
„მოლდოვის მომავალი ევროპაშია“ – მაია სანდუს პარტია ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა
ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა. ინფორმაცია მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. მათივე ცნობით, მეორე ადგილს, ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის ხელმძღვანელობით, პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 24.26 პროცენტით. ბარიერი გადალახა და 7.99 პროცენტით მესამე ადგილზე საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ გავიდა.
„მოლდოვის მომავალი ევროპაშია!“ – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს. მისივე განცხადებით, „ამ ისტორიული წინგადადგმული ნაბიჯით, მოლდოველმა ხალხმა დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზა აირჩია. მათ ევროპა აირჩიეს, ევროპა მოლდოვაა, მოლდოვა ევროპაა“.
„რუსული დივერსია, მუდმივი დეზინფორმაცია – ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვა ეფექტურად იცავდა თავს საფრთხეებისგან ყველასთან ერთად, ვინც დახმარება გაუწია. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს მოლდოვას. გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. გამოწვევების ერთობლივად დაძლევას და ისეთი მომავლის აშენებას, სადაც ჩვენს ხალხებს ექნებათ ძლიერი პერსპექტივები – უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში და შესაბამისად, სოციალურ ცხოვრებაში“, – დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სოციალურ პლატფორმა X-ზე, მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს ასევე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი მოლდოვისთვის ღიაა.
„მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას.
შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა, დემოკრატია, თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენს გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლდოვას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პარიზი ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიშინეუს გვერდით დგას.
„ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვის მოქალაქეების არჩევანი მტკიცედ დადასტურდა. საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას ევროპულ პროექტში, ასევე, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა.