„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია“
By

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია“

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი სამხედრო ოპერაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, რათა სასწრაფოდ აღდგეს ელექტროგადამცემი ხაზები.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გასულ კვირას კავშირი უკანასკნელ ელექტროენერგიის წყაროსთანაც გაწყდა და ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მეათე მსგავსი შემთხვევაა. ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობით, ეს ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი გათიშვაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას აფერხებს.

ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ ელექტროენერგიის გახანგრძლივებულმა გათიშვამ შესაძლოა ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემას საფრთხე შეუქმნას.

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია. რუსეთმა დაუყოვნებლივ, უპირობოდ და სრულად უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი და სამხედრო ტექნიკა ელექტროსადგურიდან და მთელი უკრაინიდან. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის კომპეტენტური და ლეგიტიმური ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ დაბრუნება პრობლემის ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტაა, რომელიც გლობალური შედეგების მქონე ბირთვული ავარიის რისკს მინიმუმამდე დაიყვანდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საგანგებო ენერგომომარაგების ერთ-ერთი დიზელის გენერატორმა ფუნქციონირება შეწყვიტა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ატომურ ელექტროსადგურზე ასეთი საგანგებო სიტუაცია აქამდე არასდროს ყოფილა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს საკითხი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბრისას განიხილა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან „შესაბამის რეაგირებას“ ელოდება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *