მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, განცხადებების რაოდენობა 75%-ით არის გაზრდილი
By

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, განცხადებების რაოდენობა 75%-ით არის გაზრდილი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სააგენტოში 190 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 524 შეადგინა.
შემოსული განცხადებების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 75%-ით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 217%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 13 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 20 საქმეზე. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ექვს მოვაჭრეს 13 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში, 34 185 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 10 საქმეზე ცხრა შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად, ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას დიდი წილი, 77%, თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები: აჭარა – 4%, ქვემო ქართლი – 4%, იმერეთი – 3%, კახეთი – 3%, სამცხე-ჯავახეთი – 3% და სხვ.

მიმდინარე წლის ერთი თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 70 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე – 49, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე – 41, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 9, ხოლო სხვა დანარჩენზე – 21. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 65%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება – 13%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 3%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები – 19%-ს. აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • თებერვალი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *