
მინისტრი კოლხური ხოხბების ბუნებაში გაშვების პროცესს დაესწრო
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერში იმყოფებოდა, სადაც კოლხური ხოხბების ბუნებაში გაშვების პროცესს დაესწრო. მინისტრმა ხოხობის მნიშვნელობაზე და ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობაზე ისაუბრა.
ხელოვნურად გამრავლებული ხოხბები სპეციალურად მოწყობილ ვოლიერებში გადიოდნენ გარემოზე ადაპტაციას და შეგუების ეტაპს, რის შემდეგაც ისინი ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.
ღონისძიებას მინისტრთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, აჭარის სსიპ სატყეოს სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სტუდენტები, მონადირეები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა, რომლის პოპულაციაც ბრაკონიერობისა და მტაცებლების გამო, დღითი დღე მცირდება. ხელოვნური გამრავლების მიზანია გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველის დაცვა, პოპულაციის შენარჩუნება და აღდგენა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სამეცნიერო კვლევების გაღრმავებას.
გადაშენების პირას მყოფი ფრინველები ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებით, სოფელ ჭორვილას მეფრინველეობის ფერმაში გაამრავლეს.
გალერეა

