მკლავჭიდელებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს
By

მკლავჭიდელებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელობის აქტიურ საქმიანობას მიეწერება ის წარმატებები, რომლებიც რეგიონის სპორტსმენებმა მოიპოვეს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე. ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე, სპორტსმენები, არც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გმირებს ტოვებენ პატივგების გარეშე. სწორედ ხსოვნის ტურნირი გაიმართა ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სასახლის სპორტულ დარბაზში, რომელშიც ბათუმისა და აჭარის მუნიციპალიტეტების მკლავჭიდელების გარდა, თბილისელი, ქუთაისელი, ბორჯომელი, ზესტაფონელი, ახალქალაქელი, წყალტუბოელი, სოხუმელი სხვადასხვა ასაკის ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ.

სხვადასხვა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვაჟები და გოგონები ერთმანეთს მარცხენა და მარჯვენა მკლავის გადაწევაში შეეჯიბრნენ.

ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა. სპორტსმენებმა და გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ნათელ ხსოვნას. მათ მიესალმნენ აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე, მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი ორივე მკლავის გადაწევაში ჯამბულ ვიბლიანი, მსოფლიოს ჩემპიონი მარი ნოდია.

ტურნირის მონაწილე ვაჟებმა ჯერ მარცხენა მკლავის გადაწევაში სცადეს ბედი. წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ: გიორგი მუტაფიანი (ბორჯომი), ლუკა შაინიძე (ბათუმი), მიხეილ ხუციშვილი (ბორჯომი), ომარ ბერაძე (წყალტუბო), გიორგი ღვინჯილია (სოხუმი).

მარჯვენა მკლავის გადაწევაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში უძლიერესნი იყვნენ: ლუკა მიქავა (ბათუმი), დავით მიქაბაძე (ქუთაისი), გიორგი შოთაშვილი (ბორჯომი), იმედა შავაძე (ხულო), ანდრეი ფედელინოვი (ბათუმი), გოგონათა შორის ორივე მკლავის გადაწევაში კი სალომე ქორიძე (ბათუმი) და თამარ გოგიტიძე (შუახევი).

საპრიზო ადგილებზე გასულ მკლავჭიდელებს მედლები, საპატიო სიგელები, ხოლო პირველ ადგილებზე გასულებს თასები გადაეცათ. ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი კომპანია „აველიჯე საქართველო“ იყო.

 ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *