მინისტრი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
სამინისტროს ცნობით, ბათუმის №14 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს დამატებითი კორპუსის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. პროექტი მოიცავს 18 საკლასო ოთახს, 220-ადგილიან სააქტო დარბაზს, სარეპეტიციო სივრცეებსა და დამატებით სასწავლო ოთახებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ღია სპორტული მოედანი და სრულად კეთილმოეწყობა სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ახალი კორპუსი გათვლილია 1000-მდე მოსწავლეზე.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს 1500 მოსწავლეზე გათვლილი ბათუმის №18 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა,
რომელიც მოიცავს 28 საკლასო ოთახს და 170-ადგილიან სააქტო დარბაზს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მოწყობა 300-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნით და შესაბამისი ოთახებით.
ბათუმის №3 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე გრძელდება დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს სამსართულიან შენობას, სადაც განთავსდება 11 საკლასო ოთახი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, კორპუსი აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო ინვენტარით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც გარე, ასევე შიდა სამუშაოები. შენობა გათვლილია 600 მოსწავლეზე.
