მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს
By

მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს

პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის.
„2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა, ამან ბევრი მიმართულებით შედეგები მოგვცა კონკრეტულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. ასევე, სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა. თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს. საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
„საქართველოში 7 500-მდე მედიკამენტზე უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასი, რასაც ბოლო 2-3 წელიწადში მიაღწია მთავრობამ. რჩება კიდევ დაახლოებით 3 000-მდე მედიკამენტზე დასაწესებელი რეფერენტული ფასი და მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად, ყველა შემომტანმა, მწარმოებელმა გამოთქვა მზაობა ამ დანარჩენ მედიკამენტებზეც რეფერენტული ფასების დაწესებაზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დასრულების შემდეგ.  მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
„ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიღწევამ რეფერენტული ფასისა და ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვით, დაახლოებით, 45%-მდე თანხა დაუზოგა მოქალაქეებს. ეს იყო პირველი შეხვედრა, დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები, საპარლამენტო კომისია შეიკრიბება, ასევე, მომავალ კვირაში და ერთობლივად აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დასახა“,- აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს. კომერციული ინტერესი არ უნდა ახდენდეს გავლენას, რომელი ფარმაცევტული პროდუქტით ვაჭრობა არის მომგებიანი ან წამგებიანი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ  სარჯველაძემ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  მისი თქმით, სააფთიაქო ქსელებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა და გაიაზრონ, რომ მედიკამენტების დეფიციტის საკითხი საჯარო პოლიტიკის ნაწილია, მისი რეგულირება კი – აუცილებელი.
„ე.წ. ესენციური მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს. შევხედავთ, როგორ შეიძლება, დავაზღვიოთ ასეთი რისკებისგან მოქალაქეები. დაგვჭირდება ოპტიმალური ხერხების შემოტანა, რომლითაც, პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება ამგვარი პერიოდული დეფიციტები.  სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც მიწოდების კუთხით იმპორტიორს ან სააფთიაქო ქსელს ექმნება გარკვეული შეფერხება. ამის დამზღვევი მექანიზმები დღესაც არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, თუმცა ყოველთვის შეიძლება ფიქრი, როგორ დავხვეწოთ სისტემა დეფიციტების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ავერსის დამფუძნებელ პაატა კურტანიძის თქმით, შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი.
„პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ყურადღებით, ჩაინიშნეს ბევრი საკითხი. ხელისუფლების მხრიდან ითქვა, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას, – აღნიშნა პაატა კურტანიძემ. მისივე თქმით, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები კი წარადგენენ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს.
„წერილობით წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება, გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მხრიდან, რათა წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს. პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს. წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის მსოფლიოში უმკაცრესი. ვინაიდან ეს დადგენილება ძალაში შედის, აღარ იქნება ქვეყანაში ბევრი მწარმოებლის წამალი, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი ფასი. მოსახლეობას მოუწევს მის მაგივრად ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. გაუქმდება, შეიცვლება თუ გადახედვა მოხდება, ამაზე მოვისმინეთ აზრი მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა. ეს არის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება. ასეთი საშუალებები, რომ როგორმე კიდევ უფრო გაიაფდეს მედიკამენტები, ერთობლივი მუშაობით ნამდვილად ბევრი გამოიკვეთება.  ამჟამად საქართველოში ბრუნვაში არის 10 ათასი მედიკამენტი. 7 000 არის უკვე რეფერენტული ფასი. იმ 3 000-აც თანდათან ამატებს სამინისტრო. 7 ათასი პოზიციიდან, დღეს სხდომაზეც აღვნიშნე, რომ 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები, კონკურენციიდან გამომდინარე, უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე რეფერენტული ფასებია. კონკურენცია ფარმაცევტულ სფეროში არის უმწვავესი. რეფერენტული ფასია და უფრო იაფადაც იმიტომ ვყიდით, რომ არის კონკურენცია. მთავრობას აქვს სურვილი, კომპანიებს გვაქვს სურვილი, რაც შეიძლება მუდმივად გაიაფდეს მედიკამენტები. ეგ არის ბიზნესის არსი და მიზანი“, – განაცხადა პაატა კურტანიძემ.
ფასების რეგულირება აუცილებელია, თუმცა პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, ფილოსოფია რამდენად გამართულია პრემიერის ამ იდეის, რაც ფასების რეგულირებაზე ითქვა, – ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ განაცხადა.
„ლიბერალური ეკონომიკის თვალსაზრისით, ლიბერალური ეკონომისტების ხედვით, ჩვენმა პრემიერმა ჩაიდინა მკრეხელობა, რომ უარყო ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატი. ერესი თქვა, ფაქტობრივად. ლიბერალების აზრით, ყველაფერს დაარეგულირებს ბაზარი, მაგრამ ბაზარი დაარეგულირებს ამას შემდეგ ეპოქაში, ხოლო მოქალაქეებს პროდუქტების ყიდვა სჭირდებათ აქ და ახლა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ იდეა არის ძალიან კარგი და ძალიან ჯანმრთელი, მაგრამ მთავარია, შესრულება როგორი იქნება.
„ჩემი აზრით, აქ უნდა იყოს მეტი ანალიტიკა, მეტი სტატისტიკა და ნაკლები ადმინისტრირება.  ფასწარმოქმნა დათვლადია თითოეულ პროდუქტზე, რა ფასნამატით მიდის მომხმარებლამდე პროდუქცია მწარმოებლიდან, იმპორტიორიდან თუ ფირმიდან და შემდგომ ეს გვიჩვენებს, სად არის დიდი ზრდა, მატება და ხომ არ არის კარტელური გარიგება“, – აღნიშნა კაპანაძემ. მისივე თქმით, კარტელური გარიგება შეთქმულების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც ხელმოწერილი დოკუმენტებით არასდროს არ დასტურდება,  თუმცა აქვს არანაკლები წონა და ძალა, ვიდრე ხელმოწერილ დოკუმენტს. მეტიც, ხანდახან ხელმოწერილ დოკუმენტს არ აქვს იმდენი ძალა, რამდენიც ვერბალურ შეთანხმებას. ამიტომ, მიიჩნევს იგი საჭიროდ მეტ ანალიტიკას.
კითხვაზე, რა შეფასებას მისცემს ხელისუფლების ოპონენტთა კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის და რამდენად მართებული იქნება, თუნდაც დღგ-ის მოხსნა თუ მოგების გადასახადის შემცირება ფასების გასაიაფებლად, ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა, რომ დღგ-ის და მოგების გადასახადის შემცირება-გაუქმებასთან დაკავშირებით არცერთი დაწერილი ანალიზი არ უნახავს.
„ეს ყველაფერი, რაც მე მომისმენია, არის დეკლამაციური ჟანრის მსახიობებისგან ნათქვამი სადღეგრძელოს რანგში. დაწერილი, თუ რას ნიშნავს ეს, რატომ არის ეს პრობლემა და ამ გადასახადის გაუქმებით და შემცირებით რა შედეგი დადგება,  გაანალიზებული ჯერ არ მინახავს. კაცმა რომ თქვას,  მგონი, დაწერილიც არ არის. ეს კომენტარები არის არასერიოზული, როდესაც ასეთ წინადადებას დააყენებ, ყველაფერი ეს დათვლადია და უნდა დაითვალოს. დავუშვათ, გავაუქმეთ დღგ, რომელიც არის თითქმის 35% მთლიანი ბიუჯეტის და საიდან მოგვაქვს ეს ბიუჯეტი მერე? მეორე, ეროვნულ ბანკს შეუძლია თუ არა ფასებზე ზემოქმედება? ეროვნული ბანკი არეგულირებს ფინანსურ ნაკადებს ქვეყანაში და მას ინფლაციაზე ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია, ამას აკეთებს და საკმაოდ წარმატებითაც. ინფლაციის ტემპით საქართველო მაინცდამაინც ლიდერებში არ არის ჩვენს სამეზობლოში. ამდენად, ეროვნული ბანკი თავისი მანდატის, ასე ვთქვათ, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, თავის საქმეს წარმატებით აკეთებს, მაგრამ უშუალოდ ფასების ზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, სხვა რამეა და ამას ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, ეს უნდა გააკეთოს კონკურენციის სააგენტომ და ეს არ უნდა იყოს კამპანიური რეჟიმი, ეს უნდა იყოს რუტინა 24-საათიან რეჟიმში“, – განაცხადა კაპანაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე მოხდება პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების განხილვა და კომისიის შექმნა, რომელიც სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.  მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფრაქციის მიერ უკვე დაინიცირებულია დადგენილების პროექტი დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
„იცით, რომ მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც სამივე საკითხს, როგორც პროდუქტზე, ისე მედიკამენტებსა და საწვავთან დაკავშირებით, შეისწავლის და გვექნება შესაძლებლობა, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების მეშვეობით, ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა, იქნება ეს მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლი ამ ბიზნესებისა, თავად მათგან მოვისმინოთ. ვხედავთ მათ განცხადებებს, რომ ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას, მიუთითებენ გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება დარეგულირდეს, შეიძლება საკანონმდებლო სახით, შეიძლება პრაქტიკაა შესაცვლელი, შეიძლება, მათ შორის, ცნობიერების მხრივ საზოგადოებამაც ამას ყურადღება მიაქციოს. ეს ყველაფერი იქნება საჯარო პროცესი, ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი. შესაბამისად, ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, შევძლებთ საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • იანვარი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *