
მოცვის ბაღი დაათვალიერეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, ფერმერ როდამ ოქროპირიძის მოცვის ბაღი დაათვალიერეს და კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, სამრეწველო ბაღების გაშენებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ფერმერს დაუფინანსდა 3300 ძირი მოცვის ნერგი, რომელიც 1 ჰა-ზე გააშენა. ასევე, 14 ჰა ფართობზე პროექტი ,,დანერგე მომავლის’’ ფარგლებში დაუფინანსდა 55 000 ძირი ლურჯი მოცვის ნერგი.
როდამ ოქროპირიძეს ბაღში 50 ადამიანიანი ჰყავს დასაქმებული. სეზონზე 30 ტონა მოსავლის აღებას ვარაუდობს. მოწეული პროდუქცია სარეალიზაციოდ საექსპორტოდ იგზავნება და ადგილობრივ ბაზარსაც ამარაგებს.
ფერმერს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს `სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის~ პროგრამის ფარგლებში, დაუფინანსდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 30-ტონიანი სამაცივრე მეურნეობა არასეზონური პროდუქციის სათანადოდ შენახვა-რეალიზაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მემცენარეობის მიმართულების განვითარების პროგრამების ფარგლებში, 70 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა ლურჯი მოცვი, რომლითაც ისარგებლა 1200-ზე მეტმა ბენეფიციარმა.
სულ, აჭარის მასშტაბით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში 185 ჰა ფართობზეა გაშენებული ლურჯი მოცვი.
მოცვის კრეფის პროცესში აგრეთვე ჩაერთნენ, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ჭყონია, ზაალ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე. მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, ქობულეთის მუნიპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები.
გალერეა


