მოსამართლემ დავით ტაბიძეს 300 000 ლარის გირაო შეუფარდა
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 300 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეს, რაზეც დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები. აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.