
მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს საგარეჯოს კლინიკაში გადაუდებელი ღონისძიებები ჩაუტარდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრების აღსადგენად ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდა.
სარჯველაძის თქმით, ამჟამად თორნიკე რიჟვაძე იმყოფება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში და საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას.
„მოგეხსენებათ, გვიან ღამე შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ქირურგიული ოპერაცია იქვე, ადგილზე. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ეს წარმატებით მოხერხდა. შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პირველ კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც შემოყვანილი იქნა. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები აქვს ორგანიზმისთვის და, რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიებების ჩატარება სამედიცინო თვალსაზრისით. ვგულისხმობ, როგორც მკურნალობითი, აღდგენითი და ა.შ. ყველაფერი, რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უკლებლივ ყველაფერი უკეთდება ბატონ თორნიკეს.
ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, თავზარდამცემი, შეიძლება ასე ითქვას და ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს მიღებული აქვს ერთი ჭრილობა და დაზიანებულია მხოლოდ ფილტვი.
„პაციენტის მდგომარეობა, როგორც მოგახსენეთ, გახლავთ მძიმე. ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღების და განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის, განსაკუთრებული მკურნალობაა აუცილებელი, რათა ყველა რისკი, რომელიც ზოგადად არსებობს, იქნეს განეიტრალებული და, შესაბამისად, მოხდეს ზრუნვა ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე. ჭრილობას რაც შეეხება, ერთი ჭრილობა გახლავთ, საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ცეცხლსასროლი ჭრილობა. ამჟამად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიურად ხორციელდებოდეს მეთვალყურეობა ჯანმრთელობაზე და რელევანტური მოქმედებები ხორციელდებოდეს, რაც რეალურად უზრუნველყოფილია კლინიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.