
მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგას დაუდასტურა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართელოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე.
გარდა ამისა, ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საქართველო მოწოდებულია ხელი შეუწყოს მშვიდობის, სტაბილურობის, ნდობის დამკვიდრების პროცესს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგის, დიპლომატიისა და თანამშრომლობის გზით და მზად არის გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონის ქვეყნების სასიკეთოდ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. პირისპირ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს. საქართველო მტკიცედ ემხრობა მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხო გარემოს ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.