
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ ამ ეტაპისთვის გაძლიერებული ვართ, როგორც სახელმწიფო და ამას ხედავს ხალხი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველო, როგორც სახელმწიფო, ძლიერია.
პრეზიდენტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება დადო, რომ ის ყოველთვის იმოქმედებს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, რასაც დღემდე ერთგულად ასრულებს.
„ჩვენ ამ ეტაპისთვის გაძლიერებული ვართ როგორც სახელმწიფო და ამას ხედავს ხალხი, საქართველოს ხელისუფლება დღეს იქცევა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ნიშნული, რომლის ქვემოთ აღარ წამოვა არცერთი ხელისუფალი, იმიტომ, რომ ხალხი შეგნებით შეხვდა ამ ყველაფერს, გაიგო, რომ იძულებული იყო, სხვანაირად მოქცეულიყო ხელისუფლება და ამ არჩევნებში ეს დამტკიცდა – კვლავ მისცეს მას შესაძლებლობა, რომ მართოს ქვეყანა. ეს არის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ლეგიტიმაცია „ქართული ოცნებისთვის“, „ქართულმა ოცნებამაც“ დადო დაპირება, რომ ის ყოველთვის იმოქმედებს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ეს არის ნიშნული. რადგან ვმართავთ ქვეყანას ჩვენი ხალხის ლეგიტიმაციით და ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამის ზემოთ, ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ნებისმიერი საკითხი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.