მიხეილ დავითაძე
By

მიხეილ დავითაძე

ქვეყნის, რეგიონის შემოქმედებით ინტელიგენციას ღირსეული წევრი გამოაკლდა, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი მიხეილ ახმედის ძე დავითაძე.

იგი შუახევის რაიონის ისტორიულ სოფელ გოგაძეებში დაიბადა. დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. 1966 წელს წარჩინებით დაამთავრა შუახევის საშუალო სკოლა და იმავე წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმდევარს, სტუდენტობის წლებიდანვე, ქართულ სიტყვასთან ჭიდილი იტაცებდა. მისი ფელეტონები, იუმორესკები მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო შუახევის რაიონის ჭვანის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. 1972 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ გოგინაურის სკოლაში მასწავლებლად იმუშავა. შუახევის რაიონულ გაზეთ „დროშის“ მაშინდელმა რედაქტორმა სერგო კაკაურიძემ მიხეილის სწრაფვას ჟურნალისტიკისადმი მწვანე შუქი აუნთო და 1975 წელს რედაქციის მშრომელთა წერილების განყოფილების გამგეობა მიანდო. სამი წლის განმავლობაში რედაქტორის მოადგილედ იმუშავა.

მის პუბლიკაციებში სიღრმისეულად წარმოჩნდნენ მშრომელი, ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანები, მათი დამოკიდებულება ეროვნული იდეალებისადმი.

წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა შუახევის რაიონის პარტიულ და აღმასრულებელ სტრუქტურებში. 18 წლის განმავლობაში შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გახლდათ. სამსახურებრივ მოვალეობას ჟურნალისტურ საქმიანობასაც უხამებდა, ალექსანდრე აბაშიძესთან ერთად გამოსცემდა ადგილობრივ გაზეთ „ცისკარს“. დაარსების დღიდან იყო გაზეთ „შუახევის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და თავისი წვლილი შეჰქონდა გაზეთის გამოცემაში.

21-ე საუკუნის დასაწყისში მკითხველმა მიხეილ დავითაძის წიგნი „ოდოში“ იხილა. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მან ქართულ მწერლობას კიდევ 11 წიგნი შემატა. მის ლექსებსა და პროზაულ ნაწარმოებებში მხატვრულად წარმოჩნდა ჩვენი კუთხის ისტორიის ცალკეული პერიოდები. გამოცემული აქვს ექვსი რომანი, მათგან აღსანიშნავია ,, დროთა უსაზღვრო სრბოლაში“ (2008 წ.), ,,თვალების წამება“ (2009 წ.), ,,იდუმალი მნათობი“ (2011 წ.), ,,ცხოვრების დაღმართზე“ (2012 წ.). მწერალს დიდი პოპულარობა მოუტანა სამმა ისტორიულმა რომანმა. ისინი გამოირჩევა ცხოვრების ღრმა წვდომით, ანალიზის უნარით, ლაკონურობით, სიტყვათა მარაგით, აზრთა სიღრმით.

სამსახურებრივ და საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად, ბატონი მიხეილი ოჯახის წინამძღოლობასაც შესაშურად უმკლავდებოდა. ვალენტინა ჯიჯავაძესთან ერთად სამი შვილი გაზარდა, რომლებიც აქტიური ცხოვრებისული პოზიციით გამოირჩევიან. მათ ბატონ მიხეილს ექვსი შვილიშვილი აჩუქეს.

ქვეყანამ, მშობლიურმა შუახევმა მიხეილ დავითაძეს შრომა დაუფასა. დაჯილდოებულია ღირსების მედლით, „საპატიო შუახეველის“ წოდებით.

ჩვენგან წავიდა პიროვნება, რომელმაც 1971 წლიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო დღემდე თავისი შესაძლებლობები და უნარი ქვეყნის აღმშენებლობას, მის მომავალს მოახმარა. მიხეილ დავითაძის ნათელი ხსოვნა დიდხანს იცოცხლებს ჩვენს გულებში.

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაცია,

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია,

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო,

შუახევის კულტურის ცენტრი,

გაზეთ „შუახევის“ სარედაქციო კოლეგია

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *