მოსახლეობის წინადადებებისა და სურვილების პასუხად
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში 628 ათასი ლარია მობილიზებული. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ტაკიძე, საკრებულოს წევრები გურამ ზოიძე, გია დავითაძე, ედუარდ გოგრაჭაძე დაბა შუახევისა და ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ.
თვითმმართველობის ხელმძღვანელების ორგანიზებითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 54 სოფელსა და დასახლებულ უბანში იმართება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის მიერ შერჩეული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძემ დაბა შუახევისა და ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს, ადგილობრივების წინადადებები მოისმინეს. განისაზღვრა ის პრიორიტეტები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
– მოსახლეობასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, შერჩეული პროექტები წარედგინება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად და უახლოეს პერიოდში დაიწყება განხორციელება, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
ცოტნე ცაბაძე