19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
მინდია დიასამიძე: მე მაინც მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ყველა პრობლემას მოსახლეობასთან ერთად გადავჭრით, რადგან ისინი ნამდვილად იმსახურებენ უკეთესს
By

მინდია დიასამიძე: მე მაინც მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ყველა პრობლემას მოსახლეობასთან ერთად გადავჭრით, რადგან ისინი ნამდვილად იმსახურებენ უკეთესს

ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –

სულ რაღაც ერთი თვე დარჩა თვითმმართველობის არჩევნებამდე, შესაბამისად, პოლიტიკური ტემპერატურაც მაქსიმუმს აღწევს. დასახელებულია, როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც.

მინდია დიასამაძე, 2017 წელს, პირველად გახდა მაჟორიტარი დეპუტატი. 2020 წლის დეკემბერში ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. დღეს კი, უკვე მეორე ვადითაა ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

როგორც თავად ამბობს, 4 წლის წინ სულ სხვა მოთხოვნები ჰქონდა მოსახლეობას, ახლა კი სულ სხვა პრიორიტეტები განისაზღვრა.

-ბატონო მინდია, თავდაპირველად მინდა დავიწყოთ საკრებულოს ბოლო სხდომით, რომელზეც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ების შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეთ.

-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულმა ა(ა)იპებ-მა წარმოადგინეს ანგარიში იმის შესახებ, თუ რა შესრულდა 2020 წელს. „ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა“ პანდემიის პირობებშიც კი მრავალი ღონისძიება ჩაატარა, უმეტესი ნაწილი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, თუმცა მათ მოახერხეს გასული წლის ნაყოფიერად გამოყენება. პირნათლად შეასრულეს სამუშაოები, ამის გამო მათ მადლობის სიგელიც გადაეცათ. ასევე, მადლობის სიგელით დავაჯილდოვეთ „ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება“, რომლებმაც პანდემიის დროს აბსოლიტურად მოახერხეს უსაფრთხო გარემოს შექმნა აღსაზრდელებისთვის. სწავლა ყველგან მიმდინარეობდა რეგულაციების დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. შპს „ხელვაჩაურის წყალკანალი“ ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც მოახერხა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო დავით მიქელაძის ღვაწლი და წვლილი ამ საქმეში. რა თქმა უნდა მასაც გადაეცა მადლობის სიგელი, რადგან მისი გაწეული მუშაობა ჩვენს მუნიციპალიტეტში, როგორც წყალკანალში ძალიან დიდია.

-რამდენად კმაყოფილი დარჩით 2020 წელს გატარებული სამუშაოებით და რაიმე შენიშვნა ხომ არ გქონდათ ?

-როგორც უკვე ვთქვი, გაწეული სამუშაოებისთვის მათ მადლობის სიგელებიც კი გადავეცით. რაც შეეხება შენიშვნებს არა, მაგრამ რჩევები ნამდვილად გვქონდა. მაგალითად, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ შემთხვევაში დავაყენეთ საკითხი, რომ დარჩენილი პრობლემები უახლოეს მომავალში და სწრაფად მოგვარდეს. ასევე, სპორტის მხრივ, „ა(ა)იპ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლას“ ვთხოვეთ, რომ ერგეში, სადაც გვყავს ძალოსანთა ახალგაზრდა ნაკრები, საჭიროების შემთხვევაში შემოვიდნენ ინიციატივით და განცხადებით, რათა მოხერხდეს დამატებით მათი თანხობრივად უზრუნველყოფა. ძალოსნებთან დაკავშირებით მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია.

-თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, რა ეტაპზეა ამისთვის მზადება?

-სრულად მზადყოფნაში ვართ. უპირველესად მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, ვინაიდან პირადად მე, უკვე მეორე ვადით გახლავართ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჩემს მშობლიურ სოფელში ახალშენსა და ფერიაში. მოგეხსენებათ, ფერია ახალშენს შემოუერთდა, ამიტომ უკვე ერთი სამაჟორიტაროა. ასევე, სხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ჩართულები არიან საარჩევნო კამპანიაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობიდან მოდის დადებითი ემოციები. ეს კი თამამად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

-ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხართ, რას ითხოვენ თქვენგან მოქალაქეები ?

-2017 წელს, პირველად გავხდი მაჟორიტარი დეპუტატი, მაშინ სულ სხვა მოთხოვნები იყო. მოსახლეობას სურდა წყლის, გზის, გარე განათებების, ფერდამცავი კედლების, და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარება. თუმცა, ახლა, 4 წლის შემდეგ, მათთვის პრიორიტეტულია მიწების გაფორმების საკითხი. რა თქმა უნდა გზის პრობელმა ისევ არის, გასაკეთებელია შიდა სასოფლო გზები, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 90% ამ პრობლემის მოგვარებულია. აღარც ჯანდაცვის კუთხითაა შეფერხებები, რადგან მაქსიმალური ხელშეწყოობაა ჯანდაცვის სამინისტროს მხიდან, ასევე, სარეზერვო ფონდებიდანაც მიმდინარეობს მოსახლეობის დაფინანსება. მე მაინც მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ყველა პრობლემას მოსახლეობასთან ერთად გადავჭრით, რადგან ისინი ნამდვილად იმსახურებენ უკეთესს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგიც საუკეთესო იქნება.

-როგორია თქვენი სამომავლო პროგრამა ?

-ჩემი სამომავლო პროგრამა არ განსხვავდება უკვე არსებულისგან. მე მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში ვიდგე ჩემი მოქალაქეების გვერდით. ჩემი პროგრამაა, მაქსიმალურად ვაკეთო ის საქმე, რომელიც სახელმწიფოებრივია და რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება.

-რას ფიქრობთ გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებაზე, რას უნდა ველოდოთ?

-როგორ უნდა შევაფასო პოლიტიკოსი, რომელიც სწორედ მაშინ წავიდა, როცა ქვეყანას უჭირდა ?

-როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახერხებს ყოფილი პრემიერი კონკურენციის გაწევას როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე, ოპოზიციისთვის?

-ვფიქრობ, რომ ის ვერ მოახერხებს კონკურენციის გაწევას დღევანდელ პოლიტიკურ ველზე. ერთს ვიტყვი, ხალხი ბრძენია და ყველაფერს სწორად შეაფასებს.

-რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ?

-შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ დამაჯერებელი შედეგით. ამის თქმის უფლებას და საშუალებას მაძლევს ის განწყობები და შეფასებები, რასაც მოსახლეობისგან ვისმენთ. მნიშვნელოვანია ის გეზი, რაც გვაქვს აღებული. ვიცი გეგმები, რომლის განხორციელებასაც ჩვენი პარტია სამომავლოდ აპირებს, შესაბამისად, მე ვარ იმ გუნდში, რომლისაც მჯერა და ვთვლი, რომ ყველაზე სწორ გზაზე დადის.

-რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად მოხერხდება არჩევნების ჩატარება პანდემიის ფონზე ?

-მთავრობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა თავი მშვიდად და დაცულად იგრძნონ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მოქალაქეებსაც ეკისრებათ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანია დაიცვან რეგულაციები და გაითვალისწინონ რეკომენდაციები.

-რამდენად ხელმისაწვდომია აცრა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ?

-კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში სოფლის ამბულატორიები აქტიურად არიან ჩართულები. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეთა მიმართვიანობა მზარდია. ნებისმიერ მსურველს ურიგოდ, რეკომენდაციებისა და რეგულაციების სრული დაცვით შეუძლია გაიკეთოს მისთვის სასურველი ვაქცინა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეს, რომელიც ვერ გადაადგილდება, სიტყვიერი განცხადების საფუძველზეც კი, შეუძლია აიცრას სახლში. მინდა მოვუწოდო ყველას ვაქცინაციისკენ, რადგან ჩვენი ერთადერთი გადარჩენა და ხსნა სწორედ, რომ მასშია.

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *