მოკლევადიანი სამუშაო უცხოელებისთვის გამარტივდება
საქართველოში უცხოელებს რიგ შემთხვევებში მიეცემათ შესაძლებლობა, პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი ნებართვების გარეშე განახორციელონ. ცვლილება შეეხება მხოლოდ მოკლევადიან საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და არ გულისხმობს ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხანგრძლივ დასაქმებას.
შესაბამისი ცვლილებები შედის „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში, რომლის ინიციატორებიც არიან მმართველი გუნდის დეპუტატები. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელს შეეძლება დროებითი ვიზიტის ფარგლებში იმუშაოს ნებართვების გარეშე, თუ საქმიანობა მოკლევადიანია და კონკრეტულ პროექტს, მომსახურებას ან ღონისძიებას უკავშირდება. ამ შემთხვევაში იგი არც შრომით იმიგრანტად და არც თვითდასაქმებულად არ ჩაითვლება.
მოკლევადიანი საქმიანობის ჩამონათვალსა და პირობებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
ცვლილებები ასევე, ამარტივებს რიგ სხვა შემთხვევებსაც – კანონით გათავისუფლდება გარკვეული ტიპის სამუშაოები, მათ შორის: საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებში საქმიანობა, დისტანციური მუშაობა უცხოეთიდან, ასევე, არარეზიდენტი პირისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევა და აუდიტისა თუ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობა კონკრეტულ კომპანიებში.
ინიციატორების განმარტებით, ცვლილებების მიზანია ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოელი სპეციალისტის მონაწილეობა მოკლევადიან და ერთჯერად პროექტს უკავშირდება. მათი შეფასებით, არსებული რეგულაციები ასეთ შემთხვევებში ზედმეტად რთულია და აფერხებს ეკონომიკურ პროცესებს, ამიტომ ახალი მიდგომა სისტემას უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის.