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ყოფნა ოპოზიციაში არ მიქმნის არავითარ უხერხულობას, რადგან არავის არ „მივერთებივარ“, უბრალოდ, გავერთიანდი საერთო პოლიტიკური ინტერესების სარეალიზაციოდ. – გამოდის, აპატიეთ ყველაფერი? – არავისთვის არაფერი მიპატიებია. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, მე არ გახლავართ „ნაციონალური“ პარტიის წევრი, მაგრამ არც რევანშისთვის ვარ განწყობილი. ჩემთვის მთავარია, „ქართული ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან, რადგან ქვეყანა მათ ხელში დაპაუზებულია. – სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში იგივე პრობლემების წინაშე რომ აღმოჩნდეთ, რასაც 2012 წლამდე ებრძოდით? – თქვენ, როგორც ჟურნალისტს არ გგულისხმობთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეკითხვას მისვამენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემი სააკაშვილთან ბრძოლის პერიოდში ჩირგვებიდან გვიყურებდნენ, სეირობდნენ და თავს არ ყოფდნენ ბუნაგებიდან. – თქვენი ბრძოლა რომ ახსენდებათ, სწორედ ამიტომ ინტერესდებიან ამ ფაქტით. -კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადრე ნათქვამს. სააკაშვილის სრული რეანიმაცია ვერ მოხდება იმის მიუხედავად, რომ ქართულ საზოგადოებას ბოდიშიც კი მოუხადა: „ის რეფორმები მტკივნეული იყო და მესმის, რომ ბევრს ვატკინეო“. მას მართლაც ჰქონდა შეცდომები ადამიანის უფლებების და თავისუფლების დარღვევის კუთხით, თორემ ქვეყანას რომ აშენებდა, ეს ფაქტია. უზარმაზარი რეფორმები გაატარა ამ ადამიანმა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ევროკავშირამდე მისვლას. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ვერ მოხდება, რათა ისევ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, მაგრამ მისი ჩამოყვანა აუცილებელია. დიდი სურვილი მაქვს, რომ ქვეყანა კვლავ ამოძრავდეს და დაუბრუნდეს განვითარების ძველ რიტმს. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. – მახსენდება სააკაშვილის მარში თბილისის ქუჩებში, როდესაც გვერდით ედგნენ ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია. შემდეგ რაც მოხდა და როგორ დარჩა ქვეყნის სათავეში სამი ლიდერიდან – ერთი, ყველამ ვიცით. რა გარანტია გაქვთ, რომ იგივე სცენარით არ წარიმართება მოვლენები? -კოალიციური მთავრობა ნიშნავს, რომ სრული სადავეები, ერთპიროვნული პოლიტიკური მმართველობის უფლებამოსილება აღარ ექნება მიხეილ სააკაშვილს. ამას ვამბობ იმათთვის, ვისაც სამართლიანად ეპარება ეჭვი, რადგან ამის წინაპირობა არსებობს. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები ამ რეალობას შექმნის და ეს იქნება ქართველი ხალხის ყველაზე დიდი მონაპოვარი მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და სრულფასოვან, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ვცდილობთ. ასე რომ, ნუ შეგვეშინდება, უნდა გავრისკოთ, რადგან არ შეიძლება ჩვენი გაჩერება ქვეყნის გაჩერების, ეკონომიკის ჩამოშლის, განათლების, სასამართლოს და დემოკრატიული ინსიტიტუციების სისტემების განადგურების ფონზე. შეჩერებულია როგორც მიმდინარე საშინაო, ისე საგარეო, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტები. ამ დროს ჩვენი უმოქმედობა ქვეყნის სტაგნაციის ტოლფასია. ამიტომ მივედი „ნაცმოძრაობასთან“, გაერთიანებულ ოპოზიციაში იმის მიუხედავად, რომ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მეტად არავინ დაზარალებულა მათგან. – როგორ აფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე მიმდინარეობს? -არასწორი მენეჯმენტის გამო, რომელშიც, შესაძლოა, პოლიტიკაც იყოს ჩართული, ჩვენი ქალაქი საშინლად დაზარალდა. ის, რაც ახლა ხდება ჩვენს რეგიონში, არსად მომხდარა. შიდა ტურიზმის გახსნით, პრაქტიკულად, გაწირეს აჭარა. ყველა ვისმენთ, რომ კატასტროფულად მატულობს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომელმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, თუკი არჩევნები პანდემიის მიზეზით გადაიდება, მხოლოდ მაშინ გვექნება იმის თქმის უფლება, რომ ყველაფერი მთავრობის პოლიტიკური ხრიკები იყო. ვფიქრობ, არაფერი მსგავსი არ მოხდება და როგორმე გადავაგორებთ ამ არჩევნებს. ცხადია, თეორიულად არის მისი გადატანა შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკულად – გაჭირდება. – თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებთ, რომ მესამე ძალას ქმნის ივანიშვილი, რომელზეც უფრო არის მოსახლეობის მოთხოვნა. ვის გულისხმობთ მის მიერ შექმნილ მესამე ძალაში? – რატომღაც მგონია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც კარგა ხანია ოპოზიციაშია. . . რთული სათქმელი ის, რაც დაზუსტებულად არავინ იცის, არადა, როდესაც მსგავსი რამ იქმნება, მისი გასაიდუმლოებაც გარანტირებულია, თორემ რა აზრი ექნება ყველაფერს?! ვეცდები ამ შეკითხვაზე პასუხისგან თავი შევიკავო, რადგან წინასაარჩევნოდ არ არის მიზანშეწონილი ოპონენტების კრიტიკა. . . თუმცა, „პატრიოტთა ალიანსთან“ რაღაც შინაგანი შეუთავსებლობა მაქვს. მიმაჩნია, რომ მაინც სატელიტი პარტიაა. ბათუმში ფეხი ვერაფრით მოიკიდა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის მოსახლეობამ გარკვეულწილად მხარი დაუჭირა თარხან-მოურავს და ირმა ინაშვილს. შემდეგ კი იცით რაც მოხდა: მათი პირველი თავმჯდომარე აჭარაში დავით თედორაძე „ქართულმა ოცნებამ“ წაიყვანა, თარხან-მოურავმა უარი თქვა უმაღლესი საბჭოს სიაზე, ოქრიაშვილი გაიყვანეს სიიდან, შემდეგ მერაბ ბლადაძემ უარი თქვა ამ პარტიაზე და „ლელოს“ შეუერთდა. მოკლედ, იმდენად აირივ-დაირივნენ, საეჭვოა, ერთი ადამიანი წარმართავდეს პროცესს ისე, როგორც მას აწყობს. ამის დამადასტურებლი ფაქტებიც არსებობს, რომლის გასაქარწყლებლად „პატრიოტთა ალიანსმა“ მტკიცება ვერ წარმოადგინა. – ყოფილი თანაპარტიელებისგან რამდენად ელით არჩევნების გაყალბებას 31 ოქტომბერს? – ფაქტია, გაყალბების მცდელობა ექნებათ, მაგრამ ამომრჩეველს მათი ხმების დაცვას დავპირდით საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. იმედი გვაქვს, ამას შევძლებთ კიდეც. ასევე, ვწუხვარ, რომ შესაძლოა გაჭირდეს უცხოელ დამკვირვებელთა ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ ესეც მოგვარდება. ისიც სათქმელია, გაყალბება საარჩევნო ურნასთან მისვლამდეც ხდება. იბევებენ ხმებს, ისყიდიან საარჩევნოდ ორიოდ თეთრის გასაკეთებლად მზადმყოფ, პოლიტიკისგან შორს მდგარ ადამიანებს. ირგვლივ არსებული სიღატაკის და უმუშევრობის პირობებში, ეს არც ისე რთულია, მაგრამ იმდენად დაძაბული ვითარებაა ქვეყანაში, რომ ხალხი აღარ იჯერებს ზღაპრებს. -არსებული ხელისუფლების ყველაზე დიდ პრობლემად რა მიგაჩნიათ? – ძველ ხელისუფლებასთან სრული ინტეგრაცია, მისი უნარ-ჩვევების ზუსტად გადმოღება. ვოცდებოდი, ხანდახან ისეთ ადამიანებს ვხვდებოდი ამ ხელისუფლებაში. მახსენდება გოგა ხაინდრავას ფილმი, რომლის ერთ სერიას ვუყურე მხოლოდ, სადაც თითქოს სააკაშვილი ითხოვს „ეს პეროიანი ქალები მომაცილეთო“ და იწყება ინდმეწარმე ქალთა მასობრივი დაპატიმრებები. გადავხედე ჩემს არქივს და აღმოვაჩინე, რომ სწორედ ამ პერიოდში მართლაც მოხდა აჭარაში „ოქროს ბირჟის“ თანამშრომელ ქალთა დაპატიმრებები. მე რამდენიმეს ადვოკატიც ვიყავი, კარგი ოჯახის ქალები იყვნენ და ვიცოდი, რას ედავებოდნენ. უსაფრთხოების მიზნით მათ საღამოობით სახლში გადაჰქონდათ ოქრო, რაზეც არ იყო გამოწერილი სატრანსპორტო ზედდებული. ცხადია, ისინი სულ არ თვლიდნენ ამას დანაშაულად და არც უფიქრიათ, რომ რამე წესს არღვევდნენ. შემდეგ ქალებს დიდძალი ფული გადაახდევინეს, ციხეში ამყოფეს და ა.შ. მინდა გაცნობოთ, რომ ამ საქმეს აჭარაში ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა ვასაძე, რომელმაც ამ მთავრობაში კარიერა გაიკეთა და ახლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა. მეტი რაღა უნდა ვთქვა, ყველაფერს ხომ ვერ ჩამოვთვლი ერთ საგაზეთო ინტერვიუში, არადა, ასეთი მაგალითი ძალიან ბევრი მაქვს. ამიტომ ვიტყვი – გარდა იმისა, რომ მაწუხებს სამშობლო, ჩემი ბიოგრაფიაც მაწუხებს, რადგან პატარ-პატარა კენჭებით მაქვს აშენებული. მინდა ისე წავიდე ამქვეყნიდან, „დიდი მატყუარას“ სახელი არ დამერქვას. – თუკი კიდევ ერთხელ მოხვდით უმაღლეს საბჭოში, რას გააკეთებთ ამომრჩევლისთვის? – მე ამ ტრიბუნას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან, მოსახლეობასთან. ვიზრუნებ ხალხის ყოფის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობაზე. ვიქნები პრინციპული, შეუვალი იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც კონსტიტუციით მევალება. – როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს სახელისუფლებო მოწყობა, თუკი შედგა კოალიციური მთავრობა, რასაც პროგნოზირებთ პოლიტიკოსები? -ხშირად მესმის მოსაზრება, შესაძლოა კოალიციურ მთავრობას გაუჭირდეს ერთმანეთში შეუთანხმებლობის გამოო. არა მგონია ასე მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ისე გადანაწილდება აღმასრულებელი ხელისუფლება, რომ ყველა თავის მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი. არ გამოვრიცხავ სირთულეებს, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყანას ეს უფრო წაადგება, ანუ წინ წაიყვანს და განავითარებს, ვიდრე ფორმალური ერთმმართველი ხელისუფლება.]]>