
მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის დაკავებული ლიდერები
„ქვეყანა დიქტატურისკენ მიექანება“, „კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს“ – ასეთ საპირისპირო პოზიციებზე დგანან ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობასთან დაკავშირებით.
აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის სხდომები, რაც მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო. სხდომაზე დაიკითხა ათობით ადამიანი, რამდენიმე კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს.
ეს პროცესი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებით დაიწყო. ოქრუაშვილს მიმდინარე წლის 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, იგი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, 22 მაისს კი პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც მისი ბედი გაიზიარა. მას მიმდინარე კვირაში საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
დაკავებულთა სიაშია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო მიმდინარე წლის 29 აპრილს შეეფარდა. პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 27 ივნისს გამოცხადდება.
ასევე, 13 ივნისს დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ მეორე ლიდერი ნიკა გვარამია. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, თუმცა გირაო არ გადაიხადა.
მიმდინარე კვირაში კვლავ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარტიის ოფისშივე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები დამნაშავედ ცნო – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასჯელის სახით 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. პოლიტიკოსებს, ასევე, აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
ამავე მიზეზით მიმდინარე კვირაში პარტიის ოფისში დააკავეს პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელსაც 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „ კოალიცია ცვლილებისთვის“ 5 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, „ლელოს“ მკაფიო პასუხი კი ჯერჯერობით არ ისმის. თუ პარტია არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მაშინ ეს ლიდერების გარეშე მოხდება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონის დაცვა აუცილებელია და ვინც კანონს უგულებელყოფს, სათანადოდ დაისჯება.
„პოლიტიკურია პატიმრობა, როდესაც უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებითა და მიზნებით იჭერენ ადამიანს. არ შეიძლება ასე ყველაფერზე ლაპარაკი, რომ პოლიტიკურია. ასეთი მარტივი არც ერთი საქმე არ ყოფილა – არგამოცხადება ისჯება კანონით. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? თუ თავად ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის, იმიტომ, რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის და ა.შ. ეს მათი საქმეა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების საკითხს აფასებს პრემიერი ირაკლი კობახიძეც. მისი განმარტებით, ციხემდე ზემოთ აღნიშნული ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“.
„როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. არ აღიარებენ, წავლენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“, მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ, ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად, არაფერი აინტერესებთ. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება, ამის გამო მოხვდე ციხეში, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტების ბედი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ოპოზიციას, მმართველი გუნდის ოპონენტები კვლავ ერთიანობაზე საუბრობენ.
„უნდა გავერთიანდეთ. მე გიორგი ვაშაძეს მინდა პირობა დავუდო, როგორც ყველა ჩვენს პატიმარს, ყველაფერს ვიზამთ ერთიანობისთვის, რომ ერთიანად დავამარცხოთ ეს სისტემა.
არანაირი ადგილი დღეს ჩვენი შიდაპოლიტიკური კინკლაობისთვის არ არსებობს! ერთიანობა არის ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებენ ნიკა, ნიკა, ზურა, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი, მამუკა ახლა უკვე გიორგიც და რაც მთავარია, იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და ამას ვიზამთ აუცილებლად“, – განაცხადა პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ბიძინა ივანიშვილის ძალისმიერ დამხობაზე საუბრობენ.
„ეს ადამიანი ერთადერთ შემთხვევაში დაიხევს უკან – თუ დავახევინებთ და დახევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ძალას დავუპირისპირებთ ძალას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ. უნდა მოხდეს ეროვნული, სახალხო მობილიზება, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს, მანამდე თუ მოხდება, კიდევ უკეთესი“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციონერების დაკავებას მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებაც.
„საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია.
ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და ბევრი სხვა დაკავებული იმსახურებენ თავისუფლებას, ახლავე“, – წერს სენატორი ჯინ შაჰინი X-ზე.
„ლელოს“ ლიდერებს სოლიდარობას უცხადებს პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია, რომელიც, მათგან განსხვავებით, ერთხელ უკვე მივიდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თუმცა თუ მეორედ არ მივა ჩორჩანის ეპიზოდის განხილვასთან დაკავშირებით, თავადაც დაპატიმრების კანდიდატი გახდება. გახარიას სხდომაზე 2 ივლისს ელოდებიან, მაგრამ გახარია საქართველოში ამ დროისთვის არ იმყოფება და მის პარტიაში არც იმას ამბობენ, თუ როდისთვის დაბრუნდება. გახარია კომისიას მის დისტანციურად გამოკითხვას სთავაზობს, რაზეც კომისია უარს აცხადებს.
მიმდინარე მოვლენებს და ოპოზიციის ლიდერების დაკავებას აფასებენ აჭარაში მოღვაწე პოლიტიკოსებიც.
„არავის გამოუგონია ახალი ველოსიპედი – საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა, ეს არის კანონდარღვევა და არამხოლოდ საქართველოში, ევროპულ ქვეყნებშიც ისჯება კანონის შესაბამისად, თუმცაღა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მიზანი და სურვილი იმ მცირერიცხოვანი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა, რომლებიც მხარს უჭერენ და ევროპა მხოლოდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად აკერიათ პირზე.
დიახ, კანონი ყველასთვის არის კანონი! დრამების დადგმას და პერსონების გმირებად წარმოჩენის ნაცვლად, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები.
მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციას ვიზიარებ, საგამოძიო კომისია უფრო ადრე უნდა შექმნილიყო და ყველას პასუხი უნდა ეგო ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ოპოზიციის ლიდერებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან დღეს სააკაშვილის დროინდელი ციხე აღარაა და არც გაუსაძლის პირობებში მოუწევთ ყოფნა“, – გვითხრა პარტია „ხალხის ძალისა“ და ბათუმის საკრებულოს წევრმა ნინო ცხვარაძემ.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გენო თებიძის თქმით კი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება ხალხის დაშინებას ემსახურება.
„ეს არის ჩვეულებრივი რუსული გეგმა, რითაც ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ და ამ ქვეყანაში მოკლან ის პროცესი, რასაც დემოკრატია ჰქვია. როდესაც იჭერ ადამიანს, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი და ქვეყანაში კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, უსინდისობაა. ბიძინა ივანიშვილი მის მოწინააღმდეგე ყველა ადამიანს ვერ ჩასვამს ციხეში, რადგან ამისთვის ციხეების რაოდენობაც არ ეყოფა. ჩვენ ორმაგი ჟინით, გაბრაზებითა და მონდომებით მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ეს ხელისუფლება ჩაირეცხოს“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში გენო თებიძემ.
თამარ ლამპარაძე
გალერეა




