
მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები დაესწრნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენმა საამაყო კალათბურთელებმა თავდადების, თავდაუზოგავი ვარჯიშის, ბრძოლის ჟინის კვალდაკვალ მიაღწიეს, გუნდური სულისკვეთებისა და ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარეობს. პრეზიდენტმა მათ მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა.
„მინდა გისურვოთ წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. ვიცი, ხვალიდან იწყება მომზადება. მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას. თქვენ მაგალითს აძლევთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მე ვიცი, თუ რამხელა შრომის ხარჯზე ხდება ამ შედეგების მიღწევა და როგორი განსაკუთრებულია ჩვენთვის, ამ პატარა ქვეყნისთვის, სპორტული შედეგები და ეს აისახება ნებისმიერი სფეროს განწყობაზე. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.